საარემაა
მშობ. სახელი: ესტ. Saaremaa | |
---|---|
XIV-XVI საუკუნეების საეპისკოპოსოს სასახლე | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | ბალტიის ზღვა |
კოორდინატები | 58°25′00″ ჩ. გ. 22°30′00″ ა. გ. / 58.41667° ჩ. გ. 22.50000° ა. გ. |
არქიპელაგი | მოონზუნდის არქიპელაგი |
ფართობი | 2673 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 54 მ |
მაზრა | საარემაა (მაზრა) |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | 34 978 კაცი (2007) |
სიმჭიდროვე | 13,086 კაცი /კმ² |
საარემაა (ესტ. Saaremaa, დან. Øsel, გერმ. Ösel, შვედ. Ösel, ლატვ. Sāmsala, პოლ. Sarema) — ესტონეთის უდიდესი კუნძული, ფართობით 2673 კმ²-ია და მოონზუნდის არქიპელაგის ნაწილია,[1] რომელიც ქვეყნის კონტინენტური ნაწილის დასავლეთით, ბალტიის ზღვაში მდებარეობს და კონტინენტისგან სრუტე სუურ ვიანით, ანუ დიდი სრუტითაა გამოყოფილი. კუნძულის დედაქალაქია ქ. კურესაარე (მოსახლეობა 16 100). მანძილი მას და ტალინს შორის 216 კმ–ია.
კურესაარე ცნობილია მისი კარგად შემონახული ციხესიმაგრით, რომელიც შედგება XIV-XVI საუკუნეების საეპისკოპოსოს სასახლისგან (დღეს მასში საარემაას მუზეუმია განლაგებული) და მისი გარემომცველი XVI-XIX ბასტიონთა წყებისგან, რომელთა წინ თხრილებია გათხრილი. ქალაქის ცენტრში კიდევ რამდენიმე საინტერესო შენობა მდებარეობს, რომელთა შორის აღსანიშნავია ადრეული ბაროკოს სტილის რატუშა და საზომთა სახლი (ორივე XVII საუკუნის).
საარემაას აღმოსავლეთით მდებარეობს მცირე კუნძული მუჰუ, რომელიც საარემაას ადმინისტრაციულ რაიონში შედის. საარემაას და მუჰუს კულტურული მემკვიდრეობიდან აღსანიშნავია რამდენიმე შუა საუკუნეების ეკლესია (კაარმა, კარია, მუჰუ, ვალიალა) და ყოფილ არისტოკრატთა სასახლეები (ქოილიალა, ლოონე, პიადასტე, ტოილუსტე). აღსანიშნავია აგრეთვე ადგილობრივი ეთნოგრაფიული ღირსშესანიშნაობანი — მიჰქლის ფერმა-მუზეუმი, მეთევზეთა სოფელი ქოგუვა და ანგლას ქარის წისქვილები.
საარემაზე მდებარეობს ესტონეთის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობა — ტბა კაალი, რომელიც გეოლოგიურ წარსულში ასტეროიდის დარტყმით წარმოქმნილ იდეალურად წრიულ კრატერში მდებარეობს. კუნძულზე მდებარეობს ვიიდუმიაეს და ვილსანდის ნაკრძალები — პირველი მცენარეთა იშვიათი სახეობების, ხოლო მეორე გადამფრენი და მობუდარი ფრინველების დასაცავად. აღსანიშნავია აგრეთვე კირქვის დიდი ფლატეები, რაც რამდენიმე ადგილას გარს ეკვრის სანაპირო ზოლს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Taylor, N. with Karin T (2008). Saaremaa: a History and Travel Guide. Tallinn: OÜ Greif. ISBN 978-9985-3-1606-1
- Geotourism highlights of the Saaremaa and Hiiumaa islands (2009) (23 mb pdf)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საარემაა, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- საარემაას მუზეუმი დაარქივებული 2007-09-28 საიტზე Wayback Machine.
- ტურისტული საიტი საარემაას შესახებ დაარქივებული 2011-03-22 საიტზე Wayback Machine.
- Saaremaa საიტზე Curlie
- Saaremaa
- VisitSaaremaa - Official Tourism page of Saaremaa
- Neomobile დაარქივებული 2004-06-16 საიტზე Wayback Machine. provide local bus services across the island
- Estonian Air fly between Tallinn and Kuressaare
- Watch Saaremaa online via webcam დაარქივებული 2017-08-12 საიტზე Wayback Machine.
- Saaremaa დაარქივებული 2021-05-07 საიტზე Wayback Machine. Estonica
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ www.saaremaa.ee. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-10. ციტირების თარიღი: 2017-12-18.