სადჰუ
სადჰუ (სანსკ. साधु sādhu „კეთილი“) — ბერი, განდეგილი ინდუიზმში. ასევე რომელიმე ინდუისტური ორდენის წარმომადგენელი ასკეტი.
ინდუიზმში სადჰუს უწოდებენ ასკეტს, იოგინს ან წმინდანს, რომელიც აღარ ცდილობს ინდუიზმისათვის ძალზე მნიშვნელოვანი სამი ცხოვრებისეული დანაწესის აღსრულებას. ეს დანაწესებია: კამა (გრძნობითი სიამოვნეა), არტჰა (მატერიალური განვითარება) და დჰარმა(მოვალეობა, მაგ.,კასტური ვალდებულებანი). სადჰუ მთელს სიცოცხლეს მოკშის (განთავისუფლების) მიღწევას უთმობს, რასაც იგი მედიტაციისა და ღმერთის შემეცნებით ცდილობს. სადჰუს ტანსაცმელი ხშირად ოხრას ფერისაა, რაც განდგომილებას ნიშნავს. ზოგი სადჰუ სამოსელზე მთლიანად უარს ამბობს. ამ უკანასკნელთ ტოტაპურებს ეწოდებენ.
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სანსკრიტის ტერმინი sādhu ("კეთილისმყოფელი კაცი") და sādhvī ("კეთილისმყოფელი ქალი") გამოიყენება იმ პირთა აღსანიშნავად, ვინც სოფელს განერიდა და თავი მიუძღვნა სულიერ პრაქტიკებს. სიტყვა წარმოსდგება სანსკრიტული sādh-იდან, რაც "მიზნის მიღწევას", "სწორად ქმნას", ან "რაიმესთვის ძალისხმევას" აღვიშნავს. იგივე ფუძეს ვხვდებით სიტყვაში სადჰანა (sādhana), რაც "სულიერ პრაქტიკას" ნიშნავს.
სადჰუ თანამედროვე ინდოეთში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩვეულებრივ, სადჰუ არის სოფლისაგან გნდეგილი და მატერიალური სიამოვნების უარმყოფელი ბერი. ისინი ცხოვრობენ გამოქვაბულებში, ტყეებში და ტაძრებში. სადჰუს ძალზე ხშირად შეხვდებით ინდოეთის დიდი ქალაქების ქუჩებშიც. ხშირად მორწმუნენი სადჰუსაგან ფულის სანაცვლოდ კურთხევასა და დალოცვას იღებენ. ხალხი მათ სადჰუ ბაბას უწოდებს. ინდოეთის თითქმის ყველა ენაზე "ბაბა" მამას ან ბიძას ნიშნავს. ზოგჯერ ბაბას ერთვის მოწიწებისა და პატივისცემის აღმნიშვნელი სუფიქსი "ჯი" - ბაბაჯი.
2007 წლის მონაცემებით ინდოეთში 4 დან 5 მილიონამდე მოხეტიალე სადჰუა. თანამედროვე ინდოეთში მათ დიდი პატივისცემით ეპყრობიან. ხალხი მათ თაყვანსა სცემს სიწმინდის გამო და ხშირად ეშინიათ კიდეც მათი წყევლისა. ითვლება, რომ სადჰუ ასკეტური მოღვაწეობით წვავს და ანადგურებს არა მარტო თავის კარმას, არამედ მთლიანად საზოგადოებისას. მიუხედავად ამისა, სადჰუს მიმართ ყოველთვის არსებობდა ერთგვარი ზიზღიც. განსაკუთრებით ეს საგრძნობია დიდ ქალაქებსა და მომლოცველობის ადგილებში, სადაც მრავალი მათხოვარი და ღატაკი თავს სადჰუდ ასაღებს და ამით ფულის შოვნას ცდილობს.
სადჰუთათვის არ არსებობს საერთო სულიერი პრაქტიკა. მრავალი მათგანი წლების მანძილზე მთებში განდეგილად ცხოვრობს და მხოლოდ ბალახეულით ან ხილით იკვებებიან. არიან ისეთებიც, ვინაც კანაფს ეწევა და ამ გზით ცდილობს კოსმოსის ბუნების ჭვრეტასა და კვამლის რკალთა შორის ღმერთის შეცნობას.
ნაგა-ბაბა, იგივე ტოტაპური დედიშობილა სადჰუა, რომელიც დიდ დრედლოკებს ატარებს.
აგჰორა - არის სადჰუს კატეგორია, რომელნიც გვამთა კრემაციის ადგილებში ცხოვრობენ, სასმისად ადამიანის თავის ქალას იყენებენ და სულთა გამოხმობის მაგიურ რიტუალებს ასრულებენ.
რელიგიური მიმდინარეობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სადჰუები სხვადასხვა სახის სულიერი პრაკტიკების მიმდევარები არიან. ერთნი მკაცრ ასკეტიზმს მისდევენ. ხოლო სხვანი- მთლიანად ლოცვებზე ერიან გადართულნი, იმეორებენ მანტრებსა და მედიტირებენ.
არსებობს ორი ძირითადი მიმდინარეობა სადჰუთა საზოგადოებაში: სადჰუ-შივაიტები - ასკეტები, რომელნიც თავის სიცოცხლეს შივას მიუძღვნიან და სადჰუ-ვაიშნავები - ვიშნუსა და მისი ავატარების ერთგულნი (მაგალითად, რამა, კრშნა). ამ ორ ჯგუფთან შედარებით მცირერიცხოვანია სადჰუ-შაკტი, ქალღმერთ შაკტის, ღმერთის ქალური ენერგიისა და გამოვლენის ერთგულნი. დასახელებულ მიმდინარეობათა შორის ცალკე გამოიყოფა უამრავი ფილოსოფიური სკოლა და ტრადიცია, სამპრადაიამები.
ყველაზე დიდ შივაისტურ სამპრადაიას დაშანამი, "ათი სახელი" ეწოდება. ინიციაციის დროს ამ სამპრადიასა სადჰუ შივას ათი სახელიდან ერთ-ერთს იღებს. ითვლება, რომ ეს შივაისტური სამპრადაია ინდუსი ფილოსოფოსის შანკარას მიერ არის VIII საუკუნეში დაარსებული. ვაიშნავურ სამპრადაიას, რომელიც თანამედროვე ინდოეთში უდიდესია მიმდევართა რაოდენობის მიხედვით, ეწოდება რამანანდი. ეს უკანასკნელი სავარაუდოდ ბჰაკტის (უფლის ერთგულების) მასწავლებლის, რამანანდას მიერ შუა საუკუნეებში არის დაარსებული.
შივაიტ სადჰუს უწოდებენ სანიასას (ის, ვინც სამყარო უარყო), ხოლო ვაიშნავი სადჰუებს - ვაირაგას, ანუ განდეგილებს უწოდებენ. ეს ტერმინები ამ ჯგუფების მსოფლმხედველობათა განსხვავებებს ასახავს: შივაიტების ასკეტიზმი და ფილოსოფია ხშირად ბევრად უფრო მკაცრი და რადიკალურია, ვიდრე ვაიშნავებისა.
ჩვეულებრივ, სადჰუ ინიციაციის შემდეგ თავის მშობელ კასტას ტოვებს. მიუხედავად ამისა, კასტურ წარმომავლობას მაინც დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ისეთი საძმოები, როგორიც არის ბანდი, მხოლოდ ბრაჰმანებისაგან შედგება. მაშინ, როცა სხვა გაერთიანებები ნებისმიერი კასტის წარმომადგენელს იღებს.
არსებობენ ასევე ქალი სადჰუები, რომელთაც სადჰვის უწოდებენ. უმეტესად განდგომილების გზას შემდგარი ქალები ქვრივები არიან, რომელნიც ასკეტურ გარემოში განმარტოებით ცხოვრობენ. ბვერი სადჰვის, როგორც დევის გამოვლინებას, ისე სცემს თაყვანს. თანამედროვე ინდოეთში ზოგი სადჰვი, მაგალითად, ამრიტანანდამაია ძალზე შესახელდა და რელიგიურ მასწავლებლებად ითვლება.
სადჰუს გზაზე შედგომა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კლასიკური ინდუისტური ტრადიციის მიხედვით განდგომილება, სანიასა ცხოვრებისეული გზის მეოთხე სტადიაა. პირველი სამი საფეხური არის: ბრაჰმაჩარია (შეგირდობის ხანა),გრიჰასტჰა (მეოჯახეობა) და ვანაპრასტჰა (განდგომილებისათვის მომზადება).
ზოგადად, სადჰუ საკმაოდ რთული ცხოვრებით ცხოვრობს. ითვლება, რომ სადჰუ თავისი თავისთვისაც და სახელმწიფოსათვისაც მკვდარია. ხშირად სადჰუ სპეციალურ რიტუალსაც აღასრულებს, რომლის დროსაც საკუთარ დასაფლავებას ესწრება. ამის შემდეგ სადჰუ გურუს ერთგული თანამდევი და მსახური ხდება. ემსახურება რა გურუს, სადჰუ საჭირო სულიერ ცოდნასა და გამოცდილებას იძენს. ინიციაციის შემდეგ სადჰუ გურუსაგან იღებს მანტრას, რომელიც სადჰუმ მედიტაციისას უნდა იმეოროს.
ინდიურისტური ტრადიციით გაზრდილი ბრაჰმანები ცხოვრებისიული გზის ოთხივე საფეხურს გადიან. თუმცა, ხდება ისეც, რომ უკვე ახალგაზრდობიდანვე შეეყენებიან სანიასას და სადჰუს გზაზე დგებიან. იშვიათ შემთხვევაში, სადჰუს გზაზე დადგომა მეოჯახეობის ტვირთისაგან გაქცევასაც გულისხმობს.
ცხოვრების წესი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სადჰუ თავის დღეს სავალდებულო განბანვით იწყებს. ამის შემდეგ ის წმინდა ცეცხლის საიახლოვეს ადგილს იკავებს და ყოველდღიურ ლოცვა-მედიტაციას იწყებს.
ზოგიერთი სადჰუ ექიმბაშობასაც მისდევს.გარდა ასმისა, მთხოვნელს გათვალვისაგან და ჯადოსაგან ათავისუფლებენ. ხშირად ქორწილებში კურთხევასა და დალოცვას გასცემენ. ჩვეულებრივ სადჰუს მგზავრობის ფულს საზოგადოებრივ ტრანსპორტში არ ახდევინებენ.
კუმბჰა-მელას ფესტივალის დროს, რომელიც სამ წელიწადში ერთხელ ტარდება, მთელი ინდოეთიდან ერთად იკრიბებიან სადჰუები. მილიონობით მომლოცველი იღებს ამ ფესტივალში მონაწილეობას, რომელიც არის ადამიანთა ყველაზე დიდი თავყრილობა მთელს დედამიწაზე.
სადჰუები ცხოვრობენ აშრამებსა და დიდი ქალაქების ტაძრებში, სოფლად ქოხებსა და ცივლიზაციისაგან მოწყვეტილ შორეულ მთებში. ზოგი ყარიბის ცხოვრებას ეწევა, ხოლო სხვანი ერთ ადგილზე არიან დამაგრებული და სადჰუთა საძმოებში, გაერთიანებებში ცხოვრობენ. ჩვეულებრივ, ერთ სადჰუს ერთი ან ორი შეგირდი ჰყავს.
სულიერი ასკეზის სიმკაცრეც ასევე განსხვავებული საფეხურებისა და დონისაა. ერთნი უკიდურეს ასკეზას მისდევენ, მაგალითად დიდი ხნის მანძილზე ცალ ფეხზე დგომა, სრული სქესობრივი თავშეკავება, ურთულესი იოგური ასანების შესრულება. მეორენი კი ხშირად ოჯახებს ქმნიან და შვილებსაც ზრდიან. მრავალი სადჰუსათვის ჰაშიშისა და კანაფის სხვა სახეობების მოხმარებას რელიგიური მნიშვნელობა აქვს.
სადჰუთა უმეტესობა შემოწირულობების, მოწყალების ხარჯზე ცხოვრობს, თუმცა არიან ისეთებიც, ვისაც საკუთარი კაპიტალი და ქონება აქვს.
|