Location via proxy:   [ UP ]  
[Report a bug]   [Manage cookies]                
შინაარსზე გადასვლა

CDMA

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

CDMA (ინგლ. Code Division Multiple Access) — კოდური დაყოფის პრინციპზე დამყარებული მრავალჯერადი დაშვების სისტემა. იგი შეიქმნა 30-იან წლებში. კონკრეტულად 1935 წელს ჩატარდა სამუშაოები სსრკ-ში დმიტრი აგეევის მიერ.

CDMA პრინციპი ერთ-ერთია რამდენიმე მრავალჯერადი დაშვების სისტემიდან, გამოიყენება ასევე არხების სიხშირული FDMA (ინგლ. Frequency Division Multiple Access) და არხების დროითი TDMA (ინგლ. Time Division Multiple Access) დაყოფის პრინციპები. CDMA პრინციპზეა დაფუძნებული ფიჭური კავშირის სტანდარტები: IS-95 (იგივე cdmaOne), IS-2000 (იგივე CDMA2000, cdmaOne-ის 3G ევოლუცია) და ნაწილობრივ UMTS (GSM-ის 3G ევოლუცია). ეს უკანასკნელი CDMA პრინციპზე დამყარებულ W-CDMA პრინციპს იყენებს და ამის გამო ამ სტანდარტს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც W-CDMA; cdmaOne და CDMA2000 კი ხშირად მოიხსენიება, როგორც უბრალოდ CDMA.

CDMA-ს არჩევის მიზეზი ამ ტექნოლოგიის საკმაოდ ბევრი დადებითი თვისება იყო, ერთ-ერთი მთავარი კი — კონფიდენციალურობის მაღალი ხარისხი.დღეისათვის CDMA ტექნოლოგია მთელ მსოფლიოში საკმაოდ ფართოდ არის გავრცელებული. მოძრავი თუ ფიქსირებული უმავთულო კავშირით, CDMA ტექნოლოგიის გამოყენებით, დედამიწაზე 300 მილიონზე მეტი ადამიანი სარგებლობს. აღნიშნულ სტანდარტს სპეციალისტები საკმაოდ დიდ პერსპექტივას უწინასწარმეტყველებენ.

ტექნიკური დეტალები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

CDMA ტექნოლოგიის მუშაობა არხების კოდური დაყოფის პრინციპზეა აგებული. გავრცელებული მობილური კავშირის სისტემებში მიღებულია დაფარვის ზონის ფიჭებად დაყოფა. მობილურ ოპერატორს გააჩნია სიხშირული ზოლი, რომელსაც ის ეფექტურად ანაწილებს მთელ მომსახურების ზონაზე.

იმისათვის, რომ მომხმარებელმა აწარმოოს სატელეფონო კავშირი ან გადასცეს მონაცემები, მოწყობილობამ ანუ ტელეფონმა ეს ციფრული ინფორმაცია სიხშირით უნდა გადასცეს საბაზო სადგურს, რომელიც თავის მხრივ, აღნიშნულ სიგნალს უკვე ცენტრალურ სადგურს უგზავნის ან მავთულიანი ან რადიო სარელეო კავშირის გამოყენებით. შემდგომ კი სადგურის მეშვეობით სასურველი აბონენტის მოძებნა და მასთან შეერთება ხდება.

სისტემის პარამეტრები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

CDMA ტექნოლოგიაზე დაფუძნებული მობილური ტექნოლოგიები ევოლუციურ განვითარებას განიცდის. მისი პირველი სტადია იყო cdmaOne, 2G (IS-95A) — მონაცემთა გადაცემის სიჩქარე — 14,4კბ/წმ და 2,5G (IS-95B) — მონაცემთა გადაცემის სიჩქარე — 64კბ/წმ. ამჟამად უკვე მეტად გავრცელებულია 3G, CDMA2000 სტანდარტი, რელიზებით CDMA2000 1x და CDMA2000 1xEV-DO.

CDMA2000 1x უზრუნველყოფს ხმოვანი სიგნალის გადაცემას, ასევე იგივე არხით ელექტრონული ფოსტის, ინტერნეტის გამოყენებას, მონაცემთა გადაცემის სიჩქარე 153 კბ/წმ. CDMA2000 1xEV-DO მონაცემთა გადაცემაზე ორიენტირებული ტექნოლოგიაა, სადაც ელექტრონული ფოსტისა და ინტერნეტის გამოყენება უკვე დამოუკიდებელი არხით და განსხვავებული სიჩქარით არის შესაძლებელი, მონაცემთა გადაცემის სიჩქარე: Rel.0 — 2,4 მგბ/წმ, Rev. A — 3,1 მგბ/წმ აბონენტის მიმართულებით და 1.8 მგბ/წ უკუმიმართულებით, Rev. B — 4,9 მგბ/წმ აბონენტის მიმართულებით და 2,4 მგბ/წმ უკუმიმართულებით.

GSM ტექნოლოგიისგან განსხვავებით CDMA2000 კავშირის შემთხვევაში მუშაობის პრინციპი განსხვავებულია. CDMA2000-ში ყველა საბაზო სადგური ერთსა და იმავე სიხშირეს იყენებს, ასევე GSM-ისგან განსხვავებულია ინფორმაციის გადაცემის პრინციპი. მაგალითად ავიღოთ ოთახი, რომელშიც საკმაოდ ბევრი ადამიანია და ისინი სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ და მხოლოდ ორმა ადამიანმა იცის ერთნაირი ენა და ესმით ერთმანეთის ლაპარაკი. CDMA2000 ტექნოლოგიის შემთხვევაში, ინფორმაცია, რომელიც გადაიცემა, დანიშნულია გარკვეული კოდით, რომელიც კონკრეტული აბონენტისთვის არის განკუთვნილი და მხოლოდ ეს ერთი აბონენტი ამოიცნობს ამ კოდს და მისთვის განკუთვნილ ინფორმაციას.

რაც შეეხება GSM ტექნოლოგიას, ამ შემთხვევაში საბაზისო სადგურს აქვს საერთო სიხშირის საკუთარი ზოლი, რომელიც მოქმედებს გარკვეულ ტერიტორიაზე, მეზობელი საბაზო სადგურები იყენებენ განსხვავებულ სიხშირეს, შემდგომ კი რამდენიმე ასეთი სადგურის გამოტოვებით, უკვე გამოყენებული სიხშირე მეორდება, აქედან გამომდინარეობს სახელწოდება ფიჭური კავშირგაბმულობა. მობილური კავშირის მომსახურების ზონა ფიჭებად არის დაყოფილი. ასე მიიღწევა სიხშირის მრავალჯერადი და შესაბამისად, ერთი სიხშირული ზოლის ეფექტურად გამოყენება მთელ ქსელში.

აქ არის მეორე პრინციპიც, გამომდინარე იქიდან, რომ სადგურების მიერ გამოიყენება მთლიანი ფართო სიხშირული ზოლი, 1,5 მგჰც ინფორმაციის გადაცემისათვის სიგნალის უფრო მცირე სიმძლავრე არის საჭირო. აქაც მარტივად რომ ავხსნათ, ავიღოთ წყლის მსხვილი და წვრილი მილი. იმისათვის, რომ მეტი რაოდენობა წყალი გადავცეთ დიდ მილში, შეიძლება გაცილებით ნაკლები წნევით მოვახდინოთ ეს პროცესი, ვიდრე უფრო წვრილ მილში.

შესაბამისად, CDMA2000 ქსელში, ფაქტობრივად, გამორიცხულია ის პრობლემა, რომ აბონენტმა ქსელის გადატვირთვის გამო ზარი ვერ განახორციელოს. აქედან გამომდინარე, CDMA ტელეფონებს გაცილებით ნაკლები გამოსხივება აქვს, ვიდრე GSM ტელეფონებს (ეს ფაქტი დამტკიცებული ჯერ კიდევ არ არის), ასევე გაცილებით უფრო დიდხანს მუშაობს ტელეფონი იგივე ტევადობის აკუმულატორისაგან, თვით საბაზო სადგურის ტევადობაც მეტია, უფრო კონკრეტულად: GSM-900-ის მიერ მიწოდებული სიმძლავრე აბონენტისთვის არის 1 ვატი, GSM-1800-ის 2 ვატი, ხოლო CDMA2000-ის კი მხოლოდ 0.25 ვატი.

იმის გამო, რომ ტექნოლოგია გაცილებით უფრო ფართო სიხშირულ სპექტრს იყენებს, ის უფრო მდგრადია ხელისშემშლელი ფაქტორების მიმართ და უფრო მდგრადია ქალაქის პირობებშიც. ასევე დაბალია CDMA ქსელის გაშლის ღირებულება და შესაბამისად, შესაძლებელია გაცილებით ნაკლები გადასახადის დაწესება წუთობრივ მომსახურებაზე. გამომდინარე იქიდან რომ, როდესაც მობილური ოპერატორი აწესებს წუთობრივ გადასახადს, ღირებულებაში ქსელის გამართვაზე დახარჯული თანხის ამოღების წილიც არის ჩადებული.

საბოლოოდ კი, ეს ყველაფერი ტექნოლოგიას საკმაოდ პერსპექტიულს ხდის ფიქსირებული სატელეფონო კავშირის მიწოდების შემთხვევაში. მომხმარებელი, რომელიც მას ფიქსირებული სატელეფონო კავშირისთვის იყენებს, სარგებლობს როგორც მაღალი ხარისხის დაცული სატელეფონო კავშირით, ასევე მონაცემთა გადაცემის მაღალი სიჩქარით.

GSM სისტემების აქტიური მწარმოებელი კომპანიების მიერ ტექნოლოგიის უპირატესობის გამოხატვაა ისიც, რომ CDMA ტექნოლოგიაზე, კონკრეტულად კი W-CDMA(Wideband Code Division Multiple Access)-ზეა დაფუძნებული UMTS, GSM მესამე თაობის განვითარება.

რაც შეეხება მობილურ ტერმინალებს CDMA2000 სისტემებისათვის, მსოფლიო მობილური ტელეფონების მწარმოებელი ლიდერები უკვე საკმაოდ ფართო მოდელების რიგს წარმოადგენენ მომხმარებლის წინაშე, მათ შორის არის საკმაოდ ინოვაციური მოდელები, რომლებიც მაღალ ტექნიკურ მაჩვენებლებს შეიცავენ.

საქართველოში CDMA ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ სხვადასხვა სახის ფიჭურ კავშირს თითქმის ორი ათწლეულია იყენებენ. 1996 წელს საქართველოში ამოქმედდა პირველი მობილური ოპერატორი მეგაკომი, რომელიც პირველი თაობის ამერიკულ AMPS ტექნოლოგიაზე იყო აგებული, თუმცა მოგვიანებით საქართველოს ბაზარზე გამოჩენილ მეორე თაობის GSM ოპერატორებს ჯეოსელს და მაგთის კონკურენცია ვეღარ გაუწია და 2004 წელს არსებობა შეწყვიტა. 1999 წლის ოქტომბერში ამოქმედდა კომპანია იბერიატელის ფიქსირებული ფიჭური კავშირგაბმულობის ქსელი, რომელიც პირველი თაობის NMT-450 ტექნოლოგიას იყენებდა, თუმცა ვერც იბერიატელმა შეძლო ბაზარზე თავის დამკვიდრება. მოგვიანებით ბაზარზე გამოჩნდა კომპანია ჰაი-ლაინი, რომელმაც პირველმა შესთავაზა მომხმარებელს 3G თაობის CDMA2000 უსადენო ფიქსირებული ქსელის სახით, თუმცა მაშტაბურად CDMA2000 ფიქსირებული ქსელი მხოლოდ 2007 წელს დაინერგა კომპანია გაერთიანებული ტელეკომის მიერ, რასაც მალე მაგთიკომმა იგივე ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ახალი ბრენდით — მაგთიფიქსით უპასუხა. დღესდღეობით CDMA2000-ს როგორც უსადენო ფიქსირებულ კავშირს, და ასევე როგორც მობილურ კავშირს სთავაზობს მომხმარებელს კომპანია მაგთიკომი, ჰაი-ლაინი და სილქნეტი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=CDMA&oldid=3802984“-დან