ქსერქსე II
ქსერქსე II (ძვ. სპარს. 𐎧𐏁𐎹𐎠𐎼𐏁𐎠 Xšayār̥šā, ძვ. ბერძნ. Ξέρξης Xérxēs; გ. ძვ. წ. 424) — აქემენიანთა სპარსეთის მეფე. როგორც არტაქსერქსე I-ის ვაჟი და მემკვიდრე, ძალზე ცოტა ხნით მართავდა იმპერიას.
ორმოცდახუთი დღის მეფობის შემდეგ, რომელის დროსაც ქსერქსე II მხოლოდ სპარსეთის ცენტრალურ რეგიონებს აკონტროლებდა, ის 424 წელს მისმა ნახევარძმა სოგდიანემ მოკლა, რომელიც თავის მხრივ მოკლა დარიოს II-მ ექვსი თვის შემდეგ. ქსერქსე II არის ბუნდოვანი ისტორიული ფიგურა, რომელიც ცნობილია ძირითადად ქტეზიასის წარწერებიდან. ის იყო არტაქსერქსე I-ისა და დამასპიას ერთადერთი კანონიერი ვაჟი და ცნობილია, რომ მსახურობდა მეფისნაცვლად.
ბოლო წარწერა, რომელშიც მოხსენიებულია არტაქსერქსე I ცოცხალი, შეიძლება დათარიღდეს ძვ.წ. 424 წლით. მისი გარდაცვალების მერე ტახტზე ავიდა ქსერქსე II, მაგრამ ორი უკანონო ძმა შეეცილა მეფობაში. პირველი იყო სოგდიანე, არტაქსერქსეს I-ის და მისი ხარჭის, ბაბილონელი ალოგინეს ვაჟი. მეორე იყო დარიოს II, არტაქსერქსეს I-ის და მისი ხარჭის ბაბილონელი კოსმარტიდენეს ვაჟი.[1]
ქსერქსე II მხოლოდ სპარსეთში იქნა აღიარებული მეფედ, ხოლო სოგდიანე ელამში. ოხუსის პირველი წარწერა, სადაც მოხსენიებულია დარიოს II, შეიძლება დათარიღდეს ძვ.წ 423 წლის 10 იანვრით. ის უკვე იყო ჰირკანიის სატრაპი და მალევე აღიარეს მიდიამ, ბაბილონმა და ეგვიპტემ. ქსერქსეს II მხოლოდ 45 დღე მართავდა. იგი სოგდიანეს ბრძანებით ფარნაკიასმა და მენოსტანემ მოკლეს ნასვამ მდგომარეობაში. სოგდიანემ მოიპოვა თავისი რეგიონების მხარდაჭერა, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ მოკლეს. დარიოს II გახდა სპარსეთის იმპერიის ერთპიროვნული მმართველი და იმეფა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 404 წლამდე.[1]