შარლ IV (ვენდომის გრაფი)
შარლ IV დე ბურბონი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 2 ივნისი, 1489 |
გარდაცვალების თარიღი | 25 მარტი, 1537, (47 წლის) |
ეროვნება | ფრანგები |
წოდება | ვენდომის გრაფი |
რელიგია | კათოლიციზმი |
მეუღლე(ები) | ფრანსუაზ ალენსონელი |
შვილ(ებ)ი | 13 შვილი |
მშობლები |
მამა: ფრანსუა I, ვენდომის გრაფი დედა: მარი ლუქსემბურგელი |
შარლ IV დე ბურბონი (ფრანგ. Charles II de Bourbon; დ. 2 ივნისი, 1489 — გ. 25 მარტი, 1537) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ვენდომის გრაფ ფრანსუა I-ისა და მარი ლუქსემბურგელის ვაჟი. ვენდომის გრაფი და ნავარის მეფე ანტუან დე ბურბონის მამა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შარლი დაიბადა 1489 წლის 2 ივნისს საფრანგეთში. იგი იყო ვენდომის გრაფ ფრანსუა I-ისა და მისი მეუღლის, მარი ლუქსემბურგელის უფროსი ვაჟი.
1495 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ შარლი ვენდომის გრაფი ხდება. იგი მეფე ლუი XII-ის გვერდით იბრძოდა იტალიური ომების დროს, რის გამოც მეფემ იგი ვენდომის გრაფობიდან ვენდომის ჰერცოგობამდე აამაღლა. 1515 წელს იგი ასევე იბრძოდა მარინიანოს ბრძოლაშიც, ფლანდრიაში. თავისი უმაღლესი არისტოკრატიული წარმომავლობისა და სამეფო გვართან ნათესავობის გამო, მეფე ფრანსუა I-მა იგი თავის კონსულად დანიშნა და გარდა ამისა, პავიის ბრძოლის დროს საფრანგეთის ჯარებს სწორედ შარლი სარდლობდა.
1513 წლის 18 მაისს ცოლად შეირთო ალანსონის ჰერცოგ რენე დე ვალუასა და მარგარიტა ალანსონელის ქალიშვილი ფრანსუაზ ალანსონელი, რომელთანაც ცამეტი შვილი შეეძინა.
1525 წელს ალანსონის ჰერცოგ შარლ IV-ის, ხოლო 1527 წელს ბურბონის ჰერცოგ შარლ III-ის გარდაცვალების შემდეგ, შარლი პირველი ადამიანი გახდა სამეფო ტახტის რიგში თავად მეფის ვაჟების შემდეგ. ასევე ცნობილია ისიც, რომ ალანსონის ჰერცოგი შარლ IV დაქორწინებული იყო მეფე ფრანსუა I-ის დაზე, მარგარიტა ანჟულიმელზე, თუმცა იგი უშვილოდ დაიღუპა, რის გამოც მარგარიტა ნავარის მეფეს შერთეს ცოლად. წლების შემდეგ, მარგარიტას ქალიშვილი, ნავარის დედოფალი ჟანა III დაქორწინდა შარლის უფროს ვაჟზე, ანტუან დე ბურბონზე, რითაც ნავარაში ბურბონთა დინასტია გამეფდა. 1527 წლიდან, შარლი ასევე იყო საფრანგეთის კონეტაბლიც. იგი გარდაიცვალა 1537 წელს ამიენში, 47 წლის ასაკში.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლუი (1514-1516), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- მარი (1515-1538), დანიშნული იყო შოტლანდიის მეფე ჯეიმზ V-ზე, თუმცა ქორწინებამდე გარდაიცვალა;
- მარგარიტა (1516-1589), ცოლად გაჰყვა ნევერის გრაფ ფრანსუა I-ს;
- ანტუანი (1518-1562), ვენდომის ჰერცოგი და ნავარის მეფე-კონსორტი, ცოლად შეირთო ნავარის დედოფალი ჟანა III დ'ალბრე, რომელთანაც შეეძინა ორი შვილი:საფრანგეთისა და ნავარის მეფე ანრი IV და ლოთარინგიისა და ბარის ჰერცოგინია კატრინი;
- ფრანსუა (1519-1546), ენგიენის ჰერცოგი, გარდაიცვალა უცოლ-შვილო;
- მადლენი (1521-1561), სენ-კრუასა და პუატიეს აბატისა;
- ლუი (1522-1525), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- შარლი (1523-1590), რუანის არქიეპისკოპოსი;
- კატრინი (1525-1594), სუასონის აბატისა;
- რენე (1527-1583), შელის აბატისა;
- ჟანი (1528-1557), სუასონისა და ენგიენის გრაფი, ცოლად შეირთო მარი ესტუატევილი, თუმცა შვილები არ ჰყოლიათ;
- ლუი (1530-1569), კონდეს პრინცი, პირველად იქორწინა ელეონორ დე როიზე, რომელთანაც შეეძინა რვა შვილი, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ცოლად შეირთო ფრანსუაზ ორლეანელი, რომელთანაც შეეძინა სამი ვაჟი;
- ელეონორი (1532-1611), ფონტერვუდის აბატისა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Busby, Keith; Freeman, M.J.; Houppermans, Sjef; Pelckmans, Paul, eds. (1993). Les Manuscrits de Chrétien de Troyes. Volume 2. Rodopi.
- Knecht, R.J. (1982). Francis I. Cambridge University Press.
- Potter, David (1993). War and Government in the French Provinces, Picardy 1470-1560. Cambridge University Press.
- Potter, David (1995). A History of France, 1460-1560. St. Martin's Press.