მატილდა შოტლანდიელი
მატილდა შოტლანდიელი | |
---|---|
ინგლისის დედოფალი | |
კორონაცია: | 11 ნოემბერი, 1100 |
მმართ. დასაწყისი: | 11 ნოემბერი, 1100 |
მმართ. დასასრული: | 1 მაისი, 1118 |
წინამორბედი: | მატილდა ფლანდრიელი |
მემკვიდრე: | ადელაიდა დე ლუვენი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1080 |
დაბ. ადგილი: | დუნფერმლაინი, შოტლანდია |
გარდ. თარიღი: | 1 მაისი, 1118, (38 წლის) |
გარდ. ადგილი: | ლონდონი, ინგლისი |
დაკრძ. ადგილი: | უესტმინსტერის სააბატო, ლონდონი |
მეუღლე: | ჰენრი I, ინგლისის მეფე |
შვილები: |
მატილდა, საღვთო რომის იმპერატრიცა უილიამ ადელინი |
დინასტია: | დანკელდები |
მამა: | მალკოლმ III, შოტლანდიის მეფე |
დედა: | მარგარეტ შოტლანდიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
მატილდა შოტლანდიელი (ინგლ. Matilda of Scotland), აგრეთვე ცნობილია როგორც ედითი (ინგლ. Edith; დ. 1080 — გ. 1 მაისი, 1118) — შოტლანდიის მეფე მალკოლმ III-ისა და მისი მეუღლის, წმინდა დედოფალ მარგარეტ შოტლანდიელის ქალიშვილი. ინგლისის დედოფალი 1100-1118 წლებში როგორც მეფე ჰენრი I-ის პირველი მეუღლე. საღვთო რომის, გერმანიისა და ინგლისის დედოფალ მატილდას დედა.
ბავშვობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მატილდა დაიბადა 1080 წელს. იგი იყო შოტლანდიის მეფე მალკოლმ III-ისა და მისი ცოლის, წმინდანად შერაცხულ დედოფალ მარგარეტ შოტლანდიელის ასული. იგი მათი უფროსი შვილი იყო და დედის მხრიდან ინგლისის მეფეთა შთამომავალიც. მას მატილდა დაარქვეს, თუმცა მისი ნათლობის სახელი ედითია. მისი ნათლია იყო ინგლისის მეფე უილიამ I დამპყრობლის უმცროსი ვაჟი, პრინცი რობერტი. დედის გავლენით მატილდამ განათლება პატარა კათოლიკურ მონასტერში მიიღო მონაზვნებთან. ზოგიერთი ლეგენდის თანახმად, იგი აქ საიდუმლოდ აღიკვეცა მონაზვნად.
თავდაპირველად იგი დანიშნული იყო ინგლისის მეფე უილიამ II-ზე, რომელიც ხშირად სტუმრობდა მას მონასტერში, მაგრამ როგორც შემდგომში აღმოჩნდა, ჰომოსექსუალური მიდრეკილებების გამო უილიამი დაქორწინებას არ აპირებდა.
1093 წლის გაზაფხულზე, მამამისი აპირებდა მისი რიჩმონდის გრაფ ალან დე რეფიუსზე დაქორწინებას, თუმცა უცნობი მიზეზებით ქორწინება არ შედგა. ლეგენდების თანახმად, რიჩმონდთან მოლაპარაკების ჩაშლის მიზეზი მატილდას მონაზვნური გამომეტყველება და ჩვევები იყო, ალანმა კი განაცხადა, რომ მას დაქორწინება სურდა „ქალზე და არა ანგელოზზე“. ამის შემდეგ მატილდა შოტლანდიაში დაბრუნდა და ერთი წლის მანძილზე ელოდა მისთვის ახალი საქმროს პოვნას. მისი ძმა, ახალი მეფე დონალდ III ყველანაირად ცდილობდა მის გათხოვებას, მაგრამ კენტერბერის ეპისკოპოსი ამტკიცებდა, რომ მატილდა მონაზვნად იყო აღკვეცილი და მისი გათხოვება შეუძლებელი იყო. ამის გამო დონალდმა იგი კვლავ მონასტერში დააბრუნა. იგი აქ 1100 წლამდე დარჩა, რა დროსაც, როგორც მატიანე მოგვითხრობს, მატილდასთან ხშირად მიდიოდა სარის ერლი უორენ II, თუმცა უცნობია, ჰქონდათ თუ არა მათ რომანი.
ინგლისის დედოფალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1100 წელს, ინგლისის ტახტზე ახლად ასულმა მეფე ჰენრი I-მა მატილდას ცოლობა სთხოვა. მართალია შოტლანდიური მხარე სიხარულით დასთანხმდა წინადადებას, მაგრამ ქორწილამდე ინგლისის მეფემ კენტერბერის ეპისკოპოსისაგან მოითხოვა იმის დამტკიცება, რომ მატილდა მონაზონი არ იყო. საბოლოოდ გაირკვა, რომ მატილდა მართალია მონაზონივით იმოსებოდა, მაგრამ დობის ფიცი არ ჰქონდა დადებული, რის გამოც შოტლანდიის ეპისკოპოსთა ყრილობამ მას გათხოვების ნება დართო. 1100 წლის 11 ნოემბერს მატილდა და ჰენრი I დაქორწინდნენ, რითაც იგი ინგლისის დედოფალი გახდა. ამავე დღეს შედგა მისი კორონაციაც. ინგლისელები ახალ დედოფალს გულთბილად შეეგებნენ, რაც იმითაც იყო განპირობებული, რომ მატილდა დედის მხრიდან ინგლისის მეფეთა შთამომავალი იყო.
დედოფალი მატილდა მეტად რელიგიური ქალი იყო, რითაც იგი დედას ჰგავდა. იგი მფარველობას უწევდა ავგუსტინელთა ორდენსა და ლონდონის წმინდა სამების სახელობის ტაძარს. მატილდა ასევე დიდად იყო დაინტერესებული კეთროვანთა შემწეობით. დედოფლის ბრძანებით ააგეს სპეციალური საავადმყოფო, რომელიც მხოლოდ კეთრით დაავადებულებს ემსახურებოდა.
1118 წელს, მატილდას დაკვეთით, უესექსელმა ბერებმა დაწერეს დედამისის ბიოგრაფია. დედოფალმა ასევე დააფინანსა არაერთი ხელნაწერის ინგლისურად თარგმნა. იგი გარდაიცვალა ამავე, 1118 წლის 1 მაისს უესტმინსტერის სააბატოში. მატილდა დაკრძალეს იქვე, უესტმინსტერში, ინგლისის მეფე ედუარდ აღმსარებელის გვერდით. მისი გარდაცვალების შემდეგ ჰენრი მეორედ დაქორწინდა ფრანგ დიდგვაროვან ადელაიდა დე ლუვენზე.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ეფემია (1101), გარდაიცვალა ჩვილი;
- მატილდა (1102-1167), საღვთო რომის იმპერატრიცა, ანჟუს გრაფინია, ინგლისისა და გერმანიის დედოფალი, მეფე ჰენრი II-ის დედა;
- უილიამი (1103-1120), ნორმანდიის ჰერცოგი, ცოლად შეირთო მატილდა ანჟუელი, მაგრამ გარდაიცვალა უშვილოდ;
- ელიზაბეთი (1104), გარდაიცვალა ჩვილი;
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Chibnall, Marjorie. The Empress Matilda: Queen Consort, Queen Mother, and Lady of the English, 1992
- Hilton, Lisa (2010). Queens Consort: England's Medieval Queens from Eleanor of Aquitaine to Elizabeth of York. New York, NY: Pegasus Books LLC. ISBN 9781605981055. OCLC 649718519.
- Hollister, C. Warren (2001). Frost, Amanda Clark (ed.). Henry I. New Haven: Yale University Press. ISBN 9780300143720. OCLC 907375996.
- Parsons, John Carmi. Medieval Mothering, 1996
- Parsons, John Carmi. Medieval Queenship, 1997
- Huneycutt, Lois L. (2003). Matilda of Scotland: A Study in Medieval Queenship. Rochester, NY: Boydell Press. ISBN 9781846151149. OCLC 229990725.
- From a poem of Marbodius of Rennes.
- Weir, Alison (2017). Queens of the Conquest: England's Medieval Queens. London, England: Penguin Random House UK. ISBN 9781910702079. OCLC 1003999244.
|