Location via proxy:   [ UP ]  
[Report a bug]   [Manage cookies]                
შინაარსზე გადასვლა

ნეიტრალიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
  ნეიტრალური ქვეყნები აღიარებული კონსტიტუციით და საერთაშორისო საზოგადოებით
  ნეიტრალური პოზიცია არ აღიარებული საერთაშორისო საზოგადოებით
  ყოფილი ნეიტრალური ქვეყნები

ნეიტრალიტეტი (გერმ. Neutralität, ლათ. neuter — არც ერთი, არც მეორე) — საერთაშორისო სამართალშიომში არმონაწილეობა, მშვიდობიან პერიოდში საომარ ბლოკებში მონაწილეობისგან უარის თქმა.

ნეიტრალური სახელმწიფოები თავს იკავებენ, დაპირისპირებული საერთაშორისო სამართლის სუბიექტებიდან რომელიმეს მხარდაჭერისგან. ქვეყნები, რომლებიც ნეიტრალურ სახელმწიფოებად არიან აღიარებულნი, ან თავად აცხადებენ ამას, როგორც წესი, სამხედრო ალიანსების წევრობაზე უარს ამბობენ.

ნეიტრალიტეტის საერთაშორისო სამართალი შეიცავს სამ შეზღუდვას ომის პერიოდში ნეიტრაულური ქვეყნის მოქმედებაზე სხვა სახელმწიფოთა შორის:

  • არ მიაწოდოს საკუთარი შეიარაღება მეომარ მხარეებს;
  • არ დაუთმოს საკუთარი ტერიტორია მეომარ მხარეებს (ბაზირება, ტრანზიტი, გადაფრენა და მისთ.);
  • არ გაუწიოს დისკრიმინაცია რომელიმე მხარეს სამხედრო დანიშნულების იარაღისა და საქონლის მიწოდებისას (ანუ შეზღუდვა ან ერთნაირი უნდა იყოს, ან საერთოდ არ უნდა არსებობდეს).

ტრადიციულად ნეიტრალიტეტი ორი სახისაა: მუდმივი და ევენტუალური. მუდმივი ნეიტრალიტეტის დროს სამხედრო ბლოკებსა და მოქმედებებზე უარის თქმასთან ერთად ასეთი ქვეყნის ტერიტორიაზე არ უნდა არსებობდეს ერთმანეთთან მეომარი ქვეყნის ჯარები ან სამხედრო ბაზები. ევენტუალური ნეიტრალიტეტის პოზიციისას კი ქვეყანა გარკვეული სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის დროს თავს იკავებს. ნეიტრალიტეტის თვალსაზრისით ყველაზე „სტაჟიანი“ ქვეყნებია შვედეთი (1814 წლიდან), შვეიცარია (1815 წლიდან) და სან-მარინო (1862 წლიდან).

თანამედროვე საერთაშორისო სამართალი, არ აწესებს ნეიტრალიტეტის ცნების მკაცრ განსაზღვრებას, რაც რიგ სახელმწიფოებს, ლავირების შესაძლებლობას აძლევს. მაგალითად, შვეიცარია ნეიტრალიტეტის მიუხედავად, ფლობს სამხედრო შენაერთებს, ხოლო კოსტა-რიკა ასევე ნეიტრალური სახელმწიფო, სრულიად დემილიტარიზებულია. მიუხედავად ნეიტრალიტეტისა, ისეთი სახელმწიფოები, როგორებიც ავსტრია, ფინეთი, ირლანდია და შვედეთია მონაწილეობას იღებენ გაერთიანებული ერების სამშვიდობო ღონისძიებებში, რომლებიც მილიტარისტული ხასიათისაა. ხშირია შემთხვევები, როდესაც ნეიტრალიტეტი ტრადიციულ ხასიათს ატარებს და საერთაშორისო სამართლის სუბიექტისათვის ჩვეულებადაა ქცეული, მოცემულის კარგი მაგალითია „სკანდინავიური ბალანსის“ პოლიტიკა, უახლესი ისტორიის განმავლობაში, რეგიონის სახელმწიფოები, მაქსიმალურად ცდილობდნენ არ ჩარეულიყვნენ მიმდინარე კონფლიქტებში. XX საუკუნეში, იუნგოსლავიის მიერ გამოცხადებულ ნეიტრალიტეტს, სამართალმემკვიდრედ სერბეთი მოევლინა, რომელმაც მიუმხრობლობის კურსის გაგრძელება გადაწყვიტა.

ნეიტრალური სახელმწიფოს სამართლებრივი გარანტიები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნეიტრალური სახელმწიფო სარგებლობს თავდაცვის უფლებით, იმ შემთხვევაში, თუ სხვა საერთაშორისო სამართლის სუბიექტი მის წინააღმდეგ იმოქმედებს. ნეიტრალური სტატუსის მქონე სახლმწიფოების უფლება-მოვალეობები გადმოცემულია ჰააგის 1907 წლის კონვენციის მე-5 და მე-13 სექციებში. საომარი მოქმედებების მიმდინარეობისას, სხვა სახელმწიფოების მიერ, ნეიტრალური სახელმწიფოს ტერიტორიის გამოყენება დაუშვებელია მილიტარისტული მიზნებისათვის, რაც გულისხმობს სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსებას ქვეყნის ტერიტორიაზე, ტექნიკის ან საჯარისო ნაწილების ტრანსპორტირებას მის საზღვრებში. ნეიტრალური სახელმწიფო სამართლებრივად არ არის შეზღუდული აწარმოოს მილიტარისტული ხასიათის იმპორტ/ექსპორტი სხვა სახელმწიფოებთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს სახელმწიფოები საომარ მდგომარეობაში იმყოფებიან. სახელმწიფოებს ეკრძალებათ ნეიტრალური ქვეყნის ტერიტორიაზე ჯარების ან სხვა მილიტარისტული რესურსების გატარება. თუმცა, შესაბამისი შეზღუდვები, როგორც წესი, არ ვრცელდება ჰუმანიტარულ ასპექტებზე. ნეიტრალური სახელმწიფოს ტერიტორია ღიაა დაჭრილი მეომრების დასახმარებლად, ლტოლვილების მისაღებად და სამხედრო ტყვეების შესაფარებლად.

სახელმწიფო, რომელიც განახორციელებს აგრესიულ აქტს, მეორე საერთაშორისო სამართლებრივი სუბიექტის წინააღმდეგ, ან დაპირისპირებულ მხარეთა შორის რომელიმეს სასარგებლოდ ჩაერთვება კონფლიქტში, ვერ ისარგებლებს ნეიტრალური სახელმწიფოს სტატუსით. კონფლიქტში მონაწილეობად არ მიიჩნევა ჰუმანიტარული ადმინისტრირებისათვის აუცილებელი ზომების გატარება. ნეიტრალიტეტის სტატუსი და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი მახასიათებლები ვალიდურია მხოლოდ საერთაშორისო კონფლიქტების კონტექსტში. ნეიტრალურ სახელმწიფოებს ვალდებულებები აკისრიათ დაღუპულ სამხედროებთან მიმართებითაც, მსგავსი სამართლებრივი სტატუსის მქონე სუბიექტები, ვალდებულნი არიან აწარმოონ სამძებრო სამუშაოები და გარდაცვლილ სამხედროთა იდენტიფიკაცია, თუ ისინი ნეიტრალური სახელმწიფოს საზღვრებში აღმოჩნდებიან.

სახელმწიფო ნეიტრალიტეტის აღიარება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანამედროვე მსოფლიოში, სახელმწიფო ნეიტრალიტეტის სტატუსის აღიარების რიგი პრეცენდენტები არსებობს, რომელთაგან ზოგიერთი ფორმალური გარანტორის მონაწილეობით განხორციელდა. მაგალითისათვის, ავსტრიული ნეიტრალიტეტის გარანტორებად ოთხი სახელმწიფო (დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, საფრანგეთი და საბჭოთა კავშირი) მოგვევლინა. ფინეთის ნეიტრალური სახელმწიფოს სტატუსიც საბჭოთა კავშირს უკავშირდება. შვეიცარიის ნეიტრალიტეტი ვენის კონგრესის ხელმომწერებმა გადაწყვიტეს. ნეიტრალიტეტის სტატუსის შესახებ ხელშეკრულების ფორმებიც შესაბამისად განსხვავდება, ფინეთის შემთხვევაში ორმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა, ავსტრიული ნეიტრალიტეტის აღიარებისას მრავალმხრივი, ხოლო თურქმენეთის ნეიტრალიტეტი გაერთიანებული ერების რეზოლუციით დამტკიცდა. მსგავსი ხელშეკრულებები შესაძლოა იძულებით იქნას მიღწეული, რასაც საბჭოთა კავშირი არ ერიდებოდა, ან გეოპოლიტიკური რეალობით გახდეს განპირობებული, როგორც ირლანდიის შემთხვევაში მოხდა მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას.

რიგ შემთხვევებში ნეიტრალიტეტის შესახებ აღნიშვნა კონსტიტუციაში შეიძლება იყოს გაწერილი. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სამართლის სუბიექტები არ არიან ვალდებულნი დეტალურად გაწერონ კონსტიტუციაში ნეიტრალიტეტის მახასიათებლები. იაპონიის უმაღლესი იურიდიული დოკუმენტი სახელმწიფოს საერთაშორისო ომებში ჩართვას უკრძალავს, ავსტრიის ძირითადი კანონი უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზების განთავსებას ცნობს დაუშვებლად ფედერაციული რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ხოლო შვედეთის კონსტიტუციას მსგავსი ფორმალური კოდიფიკაცია საერთოდ არ გააჩნია.

ისტორიული კონტექსტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიულად, სახელმწიფოებს ჰქონდათ თავისუფლება ჩარეულიყვნენ საერთაშორისო კონმფლიქტებში რომელიმე მხარის სასარგებლოდ. მიუხედავად იმისა, აკავშირებდათ თუ არა დაპირისპირებულ ბანაკებს სახმელეთო საზღვარი. ხშირად ალიანსების ჩამოყალიბებას ისეთი ფაქტორები ახდენდნენ, როგორიც მაგალითად სავაჭრო გზებია. ნეიტრალიტეტის გამოცხადება გახლდათ საშუალება სახელმწიფოთათვის, თავი აერიდებინათ დაპირისპირებებისა და მათგან მომდინარე შედეგებისგან. პირველი მცდელობები ნეიტრალიტეტის ლეგალური განსაზღვერბის შესაქმნელად XVII-XIX საუკუნეებს უკავშირდება, თუმცა პირველი მინიშნება ნეიტრალური სტატუსის შესახებ, შეგვიძლია, ბევრად უფრო ადრე მიმდინარე პელოპონესის ომებს დავუკავშიროთ.

ძველი წელთაღრიცხვით მეხუთე საუკუნეში, როდესაც ათენის და სპარტის პოლისებს შორის დაპირისპირება პიკს აღწევდა, ათენელებმა კუნძულ მელოსის დაპყრობა გადაწყვიტეს - ტერიტორიის, რომელიც სტრატეგიულ მნიშვნელობას არ ატარებდა. კუნძულის წარმომადგენლებმა ათენელებს მიმართეს, რომ ისინი არც მტრები და არც მეგობრები არ იყვნენ და ნეიტრალიტეტი სურდათ, მელოსის დაპყრობა, კი სხვა სუვერენებს სპარტისაკენ მიმხრობას აიძულებდათ. უძველეს ნეიტრალურ სახელმწიფოდ, შეგვიძლია შვეიცარია მივიჩნიოთ, რომელიც ნაპოლეონის ომების შემდეგ, 1815 წლიდან ნეიტრალურია. ასევე უძველესი ნეიტრალური სახელმწიფოა შვედეთიც, რომლის ნეიტრალიტეტიც ფრანგ იმპერატორთან ბრძოლის დასრულებას უკავშირდება. გუსტავ XIV-მ შვედეთი ნეიტრალურ სახელმწიფოდ 1834 წელს გამოაცხადა. შვეიცარიის და შვედეთის ნეიტრალიტეტი განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, როდესაც შვედეთმა გერმანელებს ნება დართო საკუთარი ტერიტორიის გამოყენებით, სამხედრო ნაწილები ფინეთში გაეგზავნათ. შვეიცარიამ, თავის მხრივ, იტალიასა და გერმანიის შორის სატრანსპორტო კორიდორის როლი შეასრულა.

მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, ნეიტრალური სტატუსის შესახებ უამრავმა ევროპულმა სახელმწიფომ განაცხადა, თუმცა მხოლოდ: ანდორას, ირლანდიას, ესპანეთს, პორტუგალიას, შვედეთს, შვეიცარიას (ლიხტენშტეინითურთ) და ვატიკანს არ მიუღიათ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილება.

ნეიტრალიტეტის მიუხედავად, ირალნდიელები აქტიურად ეხმარებოდნენ ანტიჰიტლერულ კოალიციას საიდუმლო ინფორმაციით და საკუთარი წვლილიც შეიტანეს „ოვერლორდის“ ოპერაციის მომზადებაში, რომელიც, მიზნად ისახავდა, გერმანელთა განდევნას ჩრდილოეთ საფრანგეთიდან და იქ მომდევნო ოპერაციებისათვის მყარი ბაზისის შექმნას. ირლანდიური ნეიტრალიტეტის სასარგებლოდ, კი უნდა ითქვას რომ კუნძულელები, მათ ტერიტორიაზე აღმოჩენილ, დაპირისპირებული მხარეების სამხედრო პილოტებს თანაბრად ეპყრობოდნენ, საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად.

საინტერესო გახლდათ ესპანური და პორტუგალიური ნეიტრალიტეტის ფორმებიც. ესპანელები ნეიტრალიტეტის მიუხედავად, ნაცისტურ გერმანიას და მის მოკავშირეებს საკუთარ პორტებს უთმობდნენ, ამარაგებდნენ გერმანელებს საჭირო რესურსებით და გზავნიდნენ მოხალისეთა რაზმებს ანტიჰიტლერული კოალიციის წინააღმდეგ საბრძოლველად. პორტუგალიელები ერთის მხრივ, გერმანიის წინააღმდეგ, მოკავშირეებს საკუთარი პორტების გამოყენების საშუალებას აძლევდნენ, ხოლო მეორეს მხრივ, ნაცისტურ გერმანიას ვოლფრამით ამარაგებდნენ.

აღსანიშნავია, რომ მეორე მსოფლიო ომში ამერიკული ნეიტრალიტეტი ლენდ-ლიზის სახელმწიფო პროგრამით დასრულდა, რომლის შესაბამისადაც ამერიკის შეერთებული შტატები ამარაგებდა გაერთიანებულ სამეფოს, საბჭოთა კავშირს, ჩინეთს, საფრანგეთს და სხვა მოკავშირე სახელმწიფოებს დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალით, იარაღით, სურსათით და სტრატეგიული ნედლეულით. სანაცვლოდ დიდი ბრიტანეთისაგან შტატებმა მიიღო სამხედრო ბაზები ნიუფაუნდლენდში, ბერმუდის კუნძულებსა და კარიბის ზღვაში. პროგრამა დაიწყო 1941 წლის მარტში, ომის მიმდინარეობის მე-18 თვეს.

მიუხედავად დიპლომატიური აქტივობებისა, ვატიკანი ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში, რის გამოც, დაპირისპირების მორალური ასპექტიდან გამომდინარე კრიტიკის ობიექტადაც იქცა.

ცივი ომი აშშ-სა და მისი მოკავშირეების ბანაკის საბჭოთა კავშირთან და მის მოკავშირეებთან გლობალური გეოპოლიტიკური, ეკონომიკური და იდეოლოგიური დაპირისპირება გახლდათ, რომელიც XX საუკუნის 1940-იანი წლების შუახნიდან 1990-იანი წლების დასაწყისამდე გრძელდებოდა. ორი დაპირისპირებული ბანაკის არსებობის მიუხედავად, სახელმწიფოთა უმრავლესობამ, მიმდინარე კონფლიქტში ჩართვა არ ისურვა.

ცივი ომის პერიოდს უკავშირდება მიუმხრობლობის მოძრაობის ჩამოყალიბება. 1961 წელს, ქალაქ ბელგრადში ჩატარდა კონფერენცია, რომელშიც მიუმხრობელი სახელმწიფოების ლიდერებმა საკუთარი ბლოკის შექმნა გადაწყვიტეს. ბელგრადის კონფერენციას უძღვებოდნენ ინდოეთის, ინდონეზიის, განის და იუგოსლავიის სახელმწიფო ლიდერები. მიუმხრობელ სახელწიფოთა ლიგაში 25 სახელმწიფო გაერთიანდა, რომლებმაც ლეგალური ბიუროკრატიისგან თავის ასარიდებლად, საკუთარ გაერთიანებას მიუმხრობლობის მოძრაობა დაარქვეს. ნეიტრალური სუბიექტების ერთობამ მიზნად დაისახა ასევე კოლონიალიზმთან, რასიზმთან და ნეო–კოლონიალიზმთან დაპირისპირება, ერთა თვითგამორკვევის პრინციპის და ნაციონალური სუვერენიტეტის მხარდაჭერა, ასევე მიუმხრობლობის მოძრაობის წევრები, უარს აცხადებდნენ საერთაშორისო კონფლიქტებში მონაწილეობაზე.

მიუმხრობლობის ლიგის 10 პრინციპი:

  • ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა
  • სახელმწიფოთა სუვერენიტეტის და ტერიტორიული ერთობის პატივისცემა
  • აღიარება რასათა და ერთა თანასწორობის
  • ჩაურევლობა და მიუმრობლობა სხვა სახელმწიფოთა საგარეო პოლიტიკაში
  • სახელმწიფოთა მიერ თავდაცვის, მათ შორის კოლექტიური თავდაცვის უფლების პატივისცემა
  • ძალაუფლების რომელიმე ღერძის სასარგებლოდ, კოლექტიური თავდაცვის გამოუყენლობაზე შეთანხმება. ერთი სახელმწიფოს ძალაუფლების სხვა სახელმწიფოთათვის წნეხის შესაქმნელად გამოყენებაზე კოლექტიური უარი
  • აგრესიის შესახებ მუქარის, ან სხვა სახელმწიფოს ტერიტორიული ერთიანობის, მისი სუვერენიტეტის წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე კოლექტიური უარი
  • საერთაშორისო კომფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტა
  • საერთო ინტერესების ლობირება და კოოპერაცია
  • საერთაშორისო ვალდებულებების პატივისცემა

მიუმხრობლობის მოძრაობაში ამჟამად 119 სახელმწიფოა გაწევრიანებული მათ შორის 1 ევროპული ბელარუსი, 38 აზიური, 53 აფრიკული, 26 სამხრეთამერიკული და კარიბის ქვეყანა. 2011 წელს გამართულ კონფერენციაზე, გაერთიანებაში მიიღეს ასევე, აზერბაიჯანიც.

შეიარაღებული ნეიტრალიტეტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეიარაღებული ნეიტრალიტეტი არის მეომარი სახელმწიფოების მოქმედებებისაგან თავდაცვის პოლიტიკა, რომელსაც ატარებს ნეიტრალური სახელმწიფო ან სახელმწიფოების ჯგუფი და ოფიციალურადაა განცხადებული. შეიარაღებული ნეიტრალიტეტის პრინციპები ასახულია პარიზის ხელშეკრულებაში ჰააგის 1907 წლის კონვენციაში და ნიონის 1937 წლის შეთანხმებაში სავაჭრო გემებზე წყალქვეშა ნავების მეკობრულ თავდასხმებთან ბრძოლის შესახებ.

შეიარაღებული ნეიტრალიტეტის ფენომენის ჩამოყალიბება უკავშირდება, ბრიტანული სამეფო ფლოტის დომინაციას. XVIII საუკუნის მიწურულს, ბრიტანელებმა აჯანყებული კოლონიების ბლოკირებისათვის ზღვებში ნეიტრალური გემების ინსპექტირება დაიწყეს. განსაკუთრებულ წნეხში მოექცა ნიდერლანდები, რომელიც აქტიურად ვაჭრობდა [[[ამერიკა]]სთან. გაერთიანებულმა სამეფომ, ნიდერლანდებს შესთავაზა ეწარმოებინათ ვაჭრობა აჯანყებულებთან, თუმცა სამხედრო ამუნიცია და შეიარაღება მათთვის არ მიეყიდათ. კუნძულელების წინადადება, ნიდერლანდელებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ევროპულ სახელმწიფოებს შორის დაძაბული დიპლომატიური ვითარებით, რუსეთის იმპერატორმა ეკატერინე II -მ ისარგებლა და შვედეთსა და დანიასთან ერთად, კოლექტიური შეიარაღებული ნეიტრალიტეტის პაქტი გააფორმა. მონარქების შეთანხმების პრინციპების თანახმად, ხომალდებს, რომლებიც მეომარი სახელმწიფოების წევრებს არ ეკუთვნოდათ, თავისუფლად უნდა შესძლებოდათ გადაადგილება. პაქტმა მოწონება დაიმსახურა სხვა ევროპული სახელმწიფოების მხრიდან, თუმცა ნიდერლანდების მიერ, გამოთქმულ სურვილს გაწევრიანებულიყვნენ ნეიტრალურ სახელმწიფოთა რიგებში, გაერთიანებული სამეფოს მიერ 1780 წელს ნიდერლანდების წინააღმდეგ ომის გამოცხადება მოჰყვა.

ისტორიულად ცნობილია შეიარაღებული ნეიტრალიტეტის ორი ლიგა. პირველი მათგანი ეკატერინე II–ის ინიციატივით, 1780 წელს შეიქმნა რუსეთის სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადებასთან ერთად და უკავშირდებოდა ამერიკის დამოუკიდებლობის ომს. მეორე ლიგა ან, როგორც მას ასევე უწოდებენ ჩრდილოეთის ალიანსი, 1801 წელს პავლე I–ის ინიციატივით დაფუძნდა და მასში ერთიანდებოდნენ, რუსეთის, პრუსიის, შვედეთის და დანია–ნორვეგიის სახელმწიფოები. ალიანსი ხანმოკლე აღმოჩნდა, 1801 წლის მარტში, რუსეთის იმპერატორი პავლე მოკლეს, რასაც ალექსანდრე I-ის ტახტზე ასვლასთან ერთად, სახელმწიფო პოლიტიკის ცვლილება მოყვა.

კონფლიქტთა სახეები და სახელმწიფო ნეიტრალიტეტი

თანამედროვე ჰუმანიტარული საერთაშორისო სამართალი, შეიარაღებული კომფლიქტის ორ განსაზღვრებას გვთავაზობს:

  • საერთაშორისო კონფლიქტი – ორი ან მეტი სახელმწიფოს ურთიერთდაპირისპირება
  • არასაერთაშორისო (ლოკალური) კონფლიქტები – შეიარაღებული დაპირისპირება სამთავრობო და სხვა დაჯგუფებებს შორის

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ნეიტრალიტეტის არსებობა შესაძლოა, მხოლოდ საერთაშორისო კონფლიქტის მიმდინარეობისას, მისი სტატუსი და საერთაშორისო სამართლის მიერ დეკლარირებული გარანტიები ლოკალურ კონფლიქტებში ვერ გავრცელდება. პრაქტიკული თვალსაზრისით, შესაძლოა დაპირისპირების ერთმა სახემ, მეორეს დაუდოს საფუძველი და პირიქით, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ნეიტრალიტეტის სტატუსით მოაზრებულ სამართლებრივ ელემენტებს.

რიგ სახელმწიფოთა ნეიტრალიტეტის ლეგიტიმაციის საკითხი, ხშირად აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. მაგალითისასთვის ასეთ სახელმწიფოებად შეგვიძლია მოვიხსენიოთ ევროკავშირის წევრი სუბიექტები, 5 სახელმწიფო ( ავსტრია, ირლანდია, ფინეთი, მალტა, შვედეთი) რომლებიც თავს ნეიტრალურებად მიიჩნევენ. ევროპული გაერთიანება დაარსების დღის შემდეგ, საგრძნობლად შეიცვალა, აღსანიშნავია გაზრდილი კომპეტენცია თავდაცვის, კრიზისული სიტუაციების მართვის და უშიშროების დარგებში. შესაბამისად თანამედროვე ევროკავშირის სისტემა მოიცავს იმ სფეროებსაც, რომელიც ასევე ნეიტრალიტეტის განმსაზღვრელია.

ლისაბონის ხელშეკრულება 42.7–ე პუნქტის მეშვეობით, განსაზღვრავს, რომ თუ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდება აგრესიის მსხვერპლი, გაერთიანების სხვა წევრი სახელმწიფოები, ვალდებულნი არიან, მათ ხელში არსებული შესაძლებელი დახმარება აღმოუჩინონ ასეთ სუბიექტს. მოცემული ფორმულირება არ აკონკრეტებს დახმარების ფორმას, რაც ნეიტრალიტეტის სტატუსის მქონე სახელმწიფოებს, აძლევთ საშუალებას არა–მილიტარისტული, ჰუმანიტარული მხარდაჭერით შემოიფარგლონ, თუმცა პრობლემა კრიტიკოსებისთვის მაინც რჩება განსახილველ საკითხად.

2017 წელს, ევროკავშირმა „პერმანენტული სტრუქტურული კოოპერაციის’’ (PESCO) პოლიტიკა შეიმუშავა, რომლის მეშვეობითაც ერთობის მილიტარისტულ აქტივობათა ნუსხა გაიზარდა. უკრაინის, ლიბიის და სირიის კონფლიქტების მიმდინარეობამ, ამერიკის შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებამ, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენელი ევროპელი კოლეგების მიმართ ხშირად კრიტიკულია, ევროკავშირის წევრებს სამხედრო პოლიტიკური კურსების შემუშავება გადააწყვეტინა. ახალი პროტოკოლი თავდაცვითი შეიარაღების ჰარმონიზებას, კვლევებსა და აღჭურვილობებში სახსრების ინვესტირებას, სამხედრო ტაქტიკურ და ტექნიკურ თანამშრომლობას, კრიზისების მართვის და მშვიდობისათვის აუცილებელი ზომების ვარიაციებს აერთიანებს. მართალია, რომ „პერმანენტული სტრუქტურული კოოპერაციის’’ პოლიტიკა სავალდებულო არ არის წევრი სახელმწიფოებისათვის, თუმცა მალტა ერთადერთი ნეიტრალური სახელმწიფო აღმოჩნდა, რომელმაც მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

უკანასკნელ პერიოდში, აქტუალური გახდა ევროკავშირის არმიის ფორმირების ინიციატივა. ერთიანი კონტინენტური საჯარისო ნაწილების შექმნის იდეას, ლობირებს უამრავი პოლიტიკოსი, მათ შორის საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ინიციატივის მომხრეთა აზრით, ევროკავშირის არმია კონტინენტს მეტ ავტონომიურობას და ეკონომიკურ ბენეფიტებს მიანიჭებს. მართალია მილიტარისტული წინადადება პოლიტიკურ ჯგუფებში, ჯერჯერობით მხოლოდ იდეის დონეზე განიხილება, თუმცა მისი განხორციელების შემთხვევაში, ნეიტრალური სახელმწიფოს სტატუსის მქონე წევრ სუბიექტებს, ამ სტატუსის შენარჩუნება და მისი თანმდევი შედეგებით სარგებლობა გაუჭირდებათ.

  • Costa Rica Constitution - ARTICLE 12.
  • Neutrality and the Nordic countries - 2019.02.06 | NORBERT GÖTZ
  • Hague Convention (V) Respecting the Rights and Duties of Neutral Powers and Persons in Case of War on Land, U.S.T.S. 540, 2 A.J.I.L. Supp. 117, entered into force January 26, 1910.
  • Convention (I) for the Amelioration of the Condition of the Wounded and Sick in Armed Forces in the Field. Geneva, 12 August 1949. -912  
  • Convention (I) for the Amelioration of the Condition of the Wounded and Sick in Armed Forces in the Field. Geneva, 12 August 1949. - 940
  • Aspects of Finnish Neutrality Brian S. Faloon 1982 p4
  • Rune Müller The Law of NeutralityObstruction or Completion to the System of Collective Security? p8
  • Crawford, James, Byers, Michael, International Law Association Reports of Conferences Vol. 67 hereinafter (ed.) Crawford, Byers 1996, London 1996, p. 368.
  • Rune Müller The Law of Neutrality Obstruction or Completion to the System of Collective Security? p.6
  • Von Castelmur, Linus et. al., Switzerland, National Socialism and the Second World War (hereinafter: von Castelmuret. al. 2002), Zürich 2002 p. 226
  • The WWII camp where Allies and Germans mixed". BBC News. 28 June 2011 – via www.bbc.co.uk.
  • Pascal Lottaz and Florentino Rodao: "The Vatican, World War II, and Asia: Lessons of Neutral Diplomacy", In: Pascal Lottaz/Herbert R. Reginbogin (eds.): Notions of Neutralities, Lanham (MD): Lexington Books 2019, pp. 215-238
  • De Madariaga, Isabel. Britain, Russia, and the Armed Neutrality of 1780: Sir James Harris's Mission to St. Petersburg During the American Revolution(Yale UP, 1962).
  • Consolidated version of the Treaty on European Union/Title V: General Provisions on the Union's External Action Service and Specific Provisions on the Common Foreign and Security Policy – 42.7
  • "Article 42(6), Article 43(1), Article 46, Protocol 10 of the amended Treaty on European Union"

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]