Location via proxy:   [ UP ]  
[Report a bug]   [Manage cookies]                
შინაარსზე გადასვლა

მაო ძედუნი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მაო ძედუნი (ჩინ.: 毛泽东 (毛澤東, თანამედროვე ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციით - მაო წეტუნგი, ფინინი Máo Zédōng, ვეიდ-ჯაილზი Mao Tsê-tung, IPA mau̯ ʦɤtʊŋ, მოსმენა ); დ. 26 დეკემბერი, 1893, სოფ. შაოშანი, ხუნანის პროვინცია — გ. 9 სექტემბერი, 1976) — ჩინეთის ლიდერი 1945–1976 წლებში, მაოიზმის ფუძემდებელი.

მაო ძედუნი დაიბადა 1893 წლის 26 დეკემბერს, ხუნანის პროვინციის სოფ. შაოშანში გაუნათლებელი, მაგრამ შრომისმოყვარე და მდიდარი გლეხის ოჯახში. 17 წლის ასაკში შევიდა სკოლაში, მაგრამ მალე თავი დაანება სწავლას. მონაწილეობდა სინჰაის რევოლუციაში (19111913). 1918 წ ქ. ჩანშას პედაგოგიურ სასწავლებელში შევიდა. სასწავლებლის დასრულების შემდეგ მაო ბეიჯინში გაემგზავრა სადაც უნირესიტეტის ბიბლიოთეკაში მუშაობდა. ეს იყო დრო, როდესაც მაომ მარქსისტული ლიტერატურის კითხვა დაიწყო. უნივერსიტეტში მუშაობისას ჩაერთო მეოთხე მოძრაობის ინტელექტუალურ და პოლიტიკურ აქტივობებში. ბეიჯინიდან მაო გაემგზავრა ჩანგშასა და შანხაიში სადაც 1919-1920 წლებში წვრილმან საქმიანობებს ეწეოდა.[1] თავდაპირველად ის გონებრივი შრომის ადამიანის კარიერაზე ოცნებობდა. უყვარდა წიგნები დიდ ადამიანებზე. მისი იდეალი იყო ნაპოლეონი. ახალგაზრდობისას მერყევი იყო. მონაწილეობა მიიღო ჩკპ-ს და მისი შეიარაღების ძალების შექმნაში.

ჩპკ-ს ფაქტობრივი ხელმძღვანელი ის 1935 წ. გახდა 42 წლის ასაკში. თავისი ძირითადი ნაშრომები 19301940 წწ დაწერა. პირველად უკვე 1938 წ. მან დაიწყო ლაპარაკი მარქსიზმ-ლენინიზმის ჩინეთის კონკრეტულ პირობებთან შეგუების შესახებ, 40-იანი წლების დასაწყისში კი წამოიწყო ბრძოლა დოგმატიზმის წინააღმდეგ, რომლის ქვეშაც გულისხმობდა საბჭოთა გამოცდილებისა და საბჭოთა კავშირის მითითებებისადმი ბრმა მორჩილებას. მაშინ ჩპკ-ს რიგებიდან გაირიცხა ყველა, ვინც მაოს არ ეთანხმებოდა. სწორედ ამიტომ მაო ძედუნის მოსვლას ხელისუფლების სათავეში სამოქალაქო ომის დასკვნით ეტაპზე სტალინი დიდი აღფრთოვანებით არ შეხვდა. მაგრამ გამარჯვებული მაო ძედუნის ზურგს უკან იყო ორგანიზაციული მუშაობისა და პარტიზანული ომის წარმოების 22-წლიანი გამოცდილება. სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული ჩპკ-ს საშინაო და საგარეო პოლიტიკური კურსი, ყველა ცდა და პოლიტიკური კამპანია, რომელიც ქვეყანაში 70-იანი წლების მეორე ნახევრამდე გატარდა.

მაო იყო ჩინეთის სამხედრო და პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც ჩინეთის კომუნისტური პარტიას ჩინეთის სამამულო ომის დროს გამარჯვება მოუტანა. მაო იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერი მისი დაარსებიდან (1949 წელი) სიცოცხლის ბოლომდე (1976 წ). მაო ძედუნი მიჩნეულია როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა თანამედროვე ისტორიაში და XX საუკუნის ყველაზე გავლენინანი პიროვნება. მიუხედავად იმისა, რომ მაოს რეფორმებმა ქვეყანა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ძალად აქცია, ზოგიერთი მიიჩნევს რომ მისმა სოციოპოლიტიკურიმა პროგრამებმა, როგორიცაა „უდიდესი ნახტომი წინ“, და „კულტურული რევოლუცია“, ქვეყანას ზიანი მიაყენა კულტურულ, სოციალურ, ეკონომიკურ და საგარეო ურთიერთობების სფეროებში და გახდა მიზეზი ათობით მილიონი ადამიანის სიკვდილისა. მაო შეძლებული გლეხის ოჯახიდან იყო, ამიტომაც მას ჰქონდა საშუალება, მიეღო კარგი განათლება. ის პირველად მაშინ გაეცნო მარქსიზმს, როდესაც პეკინის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მუშაობდა. მისი შთაგონების წყაროდ ასევე იქცა რუსეთის რევოლუცია. მას დაებადა სურვილი, დაემხო იმპერიალიზმი და ფეოდალიზმი ჩინეთში. 1920 წელს მან ააჯანყა მუშათა კლასი, თუმცა მალევე იქნა დამარცხებული. მაშინ მაო მიხვდა, რომ მუშები რევოლუციას ვერ მოახდენდნენ – ისინი უმცირესობას წარმოადგენდნენ. ამიტომაც, მაოს შემდეგ სამიზნედ უბრალო გლეხები იქცნენ, რომლებიც მოგვიანებით, მისი „ძალადობრივი რევოლუციის თეორიის“ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მომხრეები გახდნენ. მაომ გამოიყენა საკუთარი გლეხური წარმოშობა, რათა დაერწმუნებინა ჩინელი გლეხები მარქსიზმის უპირატესობაში (იდეებში). 1927 წელს, მაომ მოახდინა აჯანყება რომელიც ცნობილია „საშემოდგომო მოსავლის აჯანყების“ სახელით. ეს მოხდა ჰუნანის პროვინციაში. მაო სათავეში ჩაუდგა არმიას სახელწოდებით „მუშათა და გლეხთა რევოლუციური არმია“ (წითელი არმია), რომელიც სასტიკი ბრძოლების შედეგად იქნა დამარცხებული. ამის შემდეგ მაომ და მისმა არმიამ ჯიანგშის პროვინციაში გადაინაცვლა, სადაც დაარწმუნა ამ მთიანი რეგიონის ლიდერები დამორჩილებოდნენ მას და ძალები გაეერთიანებინთ. 1931—1934 წლებში მაომ დააარსა ჩინეთის საბჭოთა რესპუბლიკა, რომელიც მხოლოდ ჯიანგშის პროვინციას მოიცავდა. აქ მაო დაქორწინდა ვინმე ჰე ჟიჟენზე. მას მანამდეც ჰყავდა ცოლი, რომელიც მაოსთან განქორწინების შემდეგ იქნა დაპატიმრებული და მოკლული. მაო იმდენად გაძლიერდა, რომ მისი საბჭოთა ხელისუფლება 30-იან წლებში უკვე თითქმის ათამდე პროვინციას აკონტროლებდა. ყოველივე ამან აღშფოთება გამოიწვია ჩინეთის იმჟამინდელი მმართველი პარტიის გუომინდანის ლიდერის ჩან კაი შინში, რომელმაც მაოს „წითელ არმიაზე“ 5-ჯერ გაილაშქრა. ხუთიდან ოთხი ბრძოლა წითელი არმიის გამარჯვებით დასრულდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა 1949 წლის 1 ოქტომბერს დაარსდა. ეს იყო დასასრული თითქმის ოცწლიანი ომისა. მაო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე იყო. მას დიდ ლიდერ მაოს ეძახდნენ. 1958 წელს მაო შეუდგა ხუთწლიანი გეგმის განხორციელებას, რომელიც „უდიდესი ნახტომი წინ“ არის ცნობილი. ეს იყო ეკონომიკური განვითარების საბჭოთა მოდელი, რომელიც ორიენტირებული იყო მძიმე ინდუსტრიაზე. ამ პროგრამით მცირე სასოფლო-სამეურნეო კოლექტივები უნდა გარდაქმნილიყვნენ გაცილებით დიდ სახალხო კომუნებად. ხოლო გლეხებს თავი უნდა დაენებებინათ საკვების წარმოებისთვის და რკინისა და ფოლადის წარმოებისთვის მიეყოთ ხელი. ამან გამოიწვია მსოფლიო ისტორიაში ყველაზე დიდი შიმშილობა, რომელმაც ათამდე მილიონი ადამიანი იმსხვერპლა. ამ ჩავარდნამ პარტიის ბევრ წევრში იმედგაცრუება გამოიწვია, მაო იძულებულიც კი შეიქნა პარტიის თავმჯდომარეობა ვინმე ლიუ შაოქისთვის გადაებარებინა. ლიუ მალე ისე მოძლერდა, რომ მაოსთვის გარკვეულ საფრთხესაც კი წარმოადგენდა. მან მაოსთვის ყოველგვარი ძალაუფლების ჩამოშორება განიზრახა. მაო მიხვდა, რომ საფრთხე ემუქრებოდა და 1966 წელს კულტურულ რევოლუციას მისცა დასაბამი. ამ რევოლუციამ ლიბერალური ბურჟუაზია ქვეყნის და კერძოდ, სოციალიზმის მტრებად წარმოაჩინა. მაომ წითელ არმიას საკუთარი ნებით მოქმედების თავისუფლება მისცა. ქვეყანაში ქაოსმა დაისადგურა. მილიონი ადამიანი იქნა დაკავებული და მოკლული. მაომ დახურა სკოლები და ყველა მოსწავლე სახლებში დაითხოვა, მათი ერთადერთი დავალება იყო წითელი არმიისთვის იარაღის წარმოება. წითელია არმია, რომელიც ძირითადად თინეიჯერებისაგან შედგებოდა, იჭერდა, აწამებდა და კლავდა ყველას, ვისაც თვითონ მიიჩნევდა საჭიროდ. როდესაც მაოს უთხრეს, რომ ქვეყანაში ასეთი საშინელი სიტუაცია იყო და რომ ხალხი თვითმკვლელობებამდეც კი მიდიოდა, მაომ თქვა: ჩინეთი ისეთი მრავალრიცხოვანია, რომ რამდენიმე ადამიანის სიკვდილი დიდი დანაკლისი სულაცა არააო. კულტურული რევოლუციის დასასრულად მაომ 1969 წელი გამოაცხადა, თუმცა ბევრი მიიჩნევს რომ ის მხოლოდ მაოს სიკვდილის შემდეგ, 1976 წელს დასრულდა. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში დაიწყო ხიდების მშენებლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, იაპონიასთან და ევროპასთან დასაკავშირებლად. 1972 წელს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი ეწვია ჩინეთს და მაოს შეხვდა. რაც შეეხება მაოს, იგი მძიმე ავადმყოფობამ იმსხვერპლა. მას სჭირდა პარკინსონის დაავადება და სიგარეტის წევის შედეგად ფილტვებისა და გულის დაავადებები. იგი 1976 წლის 2 სექტემბერს გულის შეტევით დაიღუპა. მაოს პიროვნება განსაკუთრებით სიმბოლურია არა მარტო ჩინელი ხალხისათვის, არამედ სრულიად კომუნიზმისთვის. მაომ საკუთარი თავი წარმოადგინა, როგორც მიწათმფლობელების, ბიზნესმენების, ამერიკისა და ზოგადად, დასავლეთის მტრად, შეიქმნა ღარიბი გლეხების, მუშების და ფერმერების მფარველის რეპუტაცია. ახალი თაობა იზრდებოდა და ახლაც იზრდება მაოს კულტის განდიდებით. მათ, რა თქმა უნდა, არ ახსოვთ და არ გამოუცდიათ ის შიმშილობის და ტანჯვის წლები, რომლებიც მაოს რეჟიმმა მოიტანა.

  1. BBC-ს სტატია მაო ძედუნის შესახხებ. http://www.bbc.co.uk/history/historic_figures/mao_zedong.shtml