Location via proxy:   [ UP ]  
[Report a bug]   [Manage cookies]                
შინაარსზე გადასვლა

იუვენტუსი (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იუვენტუსი
Juventus
სრული სახელი საფეხბურთო კლუბი იუვენტუსი
მეტსახელი ბებერი ქალბატონი, ბიანკონერი, "მკვლელი ქალბატონი"
დაარსდა 1 ნოემბერი, 1897; 127 წლის წინ (1897-11-01)
სტადიონი იუვენტუსის სტადიონი
ტურინი, იტალია
(ტევადობა: 41,000 მაყურებელი)
პრეზიდენტი იტალიის დროშა ანდრეა ანიელი
მწვრთნელი იტალიის დროშა მასიმილიანო ალეგრი [1]
კაპიტანი იტალიის დროშა ლეონარდო ბონუჩი
ლიგა სერია A
2023–24 მე-3 ადგილი
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

იუვენტუსი (იტალ. Juventus, ლათ. iuventus, gioventù: ახალგაზრდა), შემოკლებით იუვე — იტალიური საფეხბურთო კლუბი ტურინიდან. დაარსებულია 1897 წელს, ტურინის ლიცეუმის სტუდენტთა ჯგუფის მიერ, როგორც სპორტული კლუბი იუვენტუსი. ისტორიის უდიდესი ნაწილი „იუვეს“ გატარებული აქვს იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში (1929 წლიდან სერია A), გამონაკლისი იყო მხოლოდ 2006-07 სეზონი.

„ბებერი ქალბატონი“, როგორც „იუვეს“ ხშირად მოიხსენიებენ, მესამე კლუბია იტალიის ყველაზე ასაკოვანთა შორის, დღეს არსებულთაგან მხოლოდ „ჯენოა“ (1893) და „უდინეზე“ (1896) დაარსდნენ „იუვენტუსზე“ ადრე. „იუვე“ იტალიურ საკლუბო ფეხბურთში ყველაზე წარმატებული კლუბია, მის აქტივშია 63 ტიტული, ყველაზე მეტი იტალიაში. გუნდის პირველი წარმატება ჩემპიონატში 1905 წლით თარიღდება. აქედან მოყოლებული „იუვენტუსმა“ სარეკორდოდ, 34-ჯერ[2] შეძლო ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება, 13-ჯერ დაეუფლა კლუბი იტალიის თასს, 7-ჯერ იტალიის სუპერთასს, ჯამში 52 გათამაშებაში აქვს გამარჯვება მოპოვებული იტალიაში, პირველი საერთაშორისო ტიტული „იუვესთვის“ იყო 1977 წელს მოგებული უეფას თასი. სულ ამ ტურნირზე „იუვემ“ 3 ჯერ იზეიმა გამარჯვება. 1985 და 1996 წლებში ტურინის „იუვენტუსმა“ უეფას ჩემპიონთა თასის (1992 დან ჩემპიონთა ლიგა) გათამაშებაში მიაღწია წარმატებას, 1984 წელს მოპოვებული აქვს თასების მფლობელთა თასის ტიტული, 2-ჯერ უეფას სუპერთასი. ფეხბურთის ისტორიაში „იუვენტუსი“ შევიდა როგორც პირველი კლუბი, რომელმაც ყველა ტურნირზე შეძლო წარმატების მიღწევა. „იუვენტუსი“, „ლივერპულთან“ ერთად, ევროპაში მეოთხე გუნდია საერთაშორისოდ აღიარებული ტიტულების რაოდენობის მიხედვით „რეალის“ (19), „მილანის“ (17) და „ბარსელონას“ (14) შემდეგ 11 ტიტულით.

იუვენტუსს“ გულშემატკივართა ყველაზე დიდი არმია ჰყავს იტალიაში. Demos-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვებით იტალიაში 32.5% „იუვეს“ ქომაგობს, 14% ინტერს, 13.6% „მილანს“. იტალიის 20 ოლქიდან 12-ში „იუვე“ პირველ ადგილზეა, დანარჩენი 8 დან 7-ში მეორეზე, ხოლო ლიგურიაში მესამეა „ჯენოასა“ და „სამპდორიას“ შემდეგ. საერთაშორისო დონეზე რაც შეეხება, გერმანული გამოცემა Sport+Markt-ის მიერ 2005 წლის მონაცემებით იუვეს ევროპაში 43 მილიონი გულშემატკივარი ჰყავს, აზიაში 100, ასევე 10 მილიონამდე ადამიანი გულშემატკივრობს იუვეს სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე.

„იუვენტუსი“ ერთ-ერთი თანადამაარსებელი კლუბია ორგანიზაცია ECA-სი, რომელმაც ჩაანაცვლა G-14.

„იუვენტუსის“ საშინაო სტადიონია იუვენტუსის სტადიონი, რომლის აშენებაც 2011 წელს დასრულდა, იგი 41000 მაყურებელს იტევს.

„იუვენტუსი“ ვარჯიშებს ტურინის ახლოს მდებარე ვინოვოს ბაზაზე ატარებს.

1897 წელს ტურინის ლიცეუმის “დე აზელიოს” რამდენიმე ფეხბურთზე შეყვარებულმა სტუდენტმა, დროის მოკვლისა და გართობის მიზნით, თავიანთი გუნდის შექმნა გადაწყვიტა. ახალაგაზრდებმა საწადელი 1897 წლის 1 ნოემბერს აისრულეს. ისინი დე უმბერტოს ქუჩაზე შეიკრიბნენ და ოფიციალურად დააარსეს საფეხბურთო კლუბი ტურინის “იუვენტუსი”.

კლუბის სახელი მისი დამაარსებლების ასაკიდან მომდინარეობს – ლათინურად იუვენტუსი ახალგაზრდობას ნიშნავს. საინტერესოა, რომ ტურინელებს აბსოლუტურად საპირისპირო მნიშვნელობის მქონე მეტსახელი, სწორედ აქედან გამომდინარე აქვთ.

საქმე ის არის, რომ შემდგომში სტაბილურად მოთამაშე და არაერთი ტიტულის მომგებ “იუვენტუსს” რამდენიმე პიროვნებამ ხუმრობით უწოდა არა ახალგაზრდა გუნდი, არამედ უკვე დაბერებული ქალაბატონი ანუ “ბებერი ქალბატონი”.

“იუვენტუსის” პირველი პრეზიდენტი ეუჟენიო კანფარი იყო, ხოლო კლუბი “არმის” მოედანზე მდებარე სტადიონზე ბურთაობდა.”იუვეს” თავდაპირველი ფორმა კი ვარდისფერი იყო(ამ ფორმით კლუბი 2003-04 წლების სეზონიდან გასვლით მატჩებს ატარებდა), მაგრამ იგი მალევე, სხვათა შორის შემთხვევითობის გამო შავთერთრ მაისურაზე შეიცვალა. ამასთან დაკავშირებით ლეგენდაც არსებობს. მის თანახმად 1903 წელს ტურინელებმა გახუნებული და დასვრილი ფორმების გამოცვლა გადაწყვიტეს და რამდენიმე მაისურა ინგლისის ქალაქ ნოტინგემში ნიმუშად გაგზავნეს. იქაურმა კლერკმა ჭუჭყიანი და გაცრეცილი მაისურები კარგად ვერ გაარჩია და ისინი შავთეთრ კომბინეზონს მიამსგავსა. კლერკმა გადაწყვიტა, რომ “იუვენტუსის” ფორმები ნოტინგემის “ნოთს ქაუნთის” იდენტური იყო და იტალიაში შავთეთრი მაისურები გაგზავნა, რამაც რა თქმა უნდა ძალიან გააკვირვა ტურინელები, მაგრამ მათ სხვა გზა აღარ რჩებოდათ და იძულებულნი იყვნენ ბედს შეგუებოდნენ. ამ ისტორიის შემდეგ კი ეს, მართლაც ლეგენდარული კლუბი დღემდე შეცდომით გამოგზავნილი ფორმით თამაშობს.

1898 წელს “იუვეს” პრეზიდენტი უკვე ენრიკო კანფარი გახდა. კლუბმა პირველ წარმატებებს სწორედ მის ხელში მიაღწია. თავიდან “იუვენტუსს” ტურინში და ქალაქის ახლომახლო მასზე ადრე დაარსებულ, უფრო გამოცდილ გუნდებთან უწევდა ჭიდილი და მათ დამარცხებას ცდილობდა. ამ ამოცნას კლუბმა მალევე გაართვა თავი. 1900 წელს კი “ბებერმა ქალბატონმა” იტალიის ჩემპიონატში პირველად, მაგრამ წარუმატებლად ითამაშა. 1901 წელს გუნდი დატოვა ენრიკო კანფარიმ, რომელიც შემდგომში პირველი მსოფლიო ომის დროს გარდაიცვალა. საკმაოდ მოკლე პერიოდში “იუვემ” კიდევ ორი პრეზიდენტი გამოიცვალა. ხოლო 1905 წელს კლუბის მართვა ალფრედო დიკს მიანდეს.

მართალია პოსტზე დიდ ხანს არც დიკი დარჩენილა(მხოლოდ ერთი წელი), მაგრამ სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს მოიპოვა “იუვენტუსმა” პირველი და ნანატრი ტიტული. 1905 წელს ტურინელებმა იტალიის ჩემპიონატი მოიგეს. მიუხედავად სწრაფი განვითრებისა “იუვენტუსი” მაინც საკმაო ხანს იყო სხვა გუნდების ჩრდილში. იმ პერიოდში იტალიურ ფეხბურთში ამინდს “ჯენოა”, ”პრო ვერჩელი” და კიდევ რამდენიმე კლუბი ქმნიდა. ტურინელთა მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ “კასალე” და “პრო ვერჩელი” განსაკუთრებულად მტრულად იყვნენ განწყობილნი “იუვეს” მიმართ.

თუმცა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ამ მხრივ, მნიშვნელოვანი იყო 1919-20 წლების სეზონი, როდესაც კლუბი პრეზიდენტი ჩინებული პოეტი კორადინო კორადინი იყო. სწორედ ამ უკანასკნელის მიერ შექმნილ ჰიმნს ასრულებდა “იუვენტუსი” 1960 წლამდე.

იმ დროინდელ “იუვენტუსში” თამაშობდნენ გამორჩეული ფეხბურთელებიც. მშვენიერი გოლკიპერი ჯაკონესა,ასევე მცველები-ბრუნო და ნოვო.ეს მოთამაშეები იყვნენ პირველები, რომლებიც “იუვედან” იტალიის ნაკრებში მიიწვიეს. 1923 წელს კლუბში მოვიდა პირველი სერიოზული მწვრთნელი – უნგრელი ჯენო კეროლი.

სწორედ ამ უკანასკნელმა მოიყვანა “იუვენტუსში” ლეგენდარული გოლკიპერი ჯანპიერო კომბი. აგრეთვე, ჩინებული მოთამაშეები: მუნარეტი, როზეტა, გრაბი და ბიგატო. კეროლმა გუნდში რამდენიმე საკმაოდ ძლიერ უცხოელსაც უხმო. იქიდან გამომდინარე, რომ კლუბი დღითი დღე იხვეჭდა პოპულარობას და უფრო მეტ გულშემატკივარს იძენდა, საჭირო გახდა შედარებით დიდ სტადიონზე გადასვლა. ”იუვენტუსის” ხელმძღვანელებმაც არ დაახანეს და გუნდი მარსილიას ქუჩაზე მდებარე მოედანზე გადაიყვანეს.

შემდეგ წელს კი კლუბის პრეზიდენტი ცნობილი იტალიური ფირმის ფიატის დამაარსებლის შვილი ედუარდო ანიელი გახდა. სწორედ 1924 წლიდან დაიდო სათავე ანიელების ერამ “იუვენტუსის” ისტორიაში, რომელიც დღემდე გრძელდება და ალბათ კიდევ დიდ ხანს გასტანს.

1925-26 წლების სეზონში “იუვენტუსი” მეორედ გახდა იტალიის ჩემპიონი, რასაც ოთხწლიანი პაუზა და დიდი ეპოქის დაწყება მოჰყვა.

1930 წელს იტალიაში პროფესიონალური ლიგა სერია A შეიქმნა.

30-იანი წლების დასაწყისში გუნდში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი გამოჩნდა. გამოცდილ კომბის, ორსი, მონტი, კალიგარისი, ჩეზარინი, ფერარი, ბერტოლინი, ბორელი და კიდევ რამდენიმე გამორჩეული მოთამაშე დაემატა. მათი უმეტესობა “იუვეში” კლუბის ახალმა მწვრთნელმა კარლო კარკანომ მოიყვანა.

აღსანიშნავია, რომ 1934 წლის მუნდიალზე იტალია ძირითადად “იუვენტუსის” ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული. ხოლო, 1938 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე “სკუადრა აძურაში” ტურინელთა მხოლოდ ორი წარმომადგენელი იყო.

1931/32/33/34/35 წლებში “იუვენტუსმა” ზედიზედ ხუთჯერ მოიგო სერია A. ამ ტრიუმფებს შორის კი, 1933 წელს ტურინში მსოფლიოს ახალგაზრდულ თამაშებთან დაკავშირებით ახალი სტადიონი “სტადიო კომუნალე” ააგეს და “ბებერი ქალბატონიც” მასზე გადაბარგდა და “წითელ ვარსკვლავზე” გადასვლამდე სწორედ იქ ბურთაობდა (“ტორინოსთან” ერთად). იმ პერიოდში მიიღო კლუბმა პირველი საერთაშორისო გამოცდილებაც. ”იუვე” სხვა ქვეყნების კლუბებს არცთუ ისე წარუმატებლად შეეჭიდა.

ზედიზედ მეხუთე სკუდეტოს მოგების შემდეგ 1935 წლის 15 ივლისს ედუარდო ანიელი ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ამას იტალიის ჩემპიონატში თხუთმეტწლიანი პაუზა მოჰყვა. ”იუვენტუსმა” იქამდე ვეღარ შეძლო სერია A-ს მოგება სანამ კლუბის სათავეში ანიელების ოჯახის კიდევ ერთი წარმომადგენელი არ მოვიდა. იქამდე კი ტურინელები იტალიის თასის მოგებით დაკმაყოფილდნენ. 30-იანი წლების მიწურულს კლუბში ალფრედო ფონი და პიეტრო რავა გამოირჩეოდნენ.1938 წელს ისინი “სკუადრა აძურასთან” ერთად მსოფლიო ჩემპიონებიც გახდნენ. თუმცა მუნდიალამდე ცოტა ხნით ადრე, მათი ძალისხმევით “იუვენტუსმა” პირველად შეძლო ქვეყნის თასის მოპოვება. 1942 წელს “ბებერმა ქალბატონმა” ეს მიღწევა გაიმეორა. აქედან ხუთ წელიწადში კი კლუბის პრეზიდენტად ჯოვანი ანიელი დაინიშნა და როგორც უკვე აღვნიშნეთ მისი მმართველობის პერიოდში “იუვენტუსმა” 15-წლიანი ნავსი გატეხა და კვლავ მოახერხა სკუდეტოს მოგება.

მაშინდელი “იუვენტუსის” უდავო ლიდერი ლეგენდარული ჯამპიერო ბონიპერტი იყო. როგორც იცით ეს უკანასკნელი ჩატარებული მატჩებისა(444)და გატანილი გოლებს (177)მხრივ დღემდე კლუბის რეკორდსმენად რჩება. ასევე გამოირჩეოდა კარლო პაროლა და “იუვეს“ დანიელი ლეგიონერები-კარლ პრაესტი და ჯონ ჰენსენი. 1950 წელს, როგორც უკვე აღვნიშნეთ საკმაოდ გრძელი შესვენების შემდეგ “იუვენტუსი” კვლავ იტალიის ჩემპიონი ხდება. აღსანიშნავია, რომ იქამდე სერია A-ს ზედიზედ ხუთი გათამაშება ტურინის “ტორინოს” ჰქონდა მოგებული. “იუვენტუსმა” თავისი მეცხრე სკუდეტო 1952 წელს მოიპოვა და ამ მაჩვენებლით გაუტოლდა გენუის “ჯენოას”. 1954 წელს გუნდი დატოვა ჯოვანი ანიელიმ . ერთი წლის შემდეგ კი “იუვეს” პრეზიდენტი ამ უკანასკნელის უმცროსი ძმა უმბერტო გახდა. ამას მოჰყვა კლუბის რიგებში ორი ბრწყინვალე ფეხბურთელის – ომარ სივორისა და ჯონ ჩარლზის გამოჩენა.

“ბებერმა ქალბატონმა” 1958 წელს მეათედ გაჩემპიონება მოახერხა და შეიძლება ითქვას უკვე ოფიციალურად იქცა იტალიის უძლიერეს კლუბად. ამის შემდეგ “იუვენტუსის” მაისურებზე პირველი ვარსკვლავი გაჩნდა(როგორც იცით სერია A-ს ათჯერ მოგება ერთ ვარსკვლავად ფასობს).

1959 წელს “იუვე” მესამედ დაეუფლა ქვეყნის თასს. შემდეგ წელს კი ტურინელებმა პირველი დუბლიც გაახერხეს (მოიგეს იტალიის თასიცა და ჩემპიონატიც).

1961 წელს “იუვენტუსმა” მეთორმეტე სკუდეტო მოიპოვა, ხოლო შემდეგ წელს პრეზიდენტის პოსტიდან გააცილა კიდევ ერთი ანიელი.

მორიგი ტიტული ტურინელებმა მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ მოიპოვეს. 1965 წელს “იუვენტუსმა” მეხუთედ მოიგო იტალიის თასი და პირველ მეტნაკლებად სერიოზულ წარმატებას მიაღწია ევროსარბიელზე. “ბებერი ქალბატონი” უეფას (მაშინ ბაზრობათა)თასის ფინალში გავიდა. სპეციალისტები ფავორიტად სწორედ “იუვეს” მიიჩნევდნენ და მათ აზრს მნიშვნელოვნად ამყარებდა ისიც, რომ ფინალი ტურინში “სტადიო კომუნალეზე” იყო. თუმცა პროგნოზები არ გამართლდა. ფლორიან ალბერტის თამადობით, ბრწყინვალედ მოთამაშე “ფერენცვაროშმა” მინიმალური სხვაობით 1:0 მოუგო“ბებერ ქალბატონს”. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამ მატჩში შეეყარათ ტურინელებს დღემდე “უკურნებელი სენი” ფინალებში ძალიან მძიმე და ხშირად წარუმატებელი თამაში(განსაკუთრებით მაშინ, როდესაც “იუვეს” ფავორიტად ასახელებენ).

1967 წელს “იუვენტუსმა” მორიგი სკუდეტო მოიპოვა. აქედან ოთხ წელიწადში კი კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი მთავარი მოვლენა მოხდა – გულშემატკივრების თხოვნით და თავად კლუბის მმართველთა გადაწყვეტილებით “ბებერი ქალბატონის” სათავეში ჯამპიერო ბონიპერტი მოვიდა. ამ უკანაკნელს “იუვესთვის” ისედაც მთელი კარიერა ჰქონდა მიძღვნილი და კლუბის ისტორიაში უკვე ლეგენდად იყო შესული, მაგრამ პრეზიდენტის პოსტზე გატარებულმა ცხრამეტმა წელმა კლუბისადმი მისი ამაგი გააასმაგა.

მაშინდელ “იუვეში” ბეტეგა(კლუბის ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი), კაპელო, ჰალერი, კაუზიო, ფურინო და ანასტაზი უნდა გამოვარჩიოთ. შემდგომში მათ კაბრინი, შირეა, ჯენტილე, ტარდელი, როსი, ძოფი, პლატინი, ბონეკი, ლაუდროპი, რაში და კიდევ არაერთი ჩინებული ფეხბურთელი დაემატა. იმ 15-წლიან “ოქროს ხანაში”, როდესაც “იუვენტუსმა” თავისი სიძლიერე იტალიის ფარგლებს გარეთაც გამოაჩინა და მოიგო ყველა ტიტული, რომელიც ევროპული კლუბისთვის ხელმისაწვდომი იყო, გუნდს მხოლოდ სამი მწვრთნელი ჰყავდა. თუმცა არაოფიციალურად გარკვეული დროის მანძილზე ამ პოსტს მშვენივრად ითავსებდა ჯანპიერო ბონიპერტიც. განსაკუთრებულად ჯოვანი ტრაპატონის მუშაობა უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ არაფრით არ შეიძლება გარჯა არ დავუფასოთ ჩესტმირ უიპალეკსა და კარლო პაროლას.

1971 წელს “იუვენტუსი” მეორედ გავიდა უეფას თასის ფინალში, მაგრამ მისი მოგება ვერც მაშინ შეძლო. ამჯერად გადამწყვეტი, მეტოქის ანუ ინგლისური “ლიდსის” მოედანზე გატანილი ნაკლები გოლი გამოდგა. ტურინში მატჩი 2:2 დამთავრდა, ხოლო “ელანდ როუდზე” გუნდებმა თითო ბურთით ნაკლები შეუგდეს ერთმანეთს, რამაც “ლიდსი” გააჩემპიონა.

1972 წელს “ბებერმა ქალბატონმა” მეთოთხმეტედ შეძლო გაჩემპიონება. შემდეგ წელს კი ტურინელებმა კიდევ ერთი სკუდეტოს მოგების გარდა პირველად გააღწიეს ჩემპიონთა თასის ფინალში, სადაც მათ კვლავ იმედგაცრუება ელოდათ. მორიგ გადაულახავ ზღუდედ ამსტერდამის “აიაქსი” მოგვევლინა. ჰოლანდიელებმა ჯონი რეპის მე-4 წუთზე გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით იმარჯვეს.

1975,1977 და 1978 წლებში “იუვე” კიდევ სამ სკუდეტოს იგებს. 1979 წელს კი მეექვსედ ეუფლება ქვეყნის თასს. გარდა ამისა, 1977 წელს ტურინელები ბოლოს და ბოლოს ახერხებენ ევროსარბიელზე პირველი ტიტულის უეფას თასის მოპოვებას. “იუვე” ორმატჩიან დუელში მეტოქის მინდორზე გატანილი გოლის წყალობით ამარცხებს ბილბაოს “ატლეტიკს”(1:0,1:2).

80-იანი წლები “იუვენტუსისთვის” გაცილებით უფრო წარმატებული გამოდგა. 1981 და 1982 წლებში “ბებერი ქალბატონი” კვლავ იტალიის ჩემპიონი ხდება. ამის შემდეგ ტურინელთა მაისურებზე მეორე ვარსკვლავი ჩნდება. 1983 წელს კლუბი ქვეყნის თასს, ხოლო 1984 და 1986 წლებში “იუვე” კიდევ ორჯერ იგებს სერია A-ს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტურინელებმა წარმატებით იასპარეზეს ევროტურნირებზეც.

1983 წელს გუნდი მეორედ გავიდა ჩემპიონთა თასის ფინალში, მაგრამ გერმანულ “ჰამბურგს” ვერ აჯობა. ”იუვე” კვლავ დებიუტში გაშვებული ერთადერთი გოლით დამარცხდა.

1984 წელს “იუვენტუსმა” თასების თასი მოიპოვა. ფინალში ტურინელებმა 2:1 მოუგეს “პორტუს”. ამის შემდეგ კი “ბებერმა ქალბატონმა” ბონეკის დუბლით “ლივერპული” დაამარცხა და ევროპის სუპერთასსაც დაეპატრონა (ეს მატჩი 1985 წელს გაიმართა).

1985 წელს “იუვენტუსი” იმავე “ლივერპულს” უკვე ჩემპიონთა თასის ფინალში დაუპირისპირდა და მატჩის 56-ე წუთზე პლატინის ერთადერთი გოლით სანუკვარი გამარჯვებაც მოიპოვა. თუმცა ამ შეხვედრას წინ უსწრებდა ყველასათვის ცნობილ ტრაგედია. თამაშის დაწყებამდე ერთი საათით ადრე ინგლისელმა გულშემატკივრებმა მაინც ვერ მოთოკეს თავი და ხასიათი გამოავლინეს. მათ მიერ პროვოცირებულ უწესრიგობას “ეიზელის” სტადიონის ერთ-ერთმა იარუსმა ვერ გაუძლო და ჩამოინგრა. ამის შედეგად 39 გულშემატკივარი დაიღუპა, ხოლო 400-ზე მეტმა ქომაგმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო.

მიუხედავად ამისა მატჩი მაინც ჩატარდა და როგორც უკვე აღინიშნა “ბებერი ქალბატონის” გამარჯვებით დასრულდა. ამ წარატებას “იუვენტუსმა” საკონტინენტთაშორისო თასიც დაურთო. ტურინელებმა “არგენტინოს ხუნიორსს” თერთმეტმეტრიანების სერიაში ანგარიშით 4:2 სძლიეს(ძირითად დროში გუნდებმა 2:2 ითამაშეს). ამის შემდეგ “იუვე” იქცა პირველ კლუბად ევროპაში, რომელმაც მოიგო ყველა დიდი საკლუბო ტიტული, რომლის მოპოვებაც შესაძლებელი იყო იმ დროისთვის.

აღსანიშნავია, რომ 1987 წელს “იუვენტუსში” გატარებული ხუთი სეზონის შემდეგ კარიერა დაასრულა მიშელ პლატინიმ, რაც აშკარად მცირე ჩავარდნით აისახა კლუბზე. 1990 წლის თებერვალში პოსტი დატოვა ჯანპიერო ბონიპერტიმ, რომელიც დღემდე კლუბის საპატიო პრეზიდენტია. მის ნაცვლად კი კლუბის სათავეში ვიტორიო კიუზანო მოვიდა და შეიძლება ითქვას ღირსეულად გააგრძელა მისი წინამორბედის საქმიანობა.

იმავე წელს დინო ძოფის გაწვრთნილმა ტურინელებმა მერვედ მოიპოვეს იტალიის თასი, პირველად სუპერთასი და მეორედ უეფას თასი. რომლის ორმატჩიან ფინალშიც “იუვემ” უპრობლემოდ სძლია ფლორენციის “ფიორენტინას” 3:1,0:0. იტალიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ კი, “იუვენტუსმა” სპეციალურად მუნდიალისთვის აგებულ “დელე ალპიზე” დაიდო ბინა. თუმცა შემდგომში ეს ლამის სანანებელი გაუხდა. ყველაფერი იქამდეც კი მივიდა, რომ ერთი პირობა ალაპარაკდნენ იქნებ ჯობდეს “ბებერი ქალბატონი” რომელიმე სხვა ქალაქში გადაბარგდესო.

საქმე ის არის, რომ როგორც შემდგომში გაირკვა “დელ ალპის” ტრიბუნები სტადიონიდან ზედმეტად მოშორებით არის და თან მოედანი ქალაქის ბოლოშია, სადაც მისვლა საკმაოდ ძნელია. ყველაფერს ბურუსიც ემატება, რომელიც ტურინის და განსაკუთრებით იმ უბნის, სადაც მოედანი მდებარეობს, ხშირი სტუმარია. ზედა იარუსებზე მსხდომი ქომაგები წესიერად ვერ ადევნებენ თამაშს თვალყურს. ამიტომ მათი დიდი ნაწილი ძალიან ხშირად სახლში დარჩენას და მატჩის ტელევიზორით ყურებას ამჯობინებს. ეს განსაკუთრებით ევროტურნირზე ხდება,

როდესაც ტურინს ასე თუ ისე საშუალო დონის კლუბი სტუმრობს ხოლმე (ამის ერთ-ერთი მიზეზი გულშემატკივრების მიერ სერია A-სთვის უფრო დიდი მნიშვნელობის მინიჭებაა).

ასეა თუ ისე “ბებერი ქალბატონი” საშინაო მატჩებში თითქმის ყოველთვის განიცდის გულშემატკივრების ნაკლებობას, რაც საკმაოდ ცუდი ჩვეულებაა. ამას კიდევ ერთი და ალბათ თქვენთვის კარგად ცნობილი მიზეზი აქვს. სხვადასხვა გამოკითხვებში “იუვე” ხშირად მსოფლიოსყველაზე პოპულარულ კლუბად სახელდება ხოლმე და თითქმის ყოველთვის სამეულს მაინც არ სცილდება. მართალია კლუბს მთელი იტალიის მასშტაბით გაცილებით მეტი თაყვანისმცემელი ჰჰყავს, ვიდრე ვთქვათ “მილანსა” და “ინტერს” ერთად, მაგრამ რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს უშუალოდ ტურინში “ტორინოს” უფრო ბევრი ადამიანი ქომაგობს.

1991 წელს გუნდში კიდევ სამი სეზონით დაბრუნდა ჯოვანი ტრაპატონი, მაგრამ მისი “მეორედ მოსვლა” განსაკუთრებულად წარმატებული არ გამოდგა-მხოლოდ უეფას თასი. 1993 წელს “იუვენტუსმა” ძალიან იოლად დაამარცხა დორტმუნდის “ბორუსია” 3:0,3:1 და მესამედ მოიპოვა ეს ტიტული. იმ დროს გუნდში ბრწყინვალე ფეხბურთელების მორიგი ტალღა თამაშობდა. ანდრეას მელერი, დინო ბაჯო, რობერტო ბაჯო, ჯანლუკა ვიალი, ანჯელო პერუცი, პაოლო დი კანიო, ფაბრიციო რავანელი, იურგენ კოლერი და ა.შ.

90-იანი წლების შუაწელს კლუბი სერიოზულად გადახალისდა. მის სათავეში სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობებზე ახალი სახეები ბეტეგა, ჯირაუდო და მოჯი დანიშნეს. 1994 წელს გუნდში ახალი მწვრთნელი მარჩელო ლიპი მოვიდა და საფუძველი ჩაეყარა კიდევ ერთ “ოქროს ეპოქას”.

გუნდში თანდათანობით ახალი ფეხბურთელებიც გამოჩნდნენ. ალესანდრო დელ პიერო, ვლადიმირ იუგოვიჩი, ანტონიო კონტე, ჩირო ფერარა, პაულო სოუზა, ანჯელო დი ლივიო, დიდიე დეშამი, კრისტიან ვიერი, ზინედინ ზიდანი, ალენ ბოკშიჩი, ალესიო ტაკინარდი, ედგარ დავიდსი, ჯანლუკა ძამბროტა, ფილიპო ინძაგი და ა.შ.
მარჩელო ლიპიმ პირველივე სეზონში მიაღწია წარმატებას. მისმა დამოძღვრილმა “იუვენტუსმა” 1995 წელს ცხრაწლიანი პაუზა შეწყვიტა და კიდევ ერთხელ, ოცდამესაედ მოიპოვა სკუდეტო. ”იუვემ” მეცხრედ მოიგო ქვეყნის თასიც და ისტორიაში მეორედ შეძლო დუბლის შესრულება. იმავე წელს ტურინელებმა მესამედ წააგეს უეფას თასის ფინალი. ორმატჩიან დუელში “პარმამ” მინიმალური სხვაობით 1:0,1:1 იმარჯვა.

1996 წელს “იუვენტუსმა” ყველაზე მეტი ოთხი ტიტული მოიპოვა. იტალიის მასშტაბით ტურინელები ქვეყნის სუპერთასის(პირველად) მოგებით შემოიფარგლნენ სამაგიეროდ კლუბმა ტრიუმფალურად იასპარეზა ევროსარბიელზე. “ბებერმა ქალბატონმა” რომში სტადიო ოლიმპიკოზე პენალტების სერიაში სძლია(ძირითადი დრო 1:1) ამსტერდამის “აიაქსს” და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა. ”იუვემ” ამას საკონტინენტთაშორისო თასიც მიაყოლა. ტურინელებმა “რივერ პლეიტს” დელ პიეროს მიერ მატჩის მიწურულს გატანილი გოლით მოუგეს. ბოლოს კი [[უეფას ევროპის სუპერთასი|ევროპის სუპერთასისთვის ორმატჩიან ბრძოლაში “იუვენტუსმა” “პარი სენ-ჟერმენი” გაანადგურა. მართალია შეხვედრები 1997 წლის დასაწყისში გაიმართა, მაგრამ ეს ტიტული ტურინელებს ოფიციალურად 1996 წელს მოგებულად ეთვლებათ. ”პარკ დე პრენსზე” “ბებერმა ქალბატონმა” დამამცირებელი ანგარიშით 1:6 დაამარცხა ფრანგები. შინ კი “იუვემ” შედარებით მოკრძალებულად 3:1 იმარჯვა.

1997 წელს ტურინელებმა ქვეყნის ჩემპიონატი და სუპერთასი მოიგეს. 1998 წელს “ბებერი ქალბატონი” კვლავ იტალიის ჩემპიონია. იმავე წლებში გუნდი გადის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ორივე მატჩში ითვლება ფავორიტად, მაგრამ ვერც ერთში ვერ ახერხებს გამარჯვების მოპოვებას. პირველ შემთხვევაში “იუვენტუსი” დორტმუნდის “ბორუსიასთან” მარცხდება 1:3, ხოლო მეორეში მადრიდის “რეალთან” 0:1.

1999 წელს ალესანდრო დელ პიერო “უდინეზესთან” მატჩში მძიმე ტრავმას იღებს და დაახლოებით ერთი წლით შორდება ფეხბურთს, ხოლო მინდორზე დაბრუნებულს საკმაოდ დიდი დრო სჭირდება ფორმის თუნდაც სანახევროდ აღსადგენად. ამან გამოაჩინა, რომ გუნდი ძირითადად ერთ მოთამაშეზე იყო აწყობილი, მიუხედავად იმისა რომ გუნდში თამაშობდნენ ისეთი ღირსეული და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდარული ფეხბურთელები, კერძოდ, კი ზინედინ ზიდანი, რობერტო ბაჯო, ვიალი, რავანელი... მათ ვერ შეძლეს ალესანდრო დელ პიეროს საქმის თუნდაც 10% შეესრულებინათ რადგან დელ პიერო იყო და არის შეუდარებელი და ფენომენალური ფეხბურთელი. დელ პიეროს არყოფნა გუნდმა მძიმედ გადაიტანა და “იუვენტუსი” ორწლიან კრიზისში ჩავარდა.

მარჩელო ლიპიმ პოსტი იმავე 1999 წელს დატოვა. მის ნაცვლად კი გუნდში სამი სეზონით მოვიდა კარლო ანჩელოტი. მისი თავკაცობით 2000 და 2001 წლებში “იუვენტუსმა” ბოლო ტურებში ძალიან მოულოდნელად და უაზროდ დაკარგა იტალიის ჩემპიონობა. გარდა ამისა ტურინელები სამარცხვინოდ გამოდიოდნენ ჩემპიონთა ლიგაში, რამაც ანჩელოტის დათხოვნა გამოიწვია. ამავე წელს ზინედინ ზიდანმა დატოვა იუვენტუსი და მადრიდის რეალს მიაშურა , უნდა ითქვას რომ ზიდანის წასვლის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ იგი ვერ იქცა გუნდის მეორეხარისხოვან ლიდერადაც კი, რადგან გულშემატკივრებისა და თანაგუნდელების თვალში ლიდერი იყო დელ პიერო, რომელმაც უმძიმესი ტრავმის მიუხედავად იუვენტუსს ძველი დიდება დაუბრუნა, რაც ვერ შეძლო ვერც ზიდანმა და ვერც სხვამ...

2001 წელს გუნდი კვლავ მარჩელო ლიპიმ ჩაიბარა და დაბრუნება 2002 წელს სკუდეტოსა და ქვეყნის სუპერთასის მოპოვებით აღნიშნა. შედეგიანი გამოდგა 2003 წელიც,”იუვენტუსმა” იგივე ტურნირები - იტალიის ჩემპიონატი და სუპერთასი მოიგო. გარდა ამისა ტურინელებმა ჩინებულად ითამაშეს ჩემპიონთა ლიგაში, გამორჩეული იყო დელ პიერო, რომელმაც თავისი ფენომენალურობით იუვე ფინალში გაიყვანა, მაგრამ ფინალი მათთვის კვლავ გადაულახავ ბარიერად იქცა.

იუვენტუსის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი - ალესანდრო დელ პიერო, 2007–08 სეზონი.

ნახევარფინალში მადრიდის “რეალთან” ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ(3:1,1:2), კარლო ანჩელოტის დამოძღვრილ “მილანთან” მატჩში “იუვენტუსი” ისევ ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ ფორტუნამ ჩემპიონობა მილანელებს არგუნა. რომლებმაც თანაბარი და უგოლო შეხვედრა პენალტების სერიაში მოიგეს. ბოლო დროინდელი წარმატებები, კლუბის ძველ ლიდერებთან ერთად შედარებით ახალ სახეებს პაველ ნედვედს, მაურო კამორანეზის, ჯანლუიჯი ბუფონს, ლილიან ტურამს, დავიდ ტრეზეგესა და კიდევ რამდენიმე მოთამაშეს უკავშირდება.

2003-04 წლების სეზონი “იუვენტუსმა” ნამდვილად ჩააგდო. ტურინელებს ქომაგების დამშვიდება იტალიის თასის მეათედ მოგებით შეეძლოთ, მაგრამ რომის “ლაციოსთან” ვერაფერი გააწყვეს 2:2,0:2.

2003-04 წლების სეზონის ბოლოს გუნდი დატოვა მარჩელო ლიპიმ, მაგრამ მასთან არ შეიძლება რაიმე პრეტენზია არსებობდეს. ლიპის დამსახურება “იუვენტუსისადმი” ძალიან დიდია და იგი კლუბის ისტორიაში ჯოვანი ტრაპატონისთან ერთად ტურინელთა ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელის სახელით არის შესული.

2004/05 და 2005/06 წლების სეზონში კლუბს ფაბიო კაპელო წვრთნიდა, რომლის თავკაცობითაც იუვემ კიდევ 2 სკუდეტოს მოპოვება შეძლო, თუმცა იტალიაში ატეხილი საფეხბურთო სკანდალის გამო მას ბოლო ორი ტიტული ჩამოართვეს და სერია B-ში დააქვეითეს. თან 17 ქულაც დააკლეს. მთავარმა მწვრთნელმა პოსტი დატოვა, ასევე დატოვა გუნდი მისმა რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა: ძამბროტამ, კანავარომ, იბრაჰიმოვიჩმა, ტურამმა, ემერსონმა, ვიეირამ და ა.შ. თუმცა აღმოჩნდნენ ისეთებიც, ვინც საკუთარ გუნდის ერთგულები დარჩნენ სერია B-შიც კი. მათგან აღსანიშნავია გუნდის კაპიტანი და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, ალესანდრო დელ პიერო, რომელმაც იმთავითვე განაცხადა, რომ არსად წასვლას არ აპირებდა, რადგან როგორც მან თქვა: "ნამდვილი ჯელტმენი, არასდროს ტოვებს თავის სინიორას". ნედვედმა, ბუფონმა, კამორანეზიმ და ტრეზეგემ დიდი ხნის ყოყმანის შემდეგ მაინც დარჩენა გადაწყვიტეს. გუნდის მთავარ მწვრთნელად დიდიე დეშამი დაინიშნა.

2009 წელს “იუვეს” ხელმძღვანელებმა დაიწყეს დელე ალპის სრული დემონტაჟი და იმავე ადგილზე აშენდა ახალი იუვენტუსის სტადიონი.

2011 წელს დასრულდა იუვენტუსის სტადიონის მშენებლობა, რომელიც ამავე წლის 8 სექტემბერს გაიხსნა ამხანაგური მატჩით - ნოტს ქანთის წინააღმდეგ. მატჩი დასრულდა ანგარიშით 1-1, სადაც ფაბიო კუალიარელამ პენალტი ვერ გამოიყენა, მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია, რის შემდეგაც დამატებაზე ლუკა ტონიმ მოახერხა გოლის გატანა. პირველი ოფიციალური შეხვედრა 2011 წლის 11 სექტემბერს შედგა, სერია A-ს დაპირისპირება იუვესა და პარმას შორის, სადაც მატჩის მე-16-ე წუთზე ანდრეა პირლოს გადაცემით შტეფან ლიხტშტაინერმა გაიტანა პირველი ოფიციალური გოლი იუვენტუსის სტადიონზე და შევიდა ისტორიაში.

2011 წლიდან „იუვენტუსის“ მწვრთნელი გახდა ანტონიო კონტე, რომელთან ერთად კლუბმა დაუმარცხებლად ჩაატარა 2011-12 წლების სერია A-ს სეზონი. სეზონის მეორე წრეში „იუვენტუსის“ ძირითადი კონკურენტი ჩემპიონობისთვის იყო „მილანი“. „იუვენტუსი“ გახდა ჩემპიონი 37-ე ტურში „კალიარის“ 2-0 დამარცხების შემდეგ. კონტეს გუნდმა დაამყარა სხვა რეკორდებიც, ყველაზე დიდი სხვაობით მოგებული მატჩი გასვლაზე (5-0 „ფიორენტინასთან“) და საუკეთესო დაცვა, მხოლოდ 20 გაშვებული გოლი სეზონში.

2013-14 წლების სეზონში „იუვენტუსმა“ მოიგო ზედიზედ მესამე სკუდეტო რეკორდული 102 ქულით. იმავე სეზონში მათ მიაღწიეს ევროპა ლიგის ნახევარფინალს, მაგრამ დამარცხდნენ „ბენფიკასთან“, რითაც დაკარგეს შანსი ეთამაშათ ფინალი მშობლიურ სტადიონზე.

ფერები, ემბლემა და მეტსახელები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
იუვენტუსის პირველი საშინაო მაისური

1903 წლიდან იუვენტუსი შავთეთრი მაისურებით და თეთრი, იშვიათად შავი, ტრუსებით თამაშობს. თავდაპირველად კლუბი ვარდისფერი მაისურებით გამოდიოდა. მუდმივმა რეცხვამ მაისური გაახუნა და ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ფერი შეეცვალა თეთრით. მათ სთხოვეს ინგლისელ ჯონ სევიჯის თუ ჰქონდა მას კავშირები სამშობლოში მაისურის მწარმოებლებთან. ჯონს აღმოაჩნდა მეგობარი ნოტინგემში მცხოვრები, ნოთს ქაუნთის ქომაგი, მან გამოუგზავნა შავთეთრ ზოლებიანი მაისური იუვენტუსს. მას შემდეგ კლუბი სწორედ ამ ფორმით ასპარეზობს. შავთეთრი მაისური მიჩნეულია აგრესიულად და ძლიერად.

მოცემულია 2020 წლის 31 იანვრის მდგომარეობით.[3]

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე პოლონეთი პოლონეთი ვოიჩეხ შჩესნი
2 მცველი იტალია იტალია მატია დე შილიო
3 მცველი იტალია იტალია ჯორჯო კიელინი (კაპიტანი)
4 მცველი ნიდერლანდები ნიდერლანდები მატეის დე ლიგტი
5 ნახევარმცველი ბოსნია და ჰერცეგოვინა ბოსნია და ჰერცეგოვინა მირალემ პიანიჩი
6 ნახევარმცველი გერმანია გერმანია სამი ხედირა
8 ნახევარმცველი უელსი უელსი აარონ რემსი
10 თავდამსხმელი არგენტინა არგენტინა პაულო დიბალა
12 მცველი ბრაზილია ბრაზილია ალექს სანდრო
13 მცველი ბრაზილია ბრაზილია დანილო
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
14 ნახევარმცველი საფრანგეთი საფრანგეთი ბლეზ მატიუიდი
16 ნახევარმცველი კოლუმბია კოლუმბია ხუან გილიერმო კუადრადო
19 მცველი იტალია იტალია ლეონარდო ბონუჩი (ვიცე-კაპიტანი)
24 მცველი იტალია იტალია დანიელე რუგანი
25 ნახევარმცველი საფრანგეთი საფრანგეთი ადრიან რაბიო
30 ნახევარმცველი ურუგვაი ურუგვაი როდრიგო ბენტანკური
31 მეკარე იტალია იტალია კარლო პინსაჯლო
33 თავდამსხმელი იტალია იტალია ფედერიკო ბერნარდესკი

მოცემულია იუვენტუსის მწვრთნელთა სია 1923 წლიდან - დღემდე.

„იუვეს“ მწვრთნელი 2014–2019 წლებში — მასიმილიანო ალეგრი.
„იუვეს“ ამჟამინდელი მწვრთნელი — ანდრეა პირლო.
 
სახელი ეროვნება წლები
იენუ კაროლი უნგრეთის დროშა 1923–1926
იუჟეფ ვიოლა უნგრეთის დროშა 1926
იუჟეფ ვიოლა უნგრეთის დროშა 1926–1928
უილიამ ეიტკენი შოტლანდიის დროშა 1928–1930
კარლო კარკანო იტალიის დროშა 1930–1935
კარლო ბიგატო / ბენედეტო გოლა იტალიის დროშა 1935
ვირჯინიო როზეტა იტალიის დროშა 1935–1939
უმბერტო კალიგარისი იტალიის დროშა 1939–1941
ფედერიკო მუნერატი იტალიის დროშა 1941
ჯოვანი ფერარი იტალიის დროშა 1941–1942
ლუის მონტი არგენტინის დროშა / იტალიის დროშა 1942
ფელიჩე ბორელი იტალიის დროშა 1942–1946
რენატო ჩეზარინი იტალიის დროშა 1946–1948
უილიამ ჩალმერსი შოტლანდიის დროშა 1948–1949
ჯესი კარვერი ინგლისის დროშა 1949–1951
ლუიჯი ბერტოლინი იტალიის დროშა 1951
ჯორჯ შაროში უნგრეთის დროშა 1951–1953
ალდო ოლივიერი იტალიის დროშა 1953–1955
სანდრო პუპო იტალიის დროშა 1955–1957
ლუბიშა ბროჩიჩი იუგოსლავიის დროშა 1957–1959
ტეობალდო დეპეტრინი იტალიის დროშა 1959
რენატო ჩეზარინი იტალიის დროშა 1959–1961
კარლო პაროლა იტალიის დროშა 1961
გუნარ გრენი / იულიუს კოროსტელევი შვედეთის დროშა / ჩეხოსლოვაკიის დროშა 1961
კარლო პაროლა იტალიის დროშა 1961–1962
პაულო ამარალი ბრაზილიის დროშა 1962–1964
 
სახელი ეროვნება წლები
ერალდო მონცელიო იტალიის დროშა 1964
ჰერიბერტო ჰერერა პარაგვაის დროშა 1964–1969
ლუის კარნილია არგენტინის დროშა 1969–1970
ერკოლე რაბიტი იტალიის დროშა 1970
არმანდო პიკი იტალიის დროშა 1970–1971
ჩესტმირ უიპალეკი ჩეხოსლოვაკიის დროშა 1971–1974
კარლო პაროლა იტალიის დროშა 1974–1976
ჯოვანი ტრაპატონი იტალიის დროშა 1976–1986
რინო მაკრეზი იტალიის დროშა 1986–1988
დინო ძოფი იტალიის დროშა 1988–1990
ლუიჯი მაიფრედი იტალიის დროშა 1990–1991
ჯოვანი ტრაპატონი იტალიის დროშა 1991–1994
მარჩელო ლიპი იტალიის დროშა 1994–1999
კარლო ანჩელოტი იტალიის დროშა 1999–2001
მარჩელო ლიპი იტალიის დროშა 2001–2004
ფაბიო კაპელო იტალიის დროშა 2004–2006
დიდიე დეშამი საფრანგეთის დროშა 2006–2007
ჯანკარლო კორადინი იტალიის დროშა 2007
კლაუდიო რანიერი იტალიის დროშა 2007–2009
ჩირო ფერარა იტალიის დროშა 2009–2010
ალბერტო ძაკერონი იტალიის დროშა 2010
ლუიჯი დელნერი იტალიის დროშა 2010–2011
ანტონიო კონტე იტალიის დროშა 2011–2014
მასიმილიანო ალეგრი იტალიის დროშა 2014–2019
მაურიციო სარი იტალიის დროშა 2019–2020
ანდრეა პირლო იტალიის დროშა 2020–
დახრილი შრიფტით მოცემულია მწვრთნელები რომლებიც დროებით დაინიშნენ მწვრთნელის პოსტზე.
1905, 1925–26, 1930–31, 1931–32, 1932–33, 1933–34, 1934–35, 1949–50, 1951–52, 1957–58
1959–60, 1960–61, 1966–67, 1971–72, 1972–73, 1974–75, 1976–77, 1977–78, 1980–81, 1981–82
1983–84, 1985–86, 1994–95, 1996–97, 1997–98, 2001–02, 2002–03, 2011–12, 2012–13, 2013–14
2014–15, 2015–16, 2016–17, 2017–18, 2018–19, 2019-20
ჩამორთმეული[2] (2): 2004–05, 2005–06
  • მეორე ადგილოსანი (21): 1903, 1904, 1906, 1937–38, 1945–46, 1946–47, 1947–48, 1952–53, 1953–54, 1962–63, 1973–74, 1975–76, 1979–80, 1982–83, 1986–87, 1991–92, 1993–94, 1995–96, 1999–00, 2000–01, 2008–09
1937–38; 1941–42; 1958–59; 1959–60; 1964–65; 1978–79; 1982–83; 1989–90; 1994–95, 2014–15, 2015–16, 2016–17, 2017–18, 2020–21
  • ფინალისტი (5): 1972–73, 1991–92, 2001–02, 2003–04, 2011–12
1995, 1997, 2002; 2003, 2012, 2013, 2015
  • ფინალისტი (3): 1990, 1998, 2005, 2014, 2016
2006–07
1984–85, 1995–96
  • ფინალისტი (7): 1972–73, 1982–83, 1996–97, 1997–98, 2002–03, 2014-15, 2016–17
1976–77; 1989–90; 1992–93
  • ფინალისტი (1): 1994–95
1983–84
1984; 1996
1999
1985, 1996
  1. იუვენტუსის ფეხბურთელები, რომელთა გაშვებასაც ანდრეა პირლო აპირებს. Adjarasport. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-28. ციტატა: „შაბათს, 8 აგვისტოს, იუვენტუსმა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მაურიციო სარი გაათავისუფლა. ანდრეა პირლომ იუვენტუსთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.“ ციტირების თარიღი: 11 აგვისტო, 2020.
  2. 2.0 2.1 2.2 იუვენტუსს იტალიის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით ჩამოერთვა 2 სკუდეტო (2004-05, 2005-06) და აქედან ერთი გადაეცა მილანის ინტერს ცნობილი სკანდალის - კალჩოპოლის გამო.
  3. Squadra – JUVENTUS | Lega Serie A it. legaseriea.it. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 ოქტომბერი, 2019. ციტირების თარიღი: 14 თებერვალი, 2020.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]