აგიტპროპი
აგიტ-პროპი (რუს. агитпроп) — აგიტაცია-პროპაგანდა. ტერმინი გაჩნდა ბოლშევიკურ რუსეთში (მომავალ საბჭოთა კავშირში), სადაც იგი აგიტაციისა და პროპაგანდის განყოფილების შემოკლებულ სახელად გამოიყენებოდა, რომელიც თავის მხრივ საბჭოთა კავშირის კომპარტიის ცენტრალური და რეგიონული კომიტეტების ნაწილი იყო. მას მოგვიანებით იდეოლოგიური განყოფილება დაარქვეს.
ტერმინს "პროპაგანდა" რუსულ ენაში რაიმე ნეგატიური ქვეტექსტი იმ დროს არ გააჩნდა. ის უბრალოდ ნიშნავდა "იდეათა გავრცელებას". აგიტპროპის შემთხვევაში გასავრცელებელი იდეები კომუნიზმის შესახებ იყო, რაც საბჭოთა სახელმწიფოსა და კომპარტიის პოლიტიკას მოიცავდა. სხვა კონტექსტში პროპაგანდა შეიძლება ნიშნავდეს ნებისმიერი სახის სასარგებლო ცოდნას, მაგ. ახალ მეთოდებს სოფლის მეურნეობაში. "აგიტაცია" ნიშნავდა ხალხისთვის მოწოდებას გაეკეთებინათ ის, რასაც მათგან საბჭოთა ლიდერები მოითხოვდნენ. სხვა სიტყვცებით, პროპაგანდა გონებაზე ახდენდა გავლენას, მაშინ როდესაც აგიტაცია ემოციებზე იყო გათვლილი, თუმცა ორივე როგორც წესი ერთდროულად მიმდინარეობდა, რამაც დასაბამი მისცა კლიშეს "აგიტ-პროპი".
დასავლურ სამყაროში აგიტ-პროპს ნეგატიური კონოტაცია აქვს. გაერთიანებულ სამეფოში 1980-იან წლებში პოლიტიკური ნომენკლატურის სოციალისტურ ელემენტებს ხშირად აბრალებდნენ აგიტ-პროპს სატელევიზიო პროგრამებით, თეატრითა თუ საბავშვო წიგნებით ულტრამემარცხენე იდეების გავრცელების მიზნით. უფრო ზოგადად, სატელევიზიო მულტფილმიც კი შეიძლება ჩაითვალოს აგიტ-პროპად, თუ მასში რაიმე სათამაშოს გაყიდვის მარკეტინგის ელემენტია ჩადებული.
ამ ტერმინით თანამედროვე რუსულ ენაში აღწერენ მასმედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თუ ის პრო-სამთავრობოდ მოიაზრება.