ანტონ ჰარაპი
ანტონ ჰარაპი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
5 იანვარი, 1888 შკოდერი |
გარდაცვალების თარიღი |
20 თებერვალი, 1946 ტირანა |
გარდაცვალების მიზეზი | დახვრეტა |
მოქალაქეობა |
ალბანეთი ოსმალეთის იმპერია |
ალმა-მატერი | შკოდერის კათოლიკური სემინარია |
რელიგია | კათოლიციზმი |
ანტონ ჰარაპი (ალბ. Anton Harapi, დ. 5 იანვარი, 1888, შკოდერი – გ. 20 თებერვალი, 1946, ტირანა) – ალბანელი კათოლიკე მღვდელი, განმანათლებელი, ლექტორი, პუბლიცისტი, პოლიტიკური მოღვაწე და ფრანცისკანელთა სამონასტრო ორდენის წევრი. ალბანეთში კომუნისტური რეჟიმის პირველ წლებში სიკვდილით დასაჯეს ღერძთან თანამშრომლობის გამო.[1]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაწყებითი განათლება ფრანცისკანურ სკოლაში მიიღო. 1904 წელს შეუერთდა ფრანცისკანელთა სამონასტრო ორდენს. 1909 წლის თებერვალში მან სამონასტრო აღთქმა დადო, რის შემდეგაც სწავლა შკოდერის კათოლიკურ სემინარიაში გააგრძელა. 1910 წლის 29 ივნისს აკურთხეს მღვდლად. უმაღლესი განათლება მიიღო რომში, ვენასა და ზალცბურგში.
მსახურობდა ჩრდილოეთ ალბანეთის სხვადასხვა კათოლიკურ სამრევლოში. 1918 წლიდან მონტენეგროს საზღვართან მდებარე სოფელ გრუდაში ეწეოდა სოციალური საქმიანობას.
1920-1924 წლებში ანტონ ჰარაპი თანამშრომლობდა გერგე ფიშტასთან და ლუიდე გურაკუჩისთან. იგი მხარს უჭერდა მათ პოლიტიკურ და საპარლამენტო საქმიანობას. 1925 წელს ანტონმა დატოვა პოლიტიკური მოღვაწეობა და თავისი საქმიანობა ფრანცისკანელთა ორდენში გაწევრიანების მსურველთა განათლებას მიუძღვნა. პარალელურად აქვეყნებდა ფილოსოფიურ და პედაგოგიურ სტატიებს პოლიტიკურ-კულტურულ ჟურნალში „Hylli i Dritës“. 1923-1931 წლებში იყო შკოდერის ფრანგული სკოლის დირექტორი. 1942 წელს გახდა აღნიშნული ჟურნალის მთავარი რედაქტორი.
1943 წლის ალბანეთის გერმანული ოკუპაციის შემდეგ, საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ჰერმან ფონ ნოიბახერმა მიმართა ალბანელ ინტელექტუალთა ჯგუფს, რომლებიც ადრე ავსტრიის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობდნენ, მიეღოთ მონაწილეობა ახალი ადმინისტრაციული სტრუქტურების ორგანიზებაში. 1943 წლის ბოლოს შეიქმნა ე.წ. „რეგენტული საბჭო“, რომელიც წარმოადგენდა ალბანეთის ოთხ რელიგიურ თემს. ალბანელ კათოლიკეებს წარმოადგენდა ანტონ ჰარაპი, რომელიც რეგენტული საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს. 1944 წლის ივნისში ის თანამდებობიდან გადადგა. მას შემდეგ, რაც გერმანიის საოკუპაციო ძალებმა ალბანეთის დატოვება დაიწყეს, ჰერმან ფონ ნოიბახერმა ანტონს ალბანეთის დატოვება და საკუთარი თვითმფრინავი შესთავაზა. მან უარი თქვა შეთავაზებაზე და ტირანაში დარჩა.
1945 წელს დააპატიმრეს, ხოლო 1946 წლის 14 იანვარს სამხედრო სასამართლომ, რეგენტული საბჭოს სხვა წევრებთან, ლეფ ნოსთან და მალიქ ბეი ბუშათთან ერთად, სიკვდილით დასაჯა საოკუპაციო ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის. გენერალურმა პროკურორმა სასჯელის აღსრულება და მსჯავრდებულის მთელი ქონების კონფისკაცია ბრძანა. ანტონ ჰარაპი 1946 წლის 15 თებერვალს დახვრიტეს ტირანაში, ქალაქის სასაფლაოს კედლებთან და უცნობ საფლავში დაკრძალეს.
ნაშრომები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ანტონი წერდა ალბანელი ხალხის კულტურის შესახებ. შექმნილი აქვს რამდენიმე ფილოსოფიური და პედაგოგიური ნაშრომი, რომელთაგან ზოგიერთი მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გამოიცა.
- «Edukata ose mirerritja e femijeve» (1925)
- «Vlerë shpirtërore» (1935)
- «Andrra e prêtashit: kontribut për kulturën shqiptare» (1959)
- «Valë mbi valë» (2003)
- «Vlerë shpirtërore: kontribut për trajtimin mendor të shqiptarit» (2003)
- «Shqyptari dhe bota e tij» (2003).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Hasan Hasani: Leksikoni i shkrimtarëve shqiptarë 1501—2001. Shtëpia Botuese Faik Konica, Prisztina: 2003.
- Markus Peters: Geschichte der Katholischen Kirche in Albanien 1919—1993. Harrassowitz Verlag, Wiesbaden: 2003. ISBN 3-447-04784-4.
- Zef Simoni red.: Martirizimi i Kishes Katolike Shqiptare 1944—1990. Szkodra: 1993.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Ramet, Sabrina P. (1990). Catholicism and Politics in Communist Societies, Christianity under stress. Duke University Press, გვ. 241. ISBN 9780822310105.