Location via proxy:   [ UP ]  
[Report a bug]   [Manage cookies]                
შინაარსზე გადასვლა

მარტინ ვალდზეემიულერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარტინ ვალდზეემიულერი (მხატვარი გასტონ სავი, XIX საუკუნე).
ვალდზეემიულერის მსოფლიო რუკა, 1507.
ვალდზეემიულერის 1516 წლის მსოფლიო რუკის ფრაგმენტი (საქართველო და სხვ.)

მარტინ ვალდზეემიულერი (გერმ. Martin Waldseemüller, აგრეთვე Waltzemüller; (დ. დაახლ. 1470, ვოლფენვაილერი, ახლანდ. შალშტადტი, ბადენ-ვიურტემბერგი, — გ. 16 მარტი, 1520, სენტ-დიე, ლოთარინგია) — გერმანელი კარტოგრაფი. ცნობილია ასევე ლათინიზებული გვარ-სახელით — ჰილაკომილუსი (ლათ. Hylacomilus).

1507 წელს ვალდზეემიულერმა მათიას რინგმანთან ერთად გამოსცა ნაშრომი „კოსმოგრაფიის შესავალი“ («Cosmographiae Introductio»). ავტორებმა წამოაყენეს წინადადება, ახლად აღმოჩენილი კონტინენტისათვის, ამერიგო ვესპუჩის სახელის მიხედვით, ეწოდებინათ „ამერიკა“. ვ-მა ტერმინი „ამერიკა“ პირველმა დაიტანა რუკაზე 1507 წელს. ვალდზეემიულერს ეკუთვნის ასევე პირველი ნაბეჭდი გლობუსი და ევროპის პირველი ნაბეჭდი კედლის რუკა. ვალდზეემიულერმა მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა შემდგომდროინდელ ევროპულ კარტოგრაფიაზე.

ვალდზეემიულერის 1516 წლით დათარიღებულ მსოფლიოს მეორე რუკაზე (Carta marina) საინტერესო მასალაა წარმოდგენილი საქართველოს შესახებ.

შავ და კასპიის ზღვებს შორის დატანილი მცირე ჯვრები ქვეყნების ქრისტიანობაზე უნდა მიანიშნებდეს. საქართველოდ მოაზრებული ტერიტორია რუკაზე აზოვის და კასპიის ზღვების ზედა კიდეებამდე მიდის. Colchidis (კოლხიდა) ამ შემთხვევაში უნდა აღნიშნავდეს სამეგრელოს, Iberia (იბერია) აქ, სავარაუდოდ, არის იმერეთის სამეფო, Georgia (გეორგია) ალბათ — აღმოსავლეთ საქართველოს სამეფოები. აქვეა ქალაქი თბილისი (Triphelis), რომლის აღსანიშნავად მოცემულია ეკლესიის ან ქალაქის გამოსახულება. იქვე გამოხატულია მონარქი გვირგვინით, სამეფო ტანსაცმლით და კვერთხით. თბილისის სამხრეთით დატანილი ტბა, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს სამეფოშია, წესით სევანი უნდა იყოს, თუმცა ავტორი შესაძლოა სევანის ტბას ვანის ტბასთან აიგივებდეს. ამ ტბიდან დასავლეთით გამოედინება ევფრატი, აღმოსავლეთით კი — მტკვრისა და არაქსის ერთგვარი მთლიანობა, რომელიც შემდეგ კასპიის ზღვაში ჩადის. ტბის სამხრეთით მდებარე მთებზე მოჩანს პატარა ზომის ნოეს კიდობანი.

  • თვარაძე ა., საქართველო და კავკასია ევროპულ წყაროებში (XII –XVI საუკუნეთა ისტორიოგრაფიული და კარტოგრაფიული მასალის საფუძველზე), თბ., 2004.
  • თვარაძე ა., ვალდზეემიულერი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.
  • Hessler, John W., The naming of America: Martin Waldseemüller's 1507 world map and the Cosmographiae introductio, Giles, 2008.