ჩადის ტბა
ჩადის ტბა | |
---|---|
ფრანგ. Lac Tchad ინგლ. Lake Chad არაბ. بحيرة تشاد | |
კოორდინატები: 13° ჩ. გ. 14° ა. გ. / 13° ჩ. გ. 14° ა. გ. | |
მდებარეობა | ჩადი კამერუნი ნიგერი ნიგერია |
სიგრძე | 650 კმ |
ფართობი | 1350 კმ² |
მოცულობა | 72 კმ³ |
საშუალო სიღრმე | 1,5 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 11 მ |
აუზის ფართობი | 58 000 კმ² |
ჩამდინარე მდინარეები | ჩარი |
მედიაფაილები ვიკისაწყობში |
ჩადის ტბა (ფრანგ. Lac Tchad, ინგლ. Lake Chad, არაბ. بحيرة تشاد ბუჰაირა ტშად) მდებარეობს აფრიკაში. ეს არის ისტორიულად საკმაოდ ფართო, მტკნარი, თავთხელი ტბა, რომლის ზედაპირის ფართობიც საუკუნეების განმავლობაში იცვლებოდა. XX საუკუნეში კი თითქმის განახევრდა. უდიდესია ტბის ეკონომიკური მნიშვნელობა, რადგან ის მისი მოსაზღვრე ოთხი ქვეყნის (ჩადი, კამერუნი, ნიგერი, ნიგერია) დაახლოებით 20 მილიონი ადამიანისთვის მტკნარი წყლის ერთადერთი მნიშვნელოვანი წყაროა, გასათვალისწინებელია, რომ ის საჰარის უდაბნოს კიდეზე მდებარეობს.
მდებარეობა და აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტბის ძირითადი ნაწილი მდებარეობს დასავლეთ ჩადის ტერიტორიაზე. უმთავრესი მდინარე, რომელიც ამ ტბაში ჩაედინება არის შარი, რომელსაც წყლის 90 % ჩამოაქვს. ტბაში მდებარეობს რამდენიმე პატარა კუნძული.
იმის გამო, რომ ტბის მაქსიმალური სიღრმე მხოლოდ 10,5 მეტრია, მისი ზედაპირის ფართობი საკმაოდ მგრძნობიარეა სიღრმის სულ მცირე ცვალებადობასთანაც კი. მით უმეტეს, რომ წლის განმავლობაში, სეზონურად, წყლის დონე 1 მეტრით იცვლება. კლიმატი საკმაოდ მკაცრია, მხოლოდ ივნისიდან ოქტომბრამდეა შესაძლებელი შემთხვევითი წვიმა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტბამ სახელი მიიღო ჩადის სახელმწიფოსგან. ადგილობრივ ენაზე, სიტყვა ჩადი ნიშნავს „წყლის დიდ სივრცეს“, იგივე „ტბას“.
დამტკიცებულია, რომ ჩადის ტბა უდიდესი, შიდა ზღვა-ტბის ნარჩენია, რომელიც მის ადგილას 13 000 წლის წინ მდებარეობდა. დაახლოებით ძვ. წ. 4000 წლისთვის, მისი ფართობი 400 000 კმ²-ს შეადგენდა.
როდესაც ის 1823 წელს ევროპელებმა მოინახულეს, ჯერ კიდევ მიიჩნეოდა მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ტბად. წყლის საგრძნობი შემცირება დაიწყო 1960-იანი წლებიდან და მისი ფართობი 26 000 კმ² დარჩა, მაგრამ მაინც რჩებოდა მსოფლიოს სიდიდით მეოთხე ტბად. მაგრამ ირგვლივ არსებული მოსახლეობის მიერ ტბის წყლის ძალზე უდიერად მოხმარებამ, ბოლო 40 წლის მანძილზე საშინელი შედეგები გამოიღო.
1983 წლისთვის, ტბის ფართობი მერყეობდა 10 000 კმ²-25 000 კმ²-ს შორის, წყლის მოცულობა შეადგენდა 72 კმ კუბს.
2000 წლისთვის, ტბის ფართობმა მხოლოდ 1500 კმ² შეადგინა. ამჟამად მისი სიღრმე 1,5 მეტრია და აქ ნავიგაცია შეუძლებელია. როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, XXI საუკუნეში ჩადის ტბა საერთოდ დაშრება.
პერსპექტივები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტბაში წყლის კლება მისი მარილიანობის ზრდას იწვევს, რაც დიდ საფრთხეს უქმნის მის ფლორას და ფაუნას. საგრძნობლად მცირდება თევზის რეწვა, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად იკლებს ამ ქვეყნების მოსახლეობის შემოსავლები. ვინაიდან ტბის წყალს მოსახლეობა სასმელად იყენებს, საგრძნობლად დიდია ისეთი ეპიდემიების რისკები, როგორებიცაა დიარეა, ქოლერა, ტიფი, ცხელება.
თუმცა ტბის გადარჩენის პერსპექტივები ნამდვილად არსებობს, თუკი მისი აუზის ქვეყნები სათანადო პოლიტიკას გაატარებენ.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- http://www.worldlakes.org/uploads/06_Lake_Chad_27February2006.pdf
- http://na.unep.net/atlas/webatlas.php?id=58
- http://www.circleofblue.org/waternews/2008/world/vanishing-lake-chad-a-water-crisis-in-central-africa/
- http://www.agu.org/pubs/crossref/2001/2000JD900587.shtml დაარქივებული 2011-07-24 საიტზე Wayback Machine.
- http://blogs.nationalgeographic.com/blogs/news/chiefeditor/2010/02/lake-chad-ramsar-convention.html
- http://www.eoearth.org/article/Lake_Chad_flooded_savanna
- ინფორმაცია ჩადის ტბაზე და რუკები დაარქივებული 2011-07-01 საიტზე Wayback Machine.
- სტატია გაქრობის პირას მისულ ტბაზე