ტომას მორი
ტომას მორი | |
---|---|
ინგლ. Thomas More | |
დაბადების თარიღი | 7 თებერვალი, 1478[1] |
დაბადების ადგილი | ლონდონი[2] |
გარდაცვალების თარიღი | 6 ივლისი, 1535[1] (57 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | Tower Hill |
დასაფლავებულია | Church of St Peter ad Vincula, Tower Hamlets, St. Dunstan's, Canterbury და Chelsea Old Church[3] [4] |
საქმიანობა | ფილოსოფოსი, ისტორიკოსი, თეოლოგი, პოლიტიკოსი, პოეტი, სახელმწიფო მოღვაწე, რომანისტი, პოეტი ადვოკატი, მოსამართლე, დიპლომატი და მწერალი[5] |
ენა | ინგლისური ენა, ლათინური ენა და Neo-Latin |
მოქალაქეობა | ინგლისის სამეფო |
ალმა-მატერი | Lincoln's Inn და Magdalen College School |
ჟანრი | სატირა |
Magnum opus | უტოპია[6] , Responsio ad Lutherum და A Dialogue of Comfort Against Tribulation[6] |
მეუღლე | ჯეინ მორი[7] და ელის მორი |
შვილ(ებ)ი | მარგარეტ როპერი[7] , ელიზაბეთ დონსი[8] , სესილი ჰერონი[7] [8] , ჯონ მორი II[7] [9] და Margaret Clement[7] |
ნათესავ(ებ)ი | ედვარდ მორი |
ხელმოწერა | |
ტომას მორი (ინგლ. Thomas Morus ან Thomas More; დ. 7 თებერვალი, 1478, ლონდონი — გ. 6 ივლისი, 1535, ლონდონი) — ინგლისელი სახელმწიფო მოღვაწე და ჰუმანისტი მწერალი.
ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტომას მორი დაიბადა 1477 წლის 7 თებერვალს. დაწყებითი განათლება მან წმინდა ანტონიუსის გრამატიკულ სკოლაში მიიღო. 1497 წელს იგი ოქსფორდის უნივერსიტეტში შევიდა. 1499 წელს მამის დაჟინებული თხოვნით ტომას მორმა დატოვა ოქსფორდის უნივერსიტეტი. მორი ლონდონში დაბრუნდა და დაიწყო იურისპუდენციის შესწავლა. 1502 წელს მან დაამთავრა ეს სკოლა და ადვოკატი გახდა. ერაზმ როტერდამელის თქმით მორი იყო ყველაზე სამართლიანი და კეთილსინდისიერი ადვოკატი, რომელიც საკუთარ თავზე უფრო ნაკლებს ზრუნავდა, ვიდრე სხვის კეთილდღეობაზე.
სახელმწიფოს სამსახურში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1504 წელს 27 წლის მორი პარლამენტის თემთა პალატის წევრად აირჩიეს. იმავე წელს მეფე ჰენრი VIIმ თემთა პალატისაგან მოითხოვა დაემტკიცებინათ ახალი სუბსიდია, 38 ათასი გირვანქა სტერლინგის ოდენობით, მეფის ასულის, მარგარიტას გათხოვებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარავად. დეპუტატთა წინაშე გამოსულმა თომას მორმა იმდენად გაბედულად და დამაჯერებლად უარყომეფის მოთხოვნა, რომ თემთა პალატამ მას სავსებით დაუჭირა მხარი. მეფეს უნდოდა მისი დასჯა, მაგრამ თემთა პალატის წევრების ხელშეუხებლობის გამო, მთელი რისხვა მორის მამას დაატეხა თავს. ჰენრიმ იგი ტაუერში დაამწყვდია და 100 გირვანქა სტერლინგის ჯარიმის გადახდისთანავე გაათავისუფლა. ამ ინციდენტის შემდეგ რეპრესიების შიშით მორი თავს ანებებს პოლიტიკურ მოღვაწეობას.1504-1509 წლებში ტომას მორმა იმოგზაურა ნიდერლანდსა და საფრანგეთში. 1509 წელს, ჰენრი VII-ის გარდაცვალების შემდეგ, ტომას მორი დაბრუნდა სამშობლოში და კვლავ შეუდგა საზოგადოებრივ საქმიანობას. 1510 წელს იგი აირჩიეს პარლამენტის დეპუტატად. 1515 წელს მორი დიპლომატიური მისიით მიემგზავრება ფლანდრიაში, სადაც იგი გაიცნობს გამოჩენილ ნიდერლანდერ ჰუმანისტს პეტრე ეგიდიუსს. აქვე იგი იწყებს თავის ცნობილ ნაწარმოებზე „უტოპიაზე“ მუშაობას. 1521 წელს მორი დაინიშნა ხაზინადრის თანაშემწის თანამდებობაზე.ამასთან ერთად მან მიიღო რაინდის წოდება და მონაწილეობდა დიპლომატიურ მისიებში. 1522 და 1525 წლებში, მეფის ბრძანებით მორს საჩუქრად გადასცეს მიწები ოქსფორდსა და კენტის საგრაფოებში. 1523 წელს, მეფის თანხმობით, ტომას მორი აირჩიეს თემთა პალატის თავმჯდომარედ, მიუხედავად ასეთი დიდი წყალობისა, მორი არ გამხდარა მეფის მორჩილი იარაღი პარლამენტში. 1529 წელს ტომას მორი ინგლისის ლორდ-კანცლერი ხდება. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ინგლისში ეს პოსტი დაიკავა ბურჟუაზიული წრის წარმომადგენელმა.
სიკვდილით დასჯა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰენრი VIII-ისა და მორის შეჯახება მორის დაღუპვით დამთავრდა. მეფეს სურდა გაჰყროდა თავის პირველ ცოლს ეკატერინე არაგონელს და დედოფლის ლამაზი სეფე-ქალი ანა ბოლეინი შეერთო ცოლად. მეფეს ამისათვის სჭირდებოდა პოლიტიკური მხარდაჭერა თავისი კანცლერისაგან — ტომას მორისაგან. მაგრამ მორმა მხარი არ დაუჭირა მას და 1532 წელს უარი განაცხადა კანცლერის თანამდებობაზე. მის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ დაიწყო რეპრესიები. მას ბრალი დასდეს სახელმწიფოს ღალატში. ტომას მორს ჩამოართვეს მეფის მიერ მისთვის მინიჭებული ყველა ტიტული და ქონება. 1535 წელს უკანასკნელ სასამართლო პროცესზე მორს გამოუტანეს სასტიკი განაჩენი, რომლის თანახმად მის სხეულს დაანაწევრებდნენ და ქალაქის კარიბჭეზე ჩამოკიდებდნენ, ხოლო თავს კი ლონდონის ხიდზე. შემდგომში მეფემ „შეამსუბუქა“ განაჩენი და ბრძანა მხოლოდ თავი მოეკვეთათ „დამნაშავისთვის“. როდესაც ტაუერში მყოფ ტომას მორს შეატყობინეს მეფემ მტანჯველი სიკვდილისგან გიხსნა და განაჩენი შეგიმსუბუქაო, მორმა წამოიძახა — ღმერთო! შენ დაიფარე ყველა მეფის ასეთი მოწყალებისგანო. ეშაფოტზე ასვლისას კი ჯალათი გაამხნევა „ცოცხლად მეგობარო! ნუ გეშინია შენი მოვალეობისა, კისერი მოკლე მაქვს, კარგად დაუმიზნე, რომ არ შერცხვე“ . 1935 წელს კათოლიკურმა ეკლესიამ ტომას მორი წმინდანად შერაცხა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტომას მორი, „უტოპია“, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბ., 1983
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- The Center for Thomas More Studies
- Thomas More Chambers
- თომას მორი — ნამუშევრები პროექტ „გუტენბერგზე“
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 http://www.luminarium.org/renlit/morebio.htm
- ↑ https://www.britannica.com/biography/Thomas-More-English-humanist-and-statesman
- ↑ https://www.chelseaoldchurch.org.uk/history/thomas-more
- ↑ http://www.luminarium.org/renlit/moreepitaph.htm
- ↑ Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
- ↑ 6.0 6.1 Internet Archive — 1996.
- ↑ 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 Kindred Britain
- ↑ 8.0 8.1 Lundy D. R. The Peerage
- ↑ Pas L. v. Genealogics — 2003.