ბიმეტალი
ბიმეტალი (ბი... და მეტალი), ორლითონი — სხვადასხვაგვარი ლითონის (ან შენადნობის) ორი შრისაგან შემდგარი მასალა (მაგ., ფოლადი და ალუმინი, ფოლადი და ნიობიუმი, ალუმინი და ტიტანი, ტიტანი და მოლიბდენი). ბიმეტალს იყენებენ კონსტრუქციების სიმტკიცისა და მხურვალმედეგობის გასადიდებლად და მათი მასის შესამცირებლად ან სპეციალური თვისებების მასალად, მაგ., ელექტრო- და რადიოტექნიკაში ზოგჯერ შედარებით იაფი მასალისაგან (ფოლადი, ალუმინი) დამზადებული სადენების ზედაპირს ფარავენ სპილენძით ან ვერცხლით, რაც აუმჯობესებს სადენების გამტარობას. ბიმეტალის შრეებს გაფართოების სხვადასხვა უნარი აქვს. ამ თვისების გამო მას ფართოდ იყენებენ ხელსაწყოთმშენებლობაში (ბიმეტალური თერმომეტრების, ტემპერატურის სარეგულირებელი და სხვა ხელსაწყოების დამზადებისას); მანქანათმშენებლობაში ბიმეტალისაგან ამზადებენ მანქანებისა და მექანიზმების დეტალებს (მაგ., საკისრის მილისებს).[1]
ბიმეტალს ამზადებენ უმთავრესად სხვადასხვა ლითონის ორი ნამზადის ერთდროული გაგლინვით (ან დაწნეხით). გავრცელებულია მისი მიღების სხვა ხერხებიც (ადვილდნობადი ლითონის ჩასხმა ძნელდნობად ლითონში; ძნელდნობადი ლითონის ჩაყურსვა გამდნარ ადვილდნობად ლითონში; ძნელდნობადი ლითონის დაფარვა ძვირფასი ლითონის შრით; სალი შენადნობის დადუღება ფოლადზე).[1]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბიმეტალი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 ბიმეტალი // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 373.