ავტოგოლი
ავტოგოლი ან გოლი საკუთარ კარში — სპორტულ შეჯიბრებათა სხვადასხვა სახეობებში (მაგ. ფეხბურთი, ხელბურთი, ბალახის ჰოკეი და სხვ.) საკუთარ კარში ბურთის გატანა (როგორც წესი შემთხვევით),[1] რომელიც მოწინააღმდეგე მხარეს ეთვლება ანგარიშში.[2]
ფეხბურთი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფეხბურთში მოქმედი წესებით, რიგ შემთხვევებში ავტოგოლი არ ითვლება. მაგალითად, თუ ბურთი პირველივე შეხებით გავიდა კარში უშუალოდ საჯარიმო დარტმისას, თავისუფალი დარტყმისას, საწყისი დარტყმისას, კარიდან დარტყმისას, კუთხურის ან აუტის ჩაწოდებისას. ყველა ასეთ შემთხვევაში ინიშნება თავისუფალი დარტყმა.[3]
ავტოგოლის ჩათვლა-არჩათვლასთან დაკავშირებულ — ფეხბურთის წესებით გათვალისწინებულ ზოგიერთ შემთხვევას მხოლოდ თეორიული მნიშვნელობა თუ ექნება (მაგალითად, პრაქტიკაში თითქმის წარმოუდგენელია საკუთარ კარში პირველივე შეხებით ბურთის გატანა საწყისი დარტყმისას ან კუთხურის ჩაწოდებისას).[4]
ფეხბურთის წესებით გათვალისწინებულია, ასევე, გარკვეული რეგულირებები. მაგალითად, მცველის ბურთთან შეხების შემთხვევისას: როდესაც თავდამსხმელი უშუალოდ კარის მიმართულებით გზავნის ბურთს, შემდეგ კი ბურთი მოწინააღმდეგის მცველს ეხება და ისე გადის კარში, მაშინ იგი ავტოგოლად არ ჩაითვლება. როდესაც თავდამსხმელი უშუალოდ კარის მიმართულებით არ გზავნის ბურთს, შემდეგ კი მოწინააღმდეგის მცველს ეხება და ისე გადის კარში, ასეთ შემთხვევაში იგი ავტოგოლად ფიქსირდება. რაც შეეხება იმას, გზავნიდა თუ არა მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ბურთს თავდამსხმელი უშუალოდ კარის მიმართულებით — ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების უფლება მხოლოდ შეხვედრის მსაჯს გააჩნია.[5]
საფეხბურთო შეჯიბრებების დროს მოთამაშეების მიერ გატანილი ბურთების სტატისტიკის შედგენისას — ავტოგოლი მათ ავტორებს ანგარიშში არ ეთვლებათ და შესაბამისად მათი გათვალისწინება გატანილი ბურთების მაჩვენებლებში ამჟამად არსებული ფეხბურთის წესების მიხედვით არ ხდება.[6]
საკლუბო ავტოგოლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბორის ფროლოვი (1915–1978) — თბილისის „დინამოს“ ისტორიაში საკავშირო პირველობის ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრებში პირველი ბურთი საკუთარ კარში გაიტანა „დინამოს“ ცენტრალურმა მცველმა ბორის ფროლოვმა 1940 წლის 21 ივლისს ლენინგრადში ადგილობრივ „ზენიტთან“ თამაშის დროს. მატჩი მოიგეს თბილისელებმა ანგარიშით 4–3.[7]
გოგი ანთაძე (1920–1987) — საკუთარი კარი მან 1954 წლის 22 აგვისტოს, მოსკოვის „ლოკომოტივთან“ გამართულ საკავშირო ჩემპიონატის 26-ე ტურის კალენდარულ მატჩში, შეხვედრის 76-ე წუთზე აიღო. თბილისელთა კარს ამ შეხვედრაში შოთა კიტია იცავდა.[8][9] ეს იყო საკავშირო პირველობის ფარგლებში ჩატარებული ბოლო შეხვედრა გოგი ანთაძის საფეხბურთო კარიერაში.[10]
ცნობილი ავტოგოლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მსოფლიო საფეხბურთო ლიტერატურასა თუ ვიდეოთეკაში დაფიქსირებული და აღრიცხული ავტოგოლების რაოდენობამ დიდი ხანია რაც სამნიშნა ციფრს გადააბიჯა. ისტორიაში ავტოგოლების გარეშე თითქმის არ ჩატარებულა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი არცერთი პროფესიონალური საფეხბურთო ტურნირი. ავტოგოლი როგორც წესი კურიოზთან ასოცირდება და მხოლოდ სიხალისეს მატებს სპორტის ამ სახეობას. როგორც ფიფა-ს ყოფილი პრეზიდენტი ჟოაო აველანჟი ამბობდა: „ფეხბურთი უპირველესად მაყურებლით და მაყურებლისთვის არსებობს და შემდეგ უკვე ყველა სხვა დანარჩენისთვის“. 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონმა ხორხე ვალდანომ ერთხელ განაცხადა: „მიზეზი იმისა, რომ ფეხბურთში დრამატული და კომიკური ასე ბუნებრივად ერწყმის ერთმანეთს მხოლოდ ამ შესანიშნავი თამაშის განუმეორებელ სანახაობრივ მიმზიდველობაშია“.[11]
ქვემოთ მოყვანილია ავტოგოლებთან დაკავშირებული სტატისტიკა და მოკლე ინფორმაცია.
- მარსელო — ბრაზილიელი ფეხბურთელი, მადრიდის „რეალისა“ (2007–2018) და ბრაზილიის ნაკრების მცველი (2006–).
2014 წლის 12 ივნისს, სან-პაულუში შედგა ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნითი მატჩი, რომელსაც არენა დე სან-პაულუმ უმასპინძლა. ერთმანეთს ბრაზილიისა და ხორვატიის ეროვნული გუნდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრის ანგარიში მე-11 წუთზე გაიხსნა — მუნდიალის პირველი გოლი მარსელომ საკუთარ კარში გაიტანა. ამის მიუხედავად, მასპინძლებმა მაინც მოახერხეს თამაშის შემოტრიალება და ხორვატებს დამაჯერებელი ანგარიშით 3–1 მოუგეს. [12] ეს არის ერთადერთი შემთხვევა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, როდესაც ტურნირის გოლების ანგარიში ავტოგოლით გაიხსნა.[13] - კრიშტიანუ რონალდუ — პორტუგალიელი ფეხბურთელი. მადრიდის „რეალისა“ (2009–2018) და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი (2003–).
2013 წლის 2 თებერვალს გრანადამ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის შეხვედრას უმასპინძლა, სადაც ერთმანეთს ადგილობრივი „გრანადა“ და მადრიდის „რეალი“ დაუპირისპირდნენ. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 1–0 დამთავრდა. ერთადერთი ბურთი გრანადელთა სასარგებლოდ შეხვედრის 21-ე წუთზე, მადრიდის „რეალის“ ყველა დროის საუკეთესო გოლეადორმა — კრიშტიანუ რონალდუმ შთამბეჭდავი თავური დარტყმით გაიტანა საკუთარ კარში.[14][15][16] - რუდ კროლი (ნიდერლ. Ruud Krol) — ნიდერლანდელი ფეხბურთელი. ამსტერდამის „აიაქსის“ (1968–1980) და ნიდერლანდების ნაკრების მცველი (1969–1983).[17]
1974 წლის 23 ივნისს, ბულგარეთის ნაკრებთან მატჩში გაიტანა ავტოგოლი, რომელიც ერთადერთი გოლი იყო, რაც მისმა ეროვნულმა გუნდმა გაუშვა 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ორივე ჯგუფურ ეტაპზე.[18] - კრის ნიკოლი (ინგლ. Chris Nicholl) — ინგლისელი ფეხბურთელი. „ასტონ ვილას“ (1972–1977) და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების მცველი (1974–1983).
1976 წლის 20 მარტს, ლესტერში, ინგლისის პირველი დივიზიონის კალენდარულ შეხვედრაში ერთმანეთს დაუპირიპირდნენ ადგილობრივი „ლესტერ სიტი“ და „ასტონ ვილა“. მატჩი ფრედ, 2–2 დამთავრდა. ოთხივე ბურთი კრის ნიკოლმა გაიტანა — მან ორჯერ დააწინაურა მეტოქე, თუმცა ორივეჯერ ანგარიში თავად გაათანაბრა. [19][20] - ანდრეს ესკობარი — კოლუმბიელი ფეხბურთელი. მედელინის „ატლეტიკო ნასიონალის“ (1986–1994) და კოლუმბიის ნაკრების მცველი (1988–1994).[21]
1994 წლის 22 ივნისს, აშშ-ის ნაკრებთან 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩის 35-ე წუთზე გაიტანა ავტოგოლი. შეხვედრა აშშ-ის ეროვნული გუნდის გამარჯვებით 2–1 დამთავრდა. ეს იყო კოლუმბიელთათვის მეორე წაგება, რაც სამხრეთამერიკელებისთვის მუნდიალის დასრულებას ნიშნავდა.[22] - სტან ვან დენ ბიუისი (ნიდერლ. Stan Van den Buijs) — ბელგიელი ფეხბურთელი. „ჟერმინალ ეკერენის“ მცველი (1994–1996).
1995 წლის 21 იანვარს ბელგიის ჩემპიონატის კალენდარული მატჩი გაიმართა „ანდერლეხტსა“და „ჟერმინალ ეკერენს“ შორის. შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა, სულ ხუთი ბურთი გავიდა. ხუთივე ბურთი „ჟერმინალის“ მოთამაშეებმა გაიტანეს. ხუთიდან სამი თავის „აქტივში“ სტან ვან დენ ბიუისმა ჩაიწერა. მან მთელი თავისი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ერთადერთი „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა და ისიც საკუთარ კარში. მის მიერ გატანილი სამი ავტოგოლის წყალობით, „ანდერლეხტმა“, რომელსაც ერთი გოლიც არ გაუტანია, შეხვედრა — ანგარიშით 3–2 მოიგო.[23][24][25][26][27] - „ადემა“ – „ლემირნი“ (ინგლ. AS Adema 149–0 Stade Olympique l'Emyrne) — მატჩი ანტანანარივუს საფეხბურთო კლუბებს შორის.[28][29][30][31]
ისტორიაში ყველაზე მეტი ავტოგოლი დაფიქსირდა მადაგასკარის პრემიერ ლიგაში 2002 წლის 31 ოქტომბერს გამართულ საფეხბურთო მატჩში „ადემასა“ და „ლემირნს“ შორის, სადაც პროტესტის ნიშნად „ლემირნმა“ საკუთარ კარში 149 გოლი გაიტანა.[32] მატჩი გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში.[33] - ლიამ ბრიდკატი (ინგლ. Liam Bridcutt) — შოტლანდიელი ფეხბურთელი. შოტლანდიის ნაკრების ნახევარმცველი.[34]
- ლუის დანკი (ინგლ. Lewis Dunk) — ინგლისელი ფეხბურთელი. „ბრაიტონ ენდ ჰოუვ ალბიონის“ მცველი.[35]
2012 წლის 19 თებერვალს ინგლისის თასის მერვედფინალში ერთმანეთს „ლივერპული“ და „ბრაიტონ ენდ ჰოუვ ალბიონი“ ხვდებიან. ამ მატჩში „ბრაიტონის“ ნახევარმცველს ლიამ ბრიდკატს ორი ავტოგოლი გააქვს (პირველი საკუთარი თანაკლუბელის, ხოლო მეორე სტივენ ჯერარდის „დახმარებით“). ბრიდკატის ორ ავტოგოლს მისი მეორე თანაგუნდელი — ლუის დანკი, თავის მხრივ, კიდევ ერთ ავტოგოლს ამატებს (რაშიც მას ლივერპულელთა ურუგვაელი ლეგიონერი ლუის სუარესი „ეხმარება“). საბოლოოდ, „ბრაიტონის“ სამ ავტოგოლს მეტოქემ საკუთარი სამიც მიაშველა და მატჩიც მერსისაიდელთა გამარჯვებით 6–1 დამთავრდა.[36][37] - ტონი პოპოვიჩი (ინგლ. Tony Popovic) — ავსტრალიელი ფეხბურთელი. „კრისტალ პალასის“ (2001–2006) და ავსტრალიის ნაკრების მცველი (1995–2006).
2004 წლის 11 სექტემბერს, პორტსმუთში, „ფრატონ პარკზე“ (ინგლ. Fratton Park) ინგლისის პრემიერლიგის კალენდარულ შეხვედრაში ერთმანეთს დაუპირიპირდნენ ადგილობრივი „პორტსმუთი“ და „კრისტალ პალასი“. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 3–1 დამთავრდა.[38] შეხვედრის 85-ე წუთზე სტუმართა მცველმა ტონი პოპოვიჩმა იშვიათი სილამაზის ავტოგოლი გაიტანა, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან ჩამოწოდებული ბურთის მოგერიებას ცდილობდა საკუთარ საჯარიმო მოედანზე. პოპოვიჩის ქუსლიდან ასხლეტილმა ბურთმა ულამაზესი ტრაექტორია მოხაზა და ისე გაეხვა კარის ბადეში, რომ მეკარეს მისი მოგერიების არავითარი შანსი არ დაუტოვა. ეს არის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ავტოგოლი თავისი „ფენომენალური“ შესრულებით, რომელსაც ბევრი ფეხბურთელი და საფეხბურთო მიმომხილველი ყველაზე ლამაზ ავტოგოლად მიიჩნევს.[39][40] - მეიკაილა მური (ინგლ. Meikayla Moore) — ახალი ზელანდიის ქალთა ნაკრების ფეხბურთელი. 2022 წლის 20 თებერვალს SheBelieves Cup-ის ფარგლებში, მურის გუნდი აშშ-ს ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და 0–5 განადგურდა, მარცხში დიდი „წვლილი“ კი სწორედ მან შეიტანა. მურმა, რომელიც „ლივერპულის“ რიგებში ასპარეზობს, სამი ავტოგოლი გაიტანა, თანაც სამივე პირველ ტაიმში. ახალ ზელანდიას გოლი 181 წუთის განმავლობაში არ ჰქონდა გაშვებული და ეს სერია აშშ-სთან მატჩის მეხუთე წუთზე, მურის ავტოგოლით შეწყდა. რამდენიმე წამის შემდეგ, მეიკაილამ საკუთარ კარში ბურთი კიდევ ერთხელ გადაგზავნა, 36-ე წუთზე, კი ავტოგოლების „ჰეთ-თრიქი“ „გაიფორმა“.[41][42][43][44]
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Valdano, Jorge (2016). Fútbol: El juego infinito. Penguin Random House Grupo Editorial España. ISBN 6073-14450-4
- Vieira, Silvia Marta (2010). João Havelange: o dirigente esportivo do seculo XX. Casa da Palavra. ISBN 8577-34146-1
- Rodrigues, Ernesto Carneiro (2007). Jogo duro: a história de João Havelange. Jakarta: Editora Record. ISBN 8501-07857-3
- Valdano, Jorge (2016). Fútbol: El juego infinito - El nuevo fútbol como símbolo de la globalización. Conecta. ISBN 6073-14450-4
- Valdano, Jorge (2013). Los 11 poderes del lider. El futbol como escuela de exito (Spanish Edition). Conecta. ISBN 6073-11867-8
- Carlisle, Jeff (2009). Soccer's Most Wanted II: The Top 10 Book of More Glorious Goals... (v. 2). Potomac Books. ISBN 1597-97193-6
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ცნობილი ფეხბურთელების ავტოგოლები
- ქრესტომათიული ავტოგოლები
- Best Own Goals in Football
- 20 Unforgettable Own Goals in Football
- Top 30 Unexpected Own Goals In Football
- Sport Express.ru
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Own goal (a goal scored by a player accidentally playing the ball into his own team's net. Abbreviation: o.g).
- ↑ ავტოგოლი (საკუთარ კარში გატანილი გოლი ფეხბურთში).
- ↑ FIFA Circular 1302 p.3 (Zurich, 31 May 2012).
- ↑ The rules of soccer are changing! You can't score an own goal from a corner anymore.
- ↑ web.archive.org Revision of The Laws of the Game: Summary of the Law changes for 2016/17 effective from 1 June 2016.
- ↑ When Own Goals Don't Really Count.
- ↑ ზუსტად 60 წლის წინ // „ლელო“, 7 სექტემბერი, 1996, № 54 (11014), გვ. 1, 4.
- ↑ „ა“ კლასის ოსტატთა შეხვედრები. „ლოკომოტივი“ (მოსკოვი) — „დინამო“ (თბილისი) // „ლელო“, 25 აგვისტო, 1954, № 68 (770), გვ. 4.
- ↑ «Локомотив» Москва 6–1 «Динамо» Тбилиси.
- ↑ «Локомотив» Москва 6–1 «Динамо» Тбилиси. Footballfacts.ru.
- ↑ Valdano, Jorge — Jorge Valdano Quotes.
- ↑ Brazil 3–1 Croatia (12 June 2014).
- ↑ Brazil 3–1 Croatia (12 June 2014).
- ↑ Granada 1–0 Real Madrid (3 February, 2013).
- ↑ Ronaldo finds the net again.... Daily Mail Sport
- ↑ «Гранада» обыграла «Реал», не нанеся ни одного удара в створ.
- ↑ Ruud Krol (born 24 March 1949).
- ↑ Bulgaria 1–4 Netherlands (23 June 1974).
- ↑ Classic moments: Chris Nicholl scors all 4 goals in Aston Villa’s 2–2 draw with Leicester City, 1976.
- ↑ Leicester City 2–2 Aston Villa (20 March 1976).
- ↑ Andrés Escobar (born 13 March 1967).
- ↑ USA 2–1 Colombia (22 June 1994) .
- ↑ A bad day at the office.
- ↑ Stan Van Den Buys is a former Belgian professional football player, who is most notable (or notorious) for scoring three own goals in one match whilst playing for Germinal Ekeren against Anderlecht in the 1995–96 season of the Belgian Jupiler League (Anderlecht won 3–2).
- ↑ Stan Van Den Buys (Germinal Ekeren). fotballen.eu
- ↑ საკუთარ კარში გოლების გატანის რეკორდი დაამყარა ბელგიელმა სტენ ვან დენ ბიუისმა. 1995–96 სეზონზე „ანდერლეხტისა“ და „ჟერმინალ ეკერენის“ შეხვედრის დროს მან 3 ავტოგოლი გაიტანა. მატჩი დამთავრდა ანგარიშით 3–2 „ანდერლეხტის“ სასარგებლოდ, ამასთან წაგებულმა გუნდმა გაიტანა ხუთივე გოლი, მოგებულმა კი — არცერთი. სტან ვან დენ ბიუისის ავტოგოლები („ჟერმინალ ეკერენი").
- ↑ Stan van den Buys is de recordhouder van meeste owngoals in één match. In het seizoen '95–'96 verloor Germinal Ekeren met 3–2 van Anderlecht en alle paars-witte goals waren gescoord door Van den Buys.
- ↑ AS Adema 149–0 Stade Olympique l'Emyrne. ESPN
- ↑ Team punished for 149–0 own-goal farce. The Guardian
- ↑ 149–0 scoreline sets new record. BBC Sport
- ↑ AS Adema vs Stade Olympique de l'Emyrne: 31st October 2002.
- ↑ Madagascan champions win 149–0. The Guardian
- ↑ Guinness World Records 2013 — Most own goals in a domestic league football match[მკვდარი ბმული].
- ↑ Liam Bridcutt (born 8 May 1989).
- ↑ Lewis Carl Dunk (born 21 November 1991). Soccerbase
- ↑ Three own goals helped Liverpool ease past Brighton to secure an FA Cup quarter-final tie against Stoke.
- ↑ Liverpool 6–1 Brighton — FA Cup 5th Round (19.02.12).
- ↑ Portsmouth 3–1 Crystal Palace (11 September 2004).
- ↑ Top 10 own goals of all time (Tony Popovic).
- ↑ Most Beautiful Own Goal Ever!! (Tony Popovic).
- ↑ „სამი ავტოგოლი გაიტანა - ახალ ზელანდიელ ფეხბურთელს ძალიან არ გაუმართლა“.
- ↑ „NZ’s Meikayla Moore scores hat-trick of own goals as USWNT cruise to victory“.
- ↑ „Football Ferns defender Meikayla Moore scores hat-trick of own goals against USA“.
- ↑ „Liverpool’s Meikayla Moore scores unwanted hat-trick playing for New Zealand“.