Location via proxy:   [ UP ]  
[Report a bug]   [Manage cookies]                
შინაარსზე გადასვლა

რუსეთ-ოსმალეთის ომი (1735-1739)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ რუსეთ-ოსმალეთის ომი.
საბრძოლო მოქმედებების არეალი 1737 წელს.

რუსეთ-ოსმალეთის 1735-1739 წლების ომში რუსეთი მიზნად ისახავდა შავ ზღვაზე გასვლას და სამხრეთი ოლქების უშიშროების უზრუნველყოფას ყირიმელი თათრების თავდასხმებისაგან. 1732 და 1735 წწ. რუსეთმა ირანს დაუბრუნა კასპიისპირა პროვინციები იმ ვარაუდით, რომ იგი კვლავ გაძლიერებულიყო და ოსმალეთს დაპირისპირებოდა. რუსეთის მთავრობა ამაოდ იმედოვნებდა ირანის გამოყენებას ოსმალეთის წინააღმდეგ - რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს ირანი განზე გადგა. კასპიისპირეთიდან რუსეთის ჯარის გასვლა კონსტანტინოპოლში რუსეთის სისუსტედ ჩათვალეს. ყირიმის ხანმა ყაფლან გირეიმ 1735 წელს ჩრდილოეთ კავკასიაზე გაილაშქრა. გახშირდა ყირიმელი თათრების თავდასხმები უკრაინაზე. საფრანგეთის წაქეზებით ოსმალეთმა ომი დაიწყო. რუსეთის სარდლობის 1736 წლის გეგმა გულისხმობდა ორი მიმართულებით მოქმედებას: ერთი მხრივ აზოვის დაკავებას, ხოლო მეორე მხრივ, მთავარი ძალებით ყირიმში შეჭრას. 19 ივნისს 28-ათასიანმა რუსეთის დონის არმიამ აზოვი დაიკავა, ხოლო 62-ათასიანმა დნეპრის არმიამ პერეკოპი აიღო, ყირიმში შეიჭრა და 17 ივნისს ბახჩისარაიც დაიკავა, მაგრამ ყირიმში ვეღარ გამაგრდა და უკან გაბრუნდა. 1737 წელს რუსეთის ჯარებმა ერთდროულად განაახლეს შეტევა ყირიმისა და ოჩაკოვის მიმართულებით, ივლისში ოჩაკოვი აიღეს, ყირიმში კი ყარასუბაზრის აღება მოახერხეს, მაგრამ, მიუხედავად ამ წარმატებებისა, რუსეთის ჯარი იძულებული იყო ყირიმიდან კვლავ წასულიყო. 1737 წლის ივლისის ომში რუსეთის მოკავშირე ავსტრიაც ჩაება. ამასობაში ნემიროვში მშვიდობიანი მოლაპარაკებაც გაიმართა, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწიეს, ამიტომაც საომარო მოქმედებები კვლავ განახლდა. ფრონტზე საერთო სირთულეს ჭირის ეპიდემიაც დაერთო, რუსეთის ჯარს ოჩაკოვისა და კინბურნის დატოვება მოუხდა. 1739 წელს რუსეთის 58-ათასიან არმია ხოტინისაკენ გაემართა, სტავუჩანთან დაბანაკებული ოსმალები გაანადგურა, შემდეგ ხოტინი და იასი აიღო. ავსტრიელები კი დამარცხდნენ და 1739 წლის 7 სექტემბერს ოსმალებთან სეპარატული ხელშეკრულება დადეს. 18 სექტემბერს ბელგრადში ხელი მოაწერეს რუსეთ-ოსმალეთის საზავო ხელშეკრულებას. რუსეთმა აზოვი მიიღო იმ პირობით, რომ იქ არავითარ სიმაგრეს არ ააგებდა, ხოლო ომის მსვლელობის დროს დანარჩენი დაკავებული ტერიტორია ოსმალეთს დაუბრუნდა.