Location via proxy:   [ UP ]  
[Report a bug]   [Manage cookies]                
შინაარსზე გადასვლა

ესერები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია
Па́ртия социали́стов-революционе́ров
სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია
ესერების პარტიის ემბლემა რუსეთის დამფუძნებელი კრების არჩევნებისთვის 1917 წელს.
სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია
ესერების დროშა დევიზით: „ბრძოლაში მოიპოვებ შენს სიმართლეს“ (რუს. Въ борьбѣ обрѣтешь ты право свое!)
ქვეყანა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
ხელმძღვანელობა
ლიდერი ვიქტორ ჩერნოვი
ისტორია
დამფუძნებელი ვიქტორ ჩერნოვი
დაფუძნდა 1902
დაიშალა 1923
პოზიციები
იდეოლოგია აგრარული სოციალიზმი დემოკრატიული სოციალიზმი ნეოხალხოსნობა ფედერალიზმი
პოლიტიკური პოზიცია მემარცხენე
შტაბ-ბინა მოსკოვი

ესერები, სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია (რუს. Партия социалистов-революционеров, შემოკლებით — СР, წარმოითქმის, როგორც ესერი) — წვრილბურჟუაზიული პარტია რუსეთში (1901-1923).

აღმოცენდა 1901-1902 წლების მიჯნაზე, ხალხოსანთა ჯგუფებისა და წრეების გაერთიანების შედეგად. პარტიის ლიდერები იყვნენ: ვ. ჩერნოვი, ნ. ავქსენტიევი, გ. გერშუნი, ა. გოცი, ე. აზეფი, ბ. სავინკოვი და სხვა. პარტია მუშაობდა არალეგალურად. მისი პროგრამა (ავტორი ვ. ჩერნოვი) გამოქვეყნდა გაზეთ „რევოლიუციონნაია როსიის“ 1904 წლის 18(5) მაისის ნომერში და დამტკიცდა ესერების პარტიის I დამფუძნებელ ყრილობაზე 1905 წლის 29 დეკემბერი — 1906 წლის 4 იანვარს ფინეთში.

კლასობრივი შინაარსით ესერების პარტია იყო ქალაქისა და სოფლის წვრილი ბურჟუაზიული პარტია.ესერები წარმოადგენდნენ ბურჟუაზიულ დემოკრატიულ მარცხენა ფრთას. თეორიულად ისინი ეკლექტიკურად აერთიანებდნენ მარქსისტულ დებულებებს. არ განასხვავებდნენ პროლეტარიატსა და წვრილ მესაკუთრეებს, უარყოფდნენ პროლეტქრიატის ხელმძღვანელ როლს ბურჟუაზიულ-დემოკრატიულ რევოლუციაში და პროლექტარიატის დიქტატურის იდეას. პოლიტიკურ სფეროში მოითხოვდნენ დემოკრატიული რესპუბლიკის დამყარებას ფედერალურ საწყისებზე, საყოველთაო საარჩევნო უფლებას, სიტყვის, სინდისის, კრებებისა და კავშირების თავისუფლებას, ეკლესიის გამოყოფას სახელმწიფოსგან, საყოველთაო განათლების უფლებას, მუდმივი არმიის გაუქმებას, 8 საათიან სამუშაო დღეს, სოცდაზღვევას, სახელმწიფოსა და მეპატრონეთა ხარჯზე პროფკავშირების შექმნას და ა. შ. აგრარულ სფეროში მიაჩნდათ, რომ უნდა მომხდარიყო „მიწის სოციალიზაცია“ და გადასცემოდა საზოგადოებრივი სარგებლობისათვის დემოკრატიულ პრინციპებზე ჩამოყალიბებულ ტერიტორიულ კავშირებს და თემებს.

1905-1907 წლების რევოლუციის დროს ესერების აგრარული ლოზუნგი იყო მიწაზე კერძო საკუთრების გაუქმება და სხვა დემოკრატიული მოთხოვნები, რამაც გარკვეულ ეტაპზე დიდი გავლენა მოახდინა გლეხთა მასებზე.

ესერები აღიარებდნენ მასობრივი მოძრაობის მნიშვნელობას და ზოგჯერ თვითონაც მონაწილეობდნენ ასეთ მოძრაობაში, მაგრამ ცარიზმთან ბრძოლის მთავარ იარაღად ინდივიდუალური ტერორი მიაჩნდათ. მათ შექმნეს ტერორისტული „მებრძოლი ორგანიზაცია“, რომელსაც სათავეში ედგა ჯერ გერშუნი, 1903 წლიდან აზეფი, 1908 წლიდან — სავინკოვი. ესერების ტერორისტული საქმიანობა ზიანს აყენებდა რევოლუციურ მოძრაობას, რის გამო რსდმპ II და III ყრილობებმა თავის გადაწყვეტილებებში დაგმეს იგი.

1906 წელს ესერებს პარტიაში შექმნილი სერიოზული უთანხმოების გამო მას გამოეყო მემარჯვენე ნაწილი, ე. წ. „შრომის სახალხო-სოციალისტური პარტია“, რომელიც ახლოს იდგა კადეტებთან. ამ პარტიიდან გამოვიდნენ ნახევრად მონარქისტი „მაქსიმალისტები“, რომელთა მოღვაწეობის საფუძველს შეადგენდა ტერორი და ექსპოპრიაცია.1908-1910 წლებში სტოლიპინის რეაქციის დროს ესერები სრულ იდეურ და ორგანიზაციულ რღვევას განიცდიდნენ. პირველი მსოფლიო ომის დროს ესერების პარტიის წევრთა უმრავლესობამ უარი თქვა რესპუბლიკის პროგრამაზე. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ესერები გააქტიურდნენ, მენშევიკებთან ერთად მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოებში, მხარს უჭერდნენ დროებით მთავრობას, სადაც შედიოდა მათი რამდენიმე წარმომადგენელი. რევოლუციის განვითარებასთან ერთად ესერები გადაიცნენ კონტრრევოლუციურ ძალად.

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ესერების პარტიაში კიდევ უფრო გაღრმავდა განხეთქილება. 1917 წლის დეკემბერში გამოეყო მემარცხენე ფრთა და შექმნა დამოუკიდებელი პარტია. გლეხობაში გავლენის შენარჩუნების მიზნით დაიწყეს თანამშრომლობა ბოლშევიკებთან და ნოემბერში შევიდნენ სახკომსაბჭოში, მაგრამ ბრესტის ზავის დადების შემდეგ დატოვეს აღნიშნული ორგანო, დაუკავშირდნენ მემარჯვენე ესერებს და დაიწყეს ბრძოლა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. 1918 წელს მოაწყვეს ამბოხებები მოსკოვში, იაროსლავში, რიბინსკსა და სხვა ქალქებში. 1918 წლის 9 ივლისის საბჭოების სრულიად რუსეთის v ყრილობამ გარიცხა ისინი მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოებიდან. 20 ივნისს მათ მოკლეს ვ. ვოლოდარსკი, 30 აგვისტოს — მ. ურიცკი, იმავე დღეს მემარჯვენე ესერმა ქალმა ფ. კაპლანმა მძიმედ დაჭრა ვ. ლენინი.

1918 წლის ივნისში ესერებმა სამარაში შექმნეს კონტრრევოლუციური მთავრობა — დამფუძნებელი კრების წევრთა კომიტეტი, ციმბირში — „დასავლეთ ციმბირის კომისარიატი“. მოაწყვეს ამბოხებები ვოლგისპირეთში, ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში. 1918-1920 წლებში სამოქალაქო ომის დროს აქტიურად იბრძოდნენ საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. ომის დასრულების შემდეგ პარტია საბოლოო დაიშალა. მისი ხელმძღვანელების ნაწილი დააპატიმრეს, ნაწილი ემიგრაციაში გაემგზავრა, ნაწილი კი ჩამოშორდა კონტრრევოლუციურ მოძრაობასთან და 1920 წლის სექტემბერ-ოქტომბერში შეუერთდა რუსეთის კპ (ბ)-ს.

საქართველოში XIX საუკუნის 90-იანი წლების II ნახევარში არსებობდა მცირერიცხოვანი ნეოხალხოსნური წრეები, რომელთა ბაზაზე 1901 წელს თბილისში შეიქმნა ესერების ორგანიზაცია. საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა დამოუკიდებელი პარტია 1918 წლის ივნისში შეიქმნა.