უებ ელისის თასი
ჩემპიონისათვის ჯილდოს შესარჩევად 1987 წლის თებერვალში ქენდოლ-კარპენტერი და ირბ-ის მდივანი, ძველი მფრინავი ბობ ვეიჰილი ლონდონში, რიჯენთ სთრითზე ეწვივნენ სამეფო კარის ოქრომჭედელს, "გარარდ ჯუელერზს". ამას სტატუსი 1843 წელს დედოფალმა ვიქტორიამ უბოძა, სპორტული განხრით კი 1851 წელს დაემზადებინა აფროსნობის აქამდეც უპირველესი ჯილდო, "ამერიკის თასი".
კომპანიის მენეჯერმა, რიჩარდ ჯარვისმა სტუმრებს საცავიდან გამოუტანა 1906 წელს, ოსტატ ქერინგტონის მიერ დამზადებული, 38 სანტიმეტრი სიმაღლის ოქროცურვილი ვერცხლის თასი, რომელიც ლტოლვილი ჰუგენოტის, პოლ დელამერის 1740 წლისეული ქმნილების ასლი იყო.
რაგბის მამებს ჯილდო თვალში უმალ მოუვიდათ და შეიძინეს. თასის ერთ სახელურს სატირის თავი ამკობს, მეორეს ნიმფისა, კორპუსზე კი წვეროსნისა და ლომის ნიღბები და ვაზის ორნამენტებია დატანებული.
იქვე თასზე ამოიტვიფრა ირბ-ის იმჟამინდელი, ოთხ-სიტყვიანი სახელი (მაშინ აკრონიმიც ირფბ იყო), თასი კი, კომიტეტის სხვა წევრებთან შეთანხმებით, რაგბის ვითომ მომგონის, ვილიამ უებ ელისის სახელობაზე მოინათლა, რითაც ერთი ლამაზი სპორტული ტყუილის სამარადისო კანონიზაცია მოხდა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|