Location via proxy:   [ UP ]  
[Report a bug]   [Manage cookies]                
შინაარსზე გადასვლა

ტომ სავინი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტომ სავინი
დაბადების სახელი ტომას ვინსენტ სავინი
დაბადების თარიღი 3 ნოემბერი, 1946
პიტსბურგი, პენსილვანია, ამერიკის შეერთებული შტატები
საქმიანობა მსახიობი, კასკადიორი, პროთეზული მაკიაჟის ოსტატი, რეჟისორი, პროდიუსერი

ტომას ვინსენტ სავინი (ინგლ. Thomas Vincent Savini; დ. 3 ნოემბერი, 1946, პიტსბურგი, პენსილვანია, ამერიკის შეერთებული შტატები) — ამერიკელი კასკადიორი, პროთეზული მაკიაჟის ოსტატი, მსახიობი, პროდიუსერი და კინორეჟისორი. ცნობილია სპეციალური ეფექტებითა და მაკიაჟით ჯორჯ ა. რომეროს ფილმებში, მათ შორის: მარტინი (1977), „მიცვალებულთა განთიადი“ (1978), „მიცვალებულთა დღე“ (1985), „საშინელებათა კალეიდოსკოპი“ (1982) და „მკვლელი მაიმუნი“ (1988).

როგორც მსახიობი და კასკადიორი, სავინი ათეულობით ფილმში ჩნდება, როგორებიც არის „მარტინი“ (1977, რეჟ. ჯორჯ ა. რომერო), „მრბოლელი რაინდები“ (1981, რეჟ. ჯორჯ ა. რომერო), „პლანეტა ტერორი“ (2007, რეჟ. რობერტ როდრიგესი) და სხვ.

ტომას ვინსენტ სავინი 1946 წლის 3 ნოემბერს პიტსბურგში, პენსილვანიაში დაიბადა. იგი კინოთი ბავშვობიდანვე დაინტერესდა და მაკიაჟით ექსპერიმენტების გაკეთება დაიწყო. მისი შთაგონების წყარო ცნობილი ამერიკელი მსახიობი, ლონ ჩენი და მასზე გადაღებული ფილმი, „კაცი ათასი სახით“ იყო. [1]

სავინი კარნეგი-მელონის უნივერსიტეტში სწავლობდა. [2]

ვიეტნამის ომის დროს იგი ომის ფოტოგრაფად მუშაობდა. მან Pittsburg Post-ს უთხრა: „...ვიეტნამის ომის დროს ომის ფოტოგრაფი ვიყავი. ჩემი საქმე დაზიანებული მანქანებისთვისა და ადამიანებისთვის ფოტოების გადაღება იყო. ჩემი ლინზიდან ძალიან ბევრი საშინელი რამე ვნახე. ამასთან საბრძოლველად, ვცდილობდი, მეფიქრა, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ სპეციალური ეფექტები იყო“.[3]

სავინი პროფესიონალი მოფარიკავე და ტანმოვარჯიშეა. მისი, როგორც კასკადიორის როლი, ხშირად სწორედ ამ სფეროებს ეხება. [4]

სავინის კარიერისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა ჯორჯ რომერო იყო. მას რომეროს ათეულობით ფილმზე უმუშავია მაკიაჟის ოსტატად. მათი პირველი კოლაბორაცია 1978 წელს შედგა, ფილმით „მარტინი“. ასევე იმუშავა 1980 წელს გამოსულ ფილმზე „მანიაკი“ (რეჟ. უილიამ ლესტიგი) და 1981 წლის ფილმებზე: „წვა“ (1981, რეჟ. ტონი მეილემი) და „ქურდი“ (1981, რეჟ. ჯოსეფ ზიტო). 1982 წელს გამოვიდა ჯორჯ რომეროს ფილმი, სახელწოდებით „საშინელებათა კალეიდოსკოპი“, რომლის სცენარისტიც სტივენ კინგია. სავინი ამ ფილმის მაკიაჟის ოსტატიც იყო.

ტომ სავინი და იაპონელი კინორეჟისორი, რიოტა ნაკანიში

ფილმებში, სადაც სავინი მაკიაჟის არტისტად მუშაობს, ხშირად ითავსებს მსახიობის როლსაც. მათ შორის არის „მარტინი“ (1978), „მიცვალებულთა განთიადი“ (1978), „მიცვალებულთა დღე“ (1985) და სხვ. იგი ასევე თამაშობს კვენტინ ტარანტინოსა და რობერტ როდრიგესის 1996 წელს გამოსულ ფილმში, სახელწოდებით „მზის ჩასვლიდან განთიადამდე“.

უთამაშია ფილმებში: „საშინელებათა კალეიდოსკოპი 2“ (1987, რეჟ. მაიკლ გორნიკი), „უმანკო სისხლი“ (1992, რეჟ. ჯონ ლენდისი), „მისტერ სტიტჩი“ (1996, რეჟ. როჯერ ევერი), „ტედ ბანდი“ (2002, რეჟ. მეთიუ ბრაითი), „ზომბიგედონი“ (2003, რეჟ. კრის უოტსონი), „ზაკი და მირი“ (2008, რეჟ. კევინ სმიტი), „ჯანგო გათავისუფლებული“ (2012, რეჟ. კვენტინ ტარანტინო), „მარტოსულობის უპირატესობანი“ (2012, რეჟ. სტივენ ჩბოსკი) და სხვ.

გადაღებული აქვს 1968 წლის ფილმის რიმეიქი, სახელწოდებით „ცოცხალი მკვდრების ღამე“ (1990). გადაუღია ცნობილი ამერიკული საშინელებათა ჟანრის ტერესერიალის, „საოცარი თეატრის“ ერთ-ერთი სერია: „სველი სიზმრები“.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-17. ციტირების თარიღი: 2020-12-28.
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-02-08. ციტირების თარიღი: 2020-12-28.
  3. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-03-05. ციტირების თარიღი: 2020-12-28.
  4. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-10. ციტირების თარიღი: 2020-12-28.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტომ_სავინი“-დან