იდიში
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
იდიში — ებრაული და სლავური ელემენტების მქონე დასავლეთგერმანული ენა. იდიში დღემდე გამოიყენებს ებრაულ დამწერლობას.
სიტყვა იდიში წარმოდგება აღმოსავლური იდიშიდან; jidisch [ייִדיש] – ასე წერდნენ ამ ფორმას უწინ, თუმცა არსებობდა მისი მართლწერის ალტერნატიული ფორმაც და კერძოდ „jüdisch“, რომელსაც თვითონ გერმანელები გამოიყენებდნენ და იგი შეიძლება ითარგმნოს როგორც „იუდეველური“. ეს სიტყვა-ფორმა XIX საუკუნეში ისესხა ინგლისურმა ენამ, მაგრამ მისი ინგლისურში გადატანა ამ ენის ფონეტიკური წესების მიხედვით (yiddish) მოხდა. მოგვიანებით, XX საუკუნეში კი ეს ინგლისურად გაფორმებული სიტყვა ისევ დაუბრუნდა გერმანულსა და საერთოდ, ევროპის მრავალ ენას და დღეს სხვადასხვა ვარიანტებად გვხვდება.
იდიში აშქენაზთა განსახლების ძირითად არეალში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იდიშის მართლწერა ამ ენაზე მოსაუბრე ებრაელთა ძირითადი განსახლების არეალში სხვადასხვაგვარია, მაგრამ სიტყვის ოეპია დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისაგან; ინგლისურად წერენ Yiddish (language)-ს, გერმანულად – jiddisch-ს, პოლონურად – Jidysz-ს, ბელარუსულად – Ідыш-ს, ჩეხურად – Jidiš-ს, რუსულად – Идиш-ს, სერბულ-ხორვატული ენის კირილურ ვარიანტზე – Јидиш-ს, ხოლო ლათინურზე კი წერენ Jidiš-ს.
ისტორიულად არსებული ფორმებია აგრეთვე „ტაიჩი“, „იდიშ-ტაიჩი“, რომლებიც ייִדיש־טײַטש-ისაგან მომდინარეობს და მისი მნიშვნელობა უნდა ყოფილიყო სახალხო ენა, გერმანულ-იუდეველური, სახალხო-იუდეველური, ან კიდევ სახალხო-ებრაული ენა. სიტყვა „ტაიჩი“ კი თავისი ჟღერადობით ძალიან ჰგავს „დოიჩს“, რომელიც თავის მხრივ „გერმანელს“, ან „გერმანულს“ ნიშნავს.
სიტყვა „დოიჩის“ ეტიმოლოგიისათვის, იხილეთ ქვემოთ ვრცლად;
ფორმა იდიში პირველად განვითარებულ შუა საუკუნეებში გვხვდება. ეს ენა ძალიან ახლო დგას გერმანულ ენასთან, განსაკუთრებით კი სამხრეთ გერმანულ დიალექტებთან. იდიშზე მოლაპარაკეთა რიცხვი დღესდღეობით 3 მილიონ კაცს ითვლის და მას ძირითადად ხასიდი ებრაელები გამოიყენებენ ურთიერთსაკომუნიკაციოდ. ჰოლოკოსტამდე 12 მილიონი კაცი მიიჩნევდა ამ ენას მშობლიურად უმეტესწილად ევროპის აღმოსავლეთ და ცენტრალურ აღმოსავლეთში.
იდისტიკა – სამეცნიერო-კვლევითი დისციპლინა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იდიშური ენის, ლიტერატურისა და კულტურის კვლევით დაკავებულია იდისტიკა, რომელსაც შეისწავლიან გერმანიისა (მაგ. ქალაქ ტრირის უნივერსიტეტში) და ავსტრიის მრავალ უნივერსიტეტში.
ტრირის უნივერსიტეტში, ე.წ. მეორე განყოფილებაზე იდისტიკას გამოყოფილი აქვს ცალკე ქვეგანყოფილება. სტუდენტებს სურვილისამებრ შეუძლიათ აირჩიონ გერმანისტიკის აქ არსებული სამი სასწავლო-სამეცნიერო დარგიდან (გერმანისტიკული ენათმეცნიერება, გერმანისტიკული ლიტერატურათმცოდნეობა, ძველი გერმანული ფილოლოგია) ერთ-ერთი და დამატებით დასპეციალდნენ იდიშში. ტრირელი იდისტები ეწევიან აქტიურ სამეცნიერო-კვლევით მუშაობას.