Location via proxy:   [ UP ]  
[Report a bug]   [Manage cookies]                
შინაარსზე გადასვლა

ჰედებიუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არქეოლოგიური სასაზღვრო კომპლექსი დანევირკე და ჰედებიუ*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა გერმანიის დროშა გერმანია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii, iv
სია [1]
რეგიონი** ევროპა და ჩრდილოეთი ამერიკა
კოორდინატები 54°29′28″ ჩ. გ. 9°33′55″ ა. გ. / 54.49111° ჩ. გ. 9.56528° ა. გ. / 54.49111; 9.56528
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2018  (42-ე სესია)
ნომერი 1553
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1553
ინგლ.რუს.ფრ.

ჰედებიუ (გერმ. Haithabu; დან. Hedeby) — დანიელი ვიკინგების მთავარი სავაჭრო ცენტრი. მდებარეობს ფიორდ შლეის სიღრმეში, ბალტიის ზღვისა და ჩრდილოეთის ზღვის, კაროლინგების იმპერიასა და დანიას შორის სავაჭრო გზების გადაკვეთაზე. ამჟამად ეს არის შლეზვიგ-ჰოლშტაინის ჩრდილოეთით მდებარე შლეზვიგ-ფლენსბურგის რაიონი და დაშორებულია დანიის საზღვრიდან 42 კმ-ით.

არქეოლოგიური კომპლექსი ჰედებიუ მოიცავს ნახევარწრიული ნაქალაქარის ტერიტორიას, რომელიც დაკავშირებულია დანევირკეს თავდაცვით სისტემასთან. ასევე მოიცავს სამხრეთის დასახლებას, სასაფლაოებს და ოთხ რუნების ქვას.

2018 წელს ჰედებიუ დანევირკესთან ერთად იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეიტანეს[1].

ჰედებიუ ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება „ფრანკების სამეფოს ანალებში“ დანიის მეფის გუდფრედის სამხედრო საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელიც მიმართული იყო კარლოს დიდის იმპერიის წინააღმდეგ. 804 წელს მან სლიესტროპეში (ჰედებიუს ლათინური სახელწოდება) შეკრიბა არმია და ფლოტი. ქალაქის სავაჭრო დანიშნულება გაიზარდა 808 წლიდან, როდესაც დანიის მეფემ დანგრია მისი კონკურენტი ბალტიის ზღვის სანაპიროზე მდებარე სლავური ქალაქი რერიკი, საიდანაც ვაჭრები და ხელოსნები ჰედებიუში გადასახლდნენ. 811 წელს დენდროქრონოლოგიით ფიქსირდება პირველი სამშენებლო სამიანობა ნაქალაქარზე. დაახლოებით 850 წელს ჰედებიუში დანიელი მმართველის ჰორიკ I-ის თანხმობით მისიონერმა ანსგარმა ააშენა პირველი ქრისტიანული ეკლესია.

IX საუკუნის ბოლოს, ადამ ბრემენელის თანახმად სამხრეთ იუტლანდიაში იწყება ე. წ. „შვედური დინასტიის“ მმართველობა (930-იან წლებამდე). ამ პერიოდში ჰედებიუში გამოჩნდა რუნები, რომლის მიხედვითაც უნდა ვივარაუდოთ, რომ დინასტიის ცენტრი სწორედ აქ მდებარეობდა.

ვიდუკინდ კორვეიელის მიხედვით 934 წელს გერმანელთა მეფემ ჰაინრიხ I ფრინველთმჭერმა დაამარცხა დანიელების მეფე კნუდ I ჰედებიუსთან და მონათლა იგი. 948 წელს ჩამოყალიბდა ჰედებიუს ეპიარქია.

ჰედებიუს გეგმა

X საუკუნის დასაწყისში ქალაქს გარს შემოავლეს ნახევარწრიული კედელი, რომლის სიმაღლეც იყო 9 მეტრი. ამავე პერიოდში ქალაქს ესტუმრა არაბი ვაჭარი და დიპლომატი ალ-ტარტუში. 974 წელს იმპერატორმა ოტო II-მ აიღო დანიური კედელი და მის სიახლოვეს ააშენა გერმანული ციხესიმაგრე. ათი წლის შემდეგ, 983 წელს მოხდა დანიელებისა და დასავლეთი სლავების აჯანყება გერმანელების მმართველობის წინააღმდეგ, რის შედეგადაც დაანგრიეს გერმანული ციხესიმაგრე და ჰედებიუ კვლავ დანიელი მეფის მფლობელობაში მოექცა.

უკანასკნელი სამშენებლო მოღვაწეობა ჰედებიუში ფიქსირვება 1020 წელს. 1050 წელს ჰედებიუ დაანგრია ნორვეგიის მეფის ჰარალდ III-ის დანაყოფებმა, ხოლო 1066 წელს დასახლება დასავლეთსლავებმა გადაწვეს. ამის შემდეგ ჰედებიუ აღარ მოიხსენიება წერილობით წყაროებში და მისი ფუნქცია დაეკისრა შლეზვიგს, რომლის ტერიტორიაზეც ყველაზე ადრეული სამშენებლო საქმიანობა თარიღდება 1071 წლით.

ჰედებიუ უკანასკნელად ისტორიულ არენაზე ჩანს 1848 წელს, როდესაც დანია-პრუსიის ომის მსვლელობისას მის ტერიტორიაზე, ნახევარწრიული კედლის შიგნით გამართეს სამხედრო ბანაკი. კედელი განაახლეს და გამოიყენებოდა სამხედრო მოქმედებების დროს.

ადგილობრივი სამეფო დინასტიის[2], სკიოლდუნგების მეთაური იყო რორიკი, რომელსაც ზოგიერთი მკვლევარი აიგივებს რიურიკოვიჩების დინასტიის დამფუძნებელ რიურიკთან.

არქეოლოგიური კვლევა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი აზრი იმის შესახებ, რომ დასახლება ჰედებიუ მდებარეობდა ნახევარწრიული კედლის ადგილზე გამოთქვა არქეოლოგმა სოფუს მიულერმა 1897 წელს კომპლექსის ძირფესვიანი დათვალიერების შემდეგ. მისი ნათქვამი დაადასტურა კილსკის სამამულო სიძველეთა მუზეუმის დირექტორმა იოჰან მესტორფმა, რომელმაც პირველი გამოკვლევა განახორციელა ნაქალაქარზე 1900 წელს. გათხრები გაგრძელდა 16 სეზონი და დასრულდა 1915 წელს. კვლევა-ძიების შეჩერება გამოიწვია პირველი მსოფლიო ომის დაწყებამ. აღნიშნული გათხრების დროს კილსკის მუზეუმის დირექტორმა ფრიდრიხ კნორმა გათხარა უნიკალური სამარხი დრაკარში.

ნაქალაქარის შესწავლა აღდგა 1930 წელს და გაგრძელდა 1939 წლამდე. თავდაპირველად ხელმძღვანელობდა გუსტავ შვანტესი, ხოლო შემდეგ ჰერბერტ იანკუნი. ამ პერიოდში ჩამოყალიბდა შუა საუკუნეების ქალაქის ისტორიის ძირითადი საკითხები და მივიღეთ პირველი მონაცემები ნაქალაქარზე კულტურული აქტივობის დასაწყისისა და დასასრულის შესახებ, დასახლების მშენებლობისა და სტრუქტურის შესახებ, მისი ვაჭრობისა და მრეწველობის შესახებ, მოსახლეობის სოციალური და დემოგრაფიულ სტრუქტურაზე.

1959-1960 წლებში გამოიკვლიეს სამხრეთის დასახლება ნახევარწრიული კედლის ფარგლებში და ცენტრალური ნაწილის მნიშვნელოვანი მონაკვეთი.

1979-1980 წლებში შლეზვიგ-ჰლშტაინის მიწის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორის კურტ შიცელის ხელმძღვანელობით წარიმართა სამუშაოები ჰედებიუს ჰავანაში, რომლის დროსაც აღმოჩინეს ორი ხომალდის ნაშთი.

ჰედებიუში სამეცნიერო ძიების მთავარ ნაწილს შეადგენდა გეოფიზიკური კვლევა. 1981 წელს ჰავანის ჰიდროლოკატორით სკანირების დროს აღმოაჩინეს მესამე ხომალდის ნაშთი. 2002 წელს დაიწყო ნახევარწრიული კედლის მთელი ტერიტორიის გეოფიზიკური კვლევა. 2005 წელს გეომაგნიტურ ანომალიებში დაიწყო არქეოლოგიური გათხრები.

1985 წელს შეიქმნა ჰევებიუს ვიკინგების მუზეუმი, სადაც წარმოდგენილია უმთავრესი მონაპოვარი. ძირითადი არქეოლოგიური კოლექცია ინახება გოტორფის ციხესიმაგრეში განთავსებულ შლეზვიგ-ჰოლშტაინის მიწის არქეოლოგიურ მუზეუმში. 2006 წელს მოხდა ნაქალაქარის რეკონსტრუქცია. აღადგინეს ვიკინგების რამდენიმე სახლი, რომლებიც აღმოაჩინეს კვლევის დროს.

სტრუქტურა და განვითარება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძეგლი შედგება ნაქალაქარისაგან, რომელიც გარშემორტყმულია ნახევარწრიული კედლით, სამხრეთი დასახლებით კედლის შიგნით, დიდი სასაფლაოთი სამხრეთ ნაქალქარზე, სამხრეთ-დასავლეთის სასაფლაოთ და ოთხი რუნების ქვით.

ჰედებიუში გავრცელებული იყო ე. წ. „გრძელი სახლების“ ტიპი. აყვავების პერიოდში ჰედებიუში ცხოვრობდა 1 000 ადამიანი[3]. გათხრების სერია ადასტურებს მოსახლეობის კავშირს სკანდინავიასთან, ფრიზის კუნძულებთან, საქსებთან, ფრანკებთან და სლავებთან.

X საუკუნეში აქ იჭრებოდა საკუთარი მონეტა. XI საუკუნეში კი ჰედებიუ კარგავს თავის მნიშვნელობას და ქალაქის ფუნქციები გადადის შლეის ფიორდის ჩრდილოეთ სანაპიროზე ჩამოყალიბებულ ქალაქ შლეზვიგში.

  • Arents U. Die Grabfunde von Haithabu, Kr.Schleswig. Kiel, 1992 (Diss.Univ.Kiel)
  • Drews U., Schultze J., Zich B. Schaufenster einer frühen Stadt. Museum Haithabu. in: de:Archäologie in Deutschland (AiD). Konrad Theiss, Stuttgart 2005,6, 72ff. ISSN 0176-8522
  • Graham-Campbell J.A. (ed.) Cultural Atlas of the Viking World. Oxford, 1994 ISBN CN 6699
  • Jankuhn H. Haithabu: Ein Handelsplatz der Wikingerzeit. Neumünster, 1986 ISBN 3-529-01813-9
  • Laur W., Radtke Ch., Stoklund M., Wiechmann R. Haiðaby. In: de:Reallexikon der Germanischen Altertumskunde Bd. 13 Heinrich Beck, Dieter Geuenich, Heiko Steuer, Dieter Timpe (Hrsg.). de Gruyter, Berlin — New York 1999. ISBN 3-11-016315-2

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. World Heritage Committee has inscribed a total of 19 sites
  2. Norway 1
  3. Недошивина Н. Г., Фехнер М. В. Погребальный обряд Тимерёвского могильника // Советская археология. — 1985. — № 2. — С. 111.