Location via proxy:   [ UP ]  
[Report a bug]   [Manage cookies]                
შინაარსზე გადასვლა

დიდაქტიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან დიდაქტიკური მეთოდი)

დიდაქტიკა (ძვ. ბერძნ. διδακτικός – დამრიგებლობითი) — პედაგოგიკის დარგი, რომელიც მეცნიერულად ამუშავებს სწავლებისა და განათლების თეორიას.

ტერმინი „დიდაქტიკა“ პირველად შემოიღო გერმანელმა პედაგოგმა ვოლფგანგ რატკემ (1571–1635), რომელიც თავის თავს დიდაქტიკოსს უწოდებდა. სწავლებისა და განათლების თეორიის პირველი მწყობრი მეცნიერული სისტემის შემქმნელად აღიარებულია ჩეხი მეცნიერი იან კომენსკი, რომლის შეხედულებებიც შემდგომ განავითარეს პროგრესულმა პედაგოგებმა ი. ჰ. პესტალოციმ (შვეიცარია), ა. დისტერვეგმა (გერმანია), რუსეთში — კ. უშინსკიმ, საქართველოში — ი. გოგებაშვილმა.

დიდაქტიკის სახეები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სკოლამდელი დიდაქტიკა სკოლამდელი ასაკის ბავშვთა შემეცნებითი უნარისა და ჩვევის ფორმირება-განვითარების თეორიაა. იგი მოიცავს სკოლამდელთა ქცევის ძირითადი ფორმის — თამაშის — მეცნიერული მეთოდიკის საკითხებს, აგრეთვე სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ყოველმხრივი განვითარების კონკრეტულ გზებსა და საშუალებებს.

სასკოლო დიდაქტიკის სფერო მეტად ფართოა. ის შეისწავლის ამ ასაკის მოსწავლეთა ქცევის ძირითადი ფორმის დიდაქტიკა სწავლის, აგრეთვე სწავლების კანონზომიერებებს ასაკობრივი საფეხურების (უმცროსი, საშუალო და უფროსი) მიხედვით, განსაზღვრავს სწავლებისა და განათლების შინაარსს, პრინციპებს, მეთოდებს, ორგანიზაციის ფორმებს და ა. შ.

უმაღლესი სკოლის დიდაქტიკა შედარებით ახალი დარგია. იგი შეისწავლის უმაღლესი განათლების ზოგადი ხასიათის საკითხებს: სასწავლო გეგმების, პროგრამების, სახელმძღვანელოების აგების პრინციპებს; სასწავლო მუშაობის ფორმებს (ლექცია, სემინარი, პრაქტიკულ-ლაბორატორიულ მუშაობას, დამოუკიდებელი მუშაობას, სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევით მუშაობა და სხვ.) და მეთოდები.

სწავლებისა და განათლების საკითხების დამუშავებისას დიდაქტიკა ემყარება სწავლებისა და აღზრდის განუყოფლობის ზოგად პედაგოგიურ პრინციპს. სწავლებისა და განათლების დიდაქტიკური პრინციპებია: ცოდნის სისტემატურობა და სწავლების თანამიმდევრობა, შეგნებულობა და აქტიურობა, თვალსაჩინოება, მისაწვდომობა და მოსწავლისადმი ინდივიდუალური მიდგომა, ცოდნა-ჩვევების მტკიცედ შეთვისება.

დიდაქტიკური მეთოდი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდაქტიკის პრინციპები ეფუძნება სწავლების დიდაქტიკურ მეთოდს. დიდაქტიკური მეთოდით მიწოდებული ინფორმაცია უნდა იყოს ნათელი და პასუხობდეს შემდეგ კითხვებს: რა, რატომ და სად? ამ დროს მოსწავლისთვის ნათელია სასწავლო მიზნები, მან იცის, როდის ითვლება მიზანი მიღწეულად. მასწავლებელს ცნების ასახსნელად მოჰყავს მაგალითები, ამყარებს კავშირს ახალ და ძველ ცნებებს შორის. ინფორმაციის გაცვლის პროცესში მოსწავლე და მასწავლებელი - ორივე მონაწილეობს და ერთად აგებს ახალ ცოდნას. ქვემოთ მოყვანილია ამ მეთოდის გამოყენების მაგალითები გაკვეთილზე:

  • მასწავლებელი ხაზს უსვამს იმას, რაც, მისი აზრით, მნიშვნელოვანია მოცემულ მასალაში (ან გაკვეთილზე);
  • მასწავლებელი გადასცემს ინფორმაციას, რათა წაახალისოს მოსწავლეთა აზროვნება მოცემულ საკითხებზე;
  • მასწავლებელი, საკუთარი მოსაზრებების გარდა, განიხილავს სხვების მოსაზრებებსაც;
  • მასწავლებელს მოჰყავს მრავალი მაგალითი ახალი ცნების ახსნისას;
  • მასწავლებელი იყენებს შესაბამის საკლასო აქტივობებს (სადემონსტრაციო ცდა, სახელმძღვანელოსა ან დამატებითი მასალების გამოყენება), რომ მოსწავლეებმა ისწავლონ ან განიმტკიცონ ახსნილი მასალა;
  • მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, რომ გაიხსენონ გაკვეთილის მთავარი საკითხები, ფაქტები, მოვლენები;
  • მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეს, რომ თავისი სიტყვებით გადმოსცეს წაკითხული ან მოსმენილი ინფორმაცია.