Location via proxy:   [ UP ]  
[Report a bug]   [Manage cookies]                
შინაარსზე გადასვლა

ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულება

მონაწილე ქვეყნები

ტიპი საერთაშორისო ხელშეკრულება
ხელი მოეწერა 1 ივლისი, 1968
ადგილი მოსკოვი, ლონდონი, ვაშინგტონი
ძალაში შევიდა 5 მარტი, 1970
ხელი მოაწერეს 190
ენები ინგლისური, რუსული, ფრანგული, ესპანური და ჩინური

ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულება (ინგლ. Treaty on the Non-Proliferation of Nuclear Weapons) — წარმოადგენს დოკუმენტს, რომელიც შეიმუშავა გაეროს განიარაღების საერთაშორისო კომიტეტმა და მოიწონა გენერალურმა ასამბლეამ 1968 წლის 12 იანვარს.

დოკუმენტის მიზანია, ბირთვული იარაღის შემდგომი გავრცელების პრევენცია და ამგვარი იარაღის მქონე სახელმწიფოების წრის შემოსაზღვრა. აღნიშნული ხელშეკრულება, ბირთვულ სახელმწიფოს უკრძალავს პირდაპირ თუ არაპირდაპირ ბირთვული იარაღისა და მასზე კონტროლის სხვისთვის გადაცემას, ავალებს არ წაახალისოს ბირთვული იარაღის არმქონე სახელმწიფო ბირთვული იარაღის საწარმოებლად, შესაძენად თუ მასზე კონტროლის მოსაპოვებლად.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, განსაკუთრებით ბირთვული იარაღის გაჩენის გამო, განიარაღება თანამედროვეობის ერთ-ერთ გლობალურ პრობლემად იქცა. ამასთან, გაეროს მუდმივი ყურადღების საგანი გახდა, რამდენადაც მისი წესდება, განიარაღების პრინციპს, თანამშრომლობის ზოგად საერთაშორისო-სამართლებრივ პრინციპად მიიჩნევს, მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების საქმეში.

თუმცა, XXI საუკუნეში განიარაღება საყოველთაოდ შეუქცევადი პროცესი არგამხდარა. მთელი რიგი სახელმწიფოები არათუ უარს არ ამბობენ იარაღზე, არამედ მნიშვნელოვან ძალისხმევასაც მიმართავენ მისი სრულყოფისა და მარაგის ზრდისათვის. შედეგად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება განიარაღებისა და შეიარაღებაზე კონტროლს, რაც მიმართულია ჯარების და შეიარაღების რაოდენობის შემცირებისკენ, შეთანხმების, ნდობის ამაღლებისკენ და საერთაშორისო ურთიერთობის სტაბილურობის განმტკიცებისკენ.

ხელშეკრულების სტრუქტურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულება

ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულება შედგება პრეამბულისა და თერთმეტი მუხლისგან. სხვადასხვა სახის ლიტერატურაში, ხელშეკრულება ხშირად მოხსენიებულია, როგორც სამსაყრდენიანი სისტემა, სადაც ეს სამი საყრდენი ურთიერთბალანსშია.

  • გაუვრცელებლობა (non-proliferation)
  • განიარაღება (disarmament)
  • ბირთვულიტექნოლოგიებისმშვიდობიანიგამოყენებისუფლება (the right to peacefully use nuclear technology)

როგორც სტრუქტურულად ისე შინაარსობრივად პუნქტები ურთიერთგანმამტკიცებელი და დაკავშირებულია. თუკი წევრი სახელმწიფოები ასრულებენ ნაკისრ მოვალეობებს, ეფექტიანი გაუვრცელებლობის რეჟიმი, ქმნის მნიშვნელოვან ფუნდამეტს განიარაღების მიღწევისთვის და უზრუნველყოფს მშვიდობიანი თანამშრომლობის შესაძლებლობას ბირთვული ენერგიის გამოყენების საქმეში. ბირთვული ტექნოლოგიის მშვიდობიანი მოხმარების ბენეფიტებს კი, სანაცვლოდ გაუვრცელებლობის პასუხისმგებლობა მოჰყვება. ხოლო, განიარაღებისკენ მიღწეული პროგრესი აძლიერებს გაუვრცელებლობის ძალისხმევასა და ვალდებულებების დაცვის იძულებით, ხელს უწყობს მშვიდობიანი ბირთვული თანამშრომლობის განვითარებას.

ხელშეკრულების I მუხლის თანახმად, ბირთვულ სახელმწიფოს ეკრძალება პირდაპირ თუ არაპირდაპირ ბირთვული იარაღისა და მასზე კონტროლის სხვისთვის გადაცემა, ვალდებულია არ წაახალისოს ბირთვული იარაღის არმქონე სახელმწიფო ბირთვული იარაღის საწარმოებლად, შესაძენად თუ მასზე კონტროლის მოსაპოვებლად.

ხელშეკრულების II მუხლის თანახმად, ბირთვული იარაღის არმქონე სახელმწიფოები კისრულობენ ვარლდებულებას არ შეიძინონ ან აწარმოონ ბირთვული იარაღი ან სხვა ბირთვული ფეთქებადი მოწყობილობები.

ხელშეკრულების III მუხლის თანახმად, ბირთვული იარაღის ქვეყნები დებენ პირობას, მიიღონ ატომური ენერგიის საერთაშორისო საგენტოს გარანტიები, რომ მათი ბირთვული საქმიანობა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს მოემსახურება.

ეს ხუთი ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფო თანხმდება არ გადასცენ ბირთვული იარაღი ან სხვა ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობები და არ წაახალისონ ბირთვული იარაღის არმქონე სახელმწიფოები ბირთვული იარაღის საწარმოებლად, შესაძენად თუ მასზე კონტროლის მოსაპოვებლად (მუხლი I). ხელშეკრულების მომწერი ბირთვული იარაღის არმქონე ქვეყნები კი თანხმდებიან არ შეიძინონ ან აწარმოონ ბირთვული იარაღი ან სხვა ბირთვული ფეთქებადი მოწყობილობები (მუხლი II). ბირთვული იარაღის არმქონე ქვეყნები ასევე თანხმდებიან, მიიღონ ატომური ენერგიის საერთაშორისო საგენტოს გარანტიები, რომ მათი ბირთვული საქმიანობა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს მოემსახურება და ბირთვულ ენერგიის მშვიდობიან მოხმარებას არ გარდაქმნიან ბირთვულ იარაღად ან სხვა ბირთვული ასაფეთქებელ მოწყობილობად (III მუხლი)[1].

ხელშეკრულების VI მუხლის თანახმად, ყველა მხარე ატარებს ვალდებულებას, აწარმოოს კეთილსინდისიერი მოლაპარაკებები ბირთვული შეარაღების უპირატესობის მიღწევის შეწყვეტასთან დაკავშირებული ეფექტური ზომების შესახებ, ბირთვული განიარაღებისა და ზოგადი და სრული განიარაღების მისაღწევად.

VI მუხლის ფორმულირება ხშირად ხდება დავის საფუძველი, აკისრებს რა არამკაფიო ვალდებულებას თითოეულ ხელმოწერს, ისწრაფონ ბირთვული და ტოტალური განიარაღებისკენ: „ყველა მხარე ატარებს ვალდებულებას, აწარმოოს კეთილსინდისიერი მოლაპარაკებები ბირთვული შეარაღების უპირატესობის მიღწევის შეწყვეტასთან დაკავშირებული ეფექტური ზომების შესახებ, ბირთვული განიარაღებისა და ზოგადი და სრული განიარაღების მისაღწევად.“ ამ ინტერპრეტაციის თანახმად, VI მუხლი მკაცრად არ მოითხოვს თითოეული ხელმომწერისგან განიარაღების ხელშეკრულების დადებას, არამედ ის ავალდებულებს მხარეებს აწარმოონ კეთილსინდისიერი მოლაპარაკებები.

მეორე მხრივ, მეტწილად ბირთვული იარაღის არმქონე სახელმწიფოებმა, რომლებიც, ასევე მიეკუთვნებიან მიუმხრობლობის მოძრაობას, VI მუხლის ენა, ბუნდოვანად მიიჩნიეს. მათი აზრით, ოფიციალურად ბირთვული იარაღის სტატუსის მქონე სახელმწიფოებს, VI მუხლი აკისრებს სპეციფიკურ ვალდებულებას განიარაღდნენ ბირთვული იარაღისგან და თვლიან, რომ მათ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულეს. გაეროს საერთაშორისო სასამართლოს მრჩეველთა მოსაზრებით, ხელშეკრულება ბირთვული იარაღის საფრთხის ან გამოყენების შესახებ, რომელიც გამოიცა 1996 წლის 8 ივლისს, ერთხმად განმარტავს მე-6 მუხლის ტექსტს, რაც გულისხმობს, რომ არსებობს ვალდებულება, კეთილსინდისიერად განხორციელდეს და სისრულეში მოყვანილ იქნას ბირთვული განიარაღება მის ყველა ასპექტში მკაცრი და ეფექტური საერთაშორისო კონტროლის ქვეშ. საერთაშორისო სასამართლოს მოსაზრება აღნიშნავს, რომ ეს ვალდებულება მოიცავს ხელშეკრულების ყველა მხარეს (არა მხოლოდ ბირთვული იარაღის სახელმწიფოებს), თუმცა არ ითვალისწინებს ბირთვული განიარაღების სპეციფიკურ ვადას[1].

ბირთვული კლუბის (აშშ, რუსეთი, ჩინეთი, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი) კრიტიკოსები ზოგჯერ ამტკიცებენ, რომ, ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოების წარუმატებელი ბირთვული განიარაღება, განსაკუთრებით, „ცივი ომის“ შემდგომ პერიოდში, შეშფოთებას იწვევს ბირთვული იარაღის არმქონე სახელმწიფოებში. მათივე აზრით, ამგავრი წარუმატებლობა იძლევა ბირთვული იარაღის გაუვცრცელებლობის ხელშეკრულების ხელმომწერთათვის უფლებებს, რომ დატოვონ კონვენცია და განავითარონ საკუთარი ბირთვული არსენალი.

სხვათა ვარაუდით კი, გავრცელებასა და განიარაღებას შორის კავშირმა შესაძლოა შემდეგნაირად იმუშაოს, მაგალითად, ბირთვული კლუბის წევრების ვალდებულების შეუსრულებლობა შექმნის გავრცელების საფრთხეს ირანსა და ჩრდილოეთ კორეაში და დაასუსტებს გლობალური განიარაღების პესრპექტივას. არგუმენტის თანახმად, არც ერთი ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფო არ განიხილავს ბირთვული იარაღის ელიმინაციის შესაძლებლობას, მაღალი რწმენის გარეშე, რომ სხვა ქვეყნები არ შეიძენენ მას. არგუმენტის თანახმად, ზესახელმწიფოების განიარაღების პროგრესის შემთხვევაში, შესაძლოა, ბირთვული იარაღის ფლობა უფრო მიმზიდველი გახდეს მცირე არსენალის მქონე სახელმწიფოებისთვის. შესაბამისად, საერთაშორისო ურთიერთობათა არც თუ მცირე ექსპერტულ წრეში, ხშირია მოსაზრება, რომ ზესახლმწიფოებისთვის ბირთვული იარაღის ქონა, გლობალური მშვიდობის საფუძველს წარმოადგენს და სწორედ ბირთვული შეიარაღებისგან მომდინარე საფრთხეებმა ააცილა სამყაროს მესამე მსოფლიო ომი.

ბირთვული ტექნოლოგიების მშვიდობიანი გამოყენების უფლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხელშეკრულების IV მუხლი სცნობს ყველა მხარის უფლებას განავითარონ ბირთვული ენერგია მშვიდობიანი მიზნებისათვის და სარგებელი მოუტანონ საერთაშორისო თანამშრომლობას ამ სფეროში, მათი გაუვრცელებლობის ვალდებულების შესაბამისად. IV მუხლი ასევე ახალისებს ასეთ თანამშრომლობას.

ხელშეკრულების IV მუხლი სცნობს ყველა მხარის უფლებას განავითარონ ბირთვული ენერგია მშვიდობიანი მიზნებისათვის და უზრუნველყონ მშვიდობიანი თანამშრომლობის შესაძლებლობა ბირთვული ენერგიის გამოყენების საქმეში. ხელშეკრულება ცნობს სუვერენული სახელმწიფოების უფლებას ბირთვული ენერგიის გამოყენებას მშვიდობიანი მიზნებისათვის, ხელშეკრულების I და II მუხლებთან შესაბამისობაში (ძირითადი გაუვრცელებლობის ვალდებულებები, რომლებიც წარმოადგენს დოკუმენტის პირველ სვეტს)[1].

ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების კრიტიკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულება უთანასწოროდ მიიჩნევა, რადგან ის ავალდებულებს ბირთვული იარაღის არმქონე სახელმწიფოებს თავი შეიკავონ ბირთვული იარაღის ფლობისგან, ხოლო ბირთვული სახელმწიფოს სტატუსის მქონე ქვეყნებს, თავიანთი ბირთვული ძალების შენარჩუნების შესაძლებობას უტოვებს. მიუხედავად ამისა, დადგენილება მიიღეს, რამდენადაც ხელმოწერის დროს ბირთვული იარაღის არმქონე სახელმწიფოების უმეტესობას არ ჰქონდათ უნარი და არც მიდრეკილება გამხდარიყვნენ ბირთვული იარაღის მფლობელი ქვეყანა, ამასთან, მათ კარგად ესმოდათ გავრცელების საფრთხის მნიშვნელობა.

გარდა ამისა, 1968 წელსვე დადგინდა, რომ სპეციალური სტატუსის სანაცვლოდ ბირთვული სახელმწიფოები დაეხმარებოდნენ ბირთვული იარაღის არმქონე სახელმწიფოებს ბირთვული ენერგიის განვითარებაში. ასევე, შეთანხმდნენ, რომ ბირთვული ქვეყნები ყველაფერს გააკეთებენ, სამომავლო განიარაღების მისაღწევად. თუმცა, 2005 წლის ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ გამართულ კონფერენციაზე, გლობალურ ბირთვულ საკითხებზე მსჯელობის ნაცვლად არსებული უთანასწორობა განსჯის მთავარ თემად იქცა.

1946-1991 წლები მსოფლიოს დაამახსოვრდა, როგორც „ცივი ომის“ ხანა, რაც ნიშნავდა გლობალურ გეოპოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ და იდეოლოგიურ დაპირისპირებას ერთი მხრივ საბჭოთა კავშირსა და მის მოკავშირეებს და მეორე მხრივ აშშ-ის და მის მოკავშირეებს შორის. ეს კონფრონტაცია არ გულისხმობდა ომს აგრესიული სამხედრო მოქმედებებით, არამედ ეს იყო იდეოლოგიური უთანხმოება კაპიტალისტური და სოციალისტური სახელმწიფოებრივი წყობის ორ მოდელს შორის.

ცივ ომს თან ახლდა შეჯიბრი, მათ შორის, ბირთვული შეიარაღების სფეროში უპირატესობის მოპოვებაზე, რაც მსოფლიოს პერიოდულად აყენებდა მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე. მაგალითად, კარიბის კრიზისი 1962 წლის ოქტომბერში აშშ-სა და სსრკ-ს კონფრონტაციის პიკს წარმოადგენდა. ორი ზესახელმწიფო აშშ და სსრკ, ატომური ესკალაციის ზღვარზე იყო მისული, ისტორიაში ატომური ომი აქამდე უფრო სავარუდო არასდროს ყოფილა. შესაბამისად, გარდაუვალი აუცილებლობა გახდა სამშვიდობო ღონისძიებების გატარება.

18 სახელმწიფოსგან შემდგარი კომიტეტი, რომელიც 1984 წელს გარდაიქმნა კონფერენციად განიარაღების საკითხებში, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის შესახებ მსჯელობას აწარმოებდა 1968 წლიდან.

ხელშეკრულება ამოქმედდა 1970 წლის მარტში 25-წლიანი პერიოდის გათვალისწინებით. 2007 წლის მდგომარეობით, მხოლოდ სამმა ქვეყანამ (ინდოეთი, ისრაელი და პაკისტანი) თქვა უარი ხელშეკრულების ხელმოწერაზე, ხოლო ერთმა ქვეყანამ (ჩრდილოეთი კორეა) რატიფიცირების შემდეგ დატოვა შეთანხმება. ხელშეკრულება გაგრძელდა განუსაზღვრელი ვადით და პირობების გარეშე 1995 წელს, 174 ქვეყნის კონსენსუსის კენჭისყრით, გაეროს შტაბ-ბინაში, ნიუ-იორკში.

ხელშეკრულებას ჯამში 191 სახელმწიფო შეუერთდა, მათ შორის, ბირთვული იარაღის მფლობელი ხუთი ქვეყანა ჩინეთი (1992), საფრანგეთი (1992), საბჭოთა კავშირი (1968; ვალდებულებები და უფლებები, რომელსაც ახლა რუსეთის ფედერაცია ასრულებს), გაერთიანებული სამეფო (1968) და აშშ (1968). სხვა იარაღის შეზღუდვისა თუ განიარაღების შესახებ ხელშეკრულებისგან განსხვავებით, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირება, მოახდინა ქვეყნების უმეტესობამ.

ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმების ხელშეკრულების თანახმად დოკუმენტის IX მუხლის მე-3 ქვეთავში მითითებულია, რომ ბირთვული იარაღის მფლობელ სახელმწიფოებს წარმოადგენს ის სახელმწიფოები, რომლებმაც 1967 წლის 1 იანვრამდე შექმნეს ან გამოსცადეს ბირთვული ბომბი ან სხვა რაიმე ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობა. შესაბამისად, საერთაშორისო-სამართლებრივ დონეზე ბირთვული კლუბის კანონიერ წევრებად და „ძველი“ ბირთვული სახელმწიფოების სტატუსის მქონე ქვეყნებად ითვლებიან აშშ, რუსეთი (რომელმაც მემკვიდრეობით მიიღო ბირთვულ იარაღი სსრკ-ს დაშლის შემდეგ), დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ჩინეთი. ამასთან დაკავშირებით, გაერო და მითითებული ხუთი „ძველი“ ბირთვული სახელმწიფო (აგრეთვე, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრი სახელმწიფოები) უკანასკნელ ოთხ „ახალგაზრდა“ (და ყველა მომავალში შესაძლო) საერთაშორისო ბირთვული კლუბის წევრ სახელმწიფოს არალეგიტიმურად მიიჩნევენ.

ოთხ ქვეყანას: ინდოეთს, ისრაელს, პაკისტანს და სამხრეთ სუდანს ხელშეკრულება არასოდეს მიუღია. ჩრდილოეთ კორეამ კი რატიფიცირების შემდეგ დატოვა ხელშეკრულება.

ინდოეთის ბირთვული პროგრამა იყოფა ორ ნაწილად: ატომური ენერგეტიკის პროგრამა (პირველი ატომური ელექტროსადგური ამუშავდა 1969 წელს) და ბირთვული იარაღის შექმნის და განვითარების პროგრამა (1974). ინდოეთის სურვილი, ჰქონოდა ბირთვული იარაღი, გამოწვეული იყო ორი მიზეზით: პოტენციური საფრთხები ბირთვული სახელმწიფო ჩინეთის მხრიდან, რომელიც რეგიონში ლიდერობისკენ ისწრაფვოდა და პაკისტანთან მწვავე კონფრონტაცია, რამაც არაერთგზის მიიყვანა შეიარაღებულ დაპირისპირებამდე (1947-1948, 1965, 1971 წლებში).

პირველი ატომური ელექტროსადგური ტარაპურში აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა 1969 წელს. ჩინეთის მიერ 1964-1966 წლებში განხორციელებული საცდელი ბირთვული აფეთქებების საპასუხოდ, ინდოეთს უკვე გააჩნდა ბირთვული იარაღის შექმნისთვის საჭირო საკმარისი სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალი და 1968 წელს ინდოელმა მეცნიერებმა დაიწყეს მუშაობა ატომური ბომბის შექმნაზე. 1974 წლის მაისში, ინდოეთმა განახორციელა ბირთვული იარაღის პირველი საიდუმლო გამოცდა, სახელწოდებით „მომღიმარი ბუდა“, ხოლო 1998 წელს მოახდინა რამდენიმე საცდელი აფეთქება, სახელწოდებით „შაკტი“. ეს იყო მშვიდობიანი მიზნებისთვის მიმართული ბირთვული ენერგიის პირველი გამოყენება იარაღის შესაქმნელად, რამაც საერთაშორისო საზოგადოებას ახალი პოტენციური საფრთხეები დაანახა. ინდოეთი ფლობდა ქიმიურ იარაღს და ნებაყოფლობით გაანადგურა მთელი თავისი მარაგი 2009 წელს.

თუმცა, ხელი არ მოაწერა ხელშეკრულებებს ბირთვული გამოცდების ყოვლისმომცველი აკრძალვის და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ, ვინაიდან თვლის, რომ ეს ხელშეკრულებები დისკრიმინაციული და უსამართლოა. ამასთან, ინდოეთი ფლობს გადატანის საშუალებებს, ბალისტიკურ და კონტინენტთა შორის რაკეტებს. 2008 წელს ბირთვულ მომწოდებელთა ჯგუფმა მას შემდეგ, რაც 2006 წელს ინდოეთმა აშშ-ს მთავრობასთან ხელი მოაწერა სამოქალაქო ბირთვულ შეთანხმებას, უფლება მისცა ინდოეთს სხვა ქვეყნებიდან ჰქონოდა სამოქალაქო ბირთვული ტექნოლოგიებისა და საწვავის მიღებაზე წვდომა. შედეგად, ინდოეთი გახდა ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს უფლება ჰქონდეს სხვა ქვეყნებთან „ბირთვული ვაჭრობა“, მიუხედავად იმისა, რომ აქვს ბირთვული იარაღის ფლობის სტატუსი, და არ არის გაუვრცელებლობის შეთანხმების წევრი ქვეყანა.

ბირთვული პროგრამის განვითარებისკენ პაკისტანის პირველი პრაქტიკული ნაბიჯი იყო ბირთვული კვლევის ცენტრის დაარსება 1960 წელს ისლამაბადში. 1970 წელს კანადასთან და 1976 წელს საფრანგეთთან, პაკისტანმა დადო ხელშეკრულებები ატომური ელექტროსადგურის და მძიმე წყლის ქარხნის აშენებასთან დაკავშირებით. პაკისტანის ბირთვული პროგრამის ძირითადი რესურსი მიმართული იყო ურანის გამამდიდრებელი ქარხნის პროექტზე. პაკისტანის ბირთვული პროგრამის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა ჩინეთთან 1986 წელს გაფორმებულმა შეთანხმებამ ბირთული კვლევების სფეროში. ამ თანამშრომლობამ პაკისტანს საშუალება მისცა განევითარებინა საბომბე პლუტონიუმის ბაზაზე მუხტის შექმნის პროგრამა. 1974-1976 წლებში საფრანგეთისგან მიღებული პლუტონიუმის გადამუშავების ტექნოლოგიის მეშვეობით, პაკისტანმა შექმნა პლუტონიუმი, რომელიც საჭიროა თანამედროვე, კომპაქტური ბირთვული მუხტების შესაქმნელად.

პაკისტანის ბირთვული პროგრამა მსოფლიომ დაიმახსოვრა სკანდალით, რომელიც ამ პროგრამის ერთ-ერთი სულისჩამდგმელის აბდულ კადირ ხანის მიერ ბირთვული მასალებით და ტენოლოგიებით ვაჭრობის არალეგალური ქსელის შექმნას უკავშირდება. საერთაშორისო საზოგადოება შეშფოთდა, როდესაც გამოაშკარავდა შუამავლების და კომპანიების ტრანსნაციონალური „ბირთვული ქსელის“ არსებობის პირველი ნიშნები, რომელსაც ხელმძღვანელობდა აბდულ კადირ ხანი. ეს ქსელი აწვდიდა ბირთვულ ტექნოლოგიებს ირანს, ლიბიას და შესაძლოა სხვა ქვეყნებსაც და არასახელმწიფო მოთამაშეებსაც.

„ხანის საქმის“ ისტორია დიწყო 2002 წელს, როდესაც პაკისტანის პრეზიდენტმა პერვეზ მუშარაფმა დაიწყო გამოძიება არმიაში და სპეცსამსახურებში იმ სეგმენტის მიმართ, რომელმაც 1990 წლებში ხელი შეუწყო ავღანური მოძრაობა თალიბანის შექმნას. შემოწმების პროცესში, პაკისტანის და აშშ-ს სპეცსამსახურებმა აღმოაჩინეს პაკისტანის ბირთვული ტექნოლოგიების გაჟონვის ფაქტები „შავ ბაზარზე“. ამერიკულ პრესაში გაჩნდა ცნობები იმის შესახებ, რომ პაკისტანელი ჩინოსნები გადასცემდნენ ბირთვულ საიდუმლოებებს კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკას, პაკისტანის სარაკეტო ტექნოლოგიების განვითარებაში ფხენიანის დახმარების სანაცვლოდ.

2003 წლის 23 დეკემბერს პაკისტანის მთავრობამ ოფიციალურად აღიარა სხვა სახელმწიფოებისთვის ბირთვული ტექნოლოგიების არალეგალური გადაცემის ფაქტები. 2004 წლის 4 თებერვალს აბდულ კადირ ხანმა, პაკისტანის ტელევიზიით გამოსვლისას, აღიარა რომ ბირთვული მასალებით ვაჭრობას აწარმოებდა 20 წლის განმავლობაში და ამ მასალებს იგი აწვდიდა ირანსა და ლიბიას. მან უარყო ჩრდილოეთ კორეასთან კავშირი, თუმცა 2004 წლის აპრილში პრეზიდენტმა მუშარაფმა აღიარა, რომ ბირთვული ტექნოლოგიები ჩრდილოეთ კორეასაც მიეწოდებოდა. არსებობს ცნობები, რომ „ბირთვული ქსელის“ შექმნა მან დაიწყო ჯერ კიდევ URENCO-ში მუშაობისას 1972-1976 წლებში.

ისრაელმა ბირთვულ ტექნოლოგიის განვითარება 1958 წლიდან დაიწყო, ნეგევის უდაბნოში მდებარე ქალაქ დიმონას ტერიტორიაზე და ზოგიერთი ანალიტიკოსის შეფასებით, სავარაუდოდ, არაოფიციალურად ფლობს 100-დან 200-მდე ქობინ გადამუშავებული პლუტონიუმს. თავის მხრივ, ოფიციალური ისრაელი უარს აცხადებს დაადასტუროს ან უარყოს ბირთვული იარაღის ქონა. 2009 წლის 18 სექტემბერს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა კონფერენციამ მოუწოდა ისრაელს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთვის ბირთვული ობიექტები შესამოწმებლად გაეხსნა და დაეცვა გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულება. პასუხად, ისრაელის მთავარმა დელეგატმა განაცხადა, რომ „ისრაელი ვერ ითანამშრომლებს ამ რეზოლუციასთან“. მსგავსი რეზოლუციები ჩაგდეს 2010, 2013, 2014 და 2015 წლებშიც. გაეროს ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციის წევრია 190 ქვეყანა. მათ შორის, მიანმარმა და ისრაელმა ხელი მოაწერეს, მაგრამ რატიფიცირება არ განუხორციელებიათ.

ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის დასაწყისად მიიჩნევენ 1952 წელს, როდესაც მიიღეს გადაწყვეტილება ბირთვული ენერგიის კვლევითი ინსტიტუტის დაარსების შესახებ. 1956 წელს კსდრ-მ და სსრკ-მა მოაწერეს ხელი ხელშეკრულებას ბირთვული სპეციალისტების მომზადების შესახებ. ზოგიერთი შეფასებით, ამ ხელშეკრულების ფარგლებში 1990 წლისთვის სწავლება გაიარა 300-მდე ინჟინერმა. ბირთვული ინფრასტრუქტურის რეალური შექმნა დაიწყო 1960-იან წლებში. 1959 წელს კსდრ-მ გააფორმა ხეშეკრულებები სსრკ-სთან და ჩინეთთან ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი მიზნით გამოყენების სფეროში თანამშრომლობის შესახებ და დაიწყო კვლევითი ცენტრის მშენებლობა იონბიონში.

ჩრდილოეთ კორეაში ბირთვული იარაღის შექმნისთვის სამუშაოები დაიწყო 1970-იან წლებში. 1974 წელს კსდრ გახდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წევრი. 1985 წლის აპრილში, სსრკ-ს ზეწოლით და მისი დახმარებით ატომური ელექტროსადგურის აშენების იმედით, კსდრ-მ ხელი მოაწერა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებას, აგრეთვე ხელი მოეწერა ჩრდილოეთ კორეაში ВВЭР-440 ტიპის მსუბუქი წყლის ოთხრეაქტორიანი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის ხელშეკრულებას. 1990 წელს ეს ხელშეკრულება დაზუსტდა და გადაწყდა ოთხის ნაცვლად სამი უფრო მძლავრი რეაქტორის დამონტაჟება, ხელი მოეწერა აგრეთვე კონტრაქტს საბჭოთა კავშირიდან დაახლოებით 185 ათასი დოლარის ღირებულების თბოგამცვლელების მიღებაზე. ამავე წლის ივნისიდან, მას შემდეგ, რაც აშშ-მ განაცხადა სამხრეთ კორეის ტერიტორიიდან ტაქტიკური ბირთვული იარაღის გატანის შესახებ, ატომურმა სააგენტომ ჩრდ. კორეის 33 ობიექტებზე დაიწყო ინსპექციების სერია. 1993 წლის თებერვალში, კსდრ-ის ატომური ენერგეტიკის მინისტრმა უარი უთხრა ატომურ სააგენტოს ე. წ. სპეციალური ინსპექციის ჩატარებაზე, ხოლო 12 მარტს ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა უარი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებაზე.

1994 წლის 13 ივნისს, კსდრ გამოვიდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოდან. ეს მოვლენები ცნობილია ე. წ. „ჩრდილოეთ კორეის ბირთვული კრიზისის“ სახელწოდებით. გასაიდუმლოებული მონაცემების მიხედვით, 1994 წელს აშშ-ს პრეზიდენტი ბილ კლინტონი და თავდაცვის მინისტრი უილიამ პერი განიხილავდნენ იონბიონის რეაქტორზე სარაკეტო იერიშის მიტანის საკითხს, მაგრამ ვინაიდან ასეთ შეტევას შეეძლო ფართომასშტაბიანი ომის და ადამიანების უდიდესი მსხვერპლის გამოწვევა, იერიში აღარ მიიტანეს და აშშ-მა გააფორმა ჩრდილოეთ კორეასთან „ჩარჩო ხელშეკრულება“, რომლითაც კსდრ-მ აიღო ვალდებულება, უარი ეთქვა ურანის გამდიდრების საწარმოების მშენებლობაზე და პლუტონიუმის მიღებაზე, ხოლო აშშ-მა იკისრა იონბიონის 5 მგვტ-იანი რეაქტორის ნაცვლად აეშენებინა ორი, უფრო მძლავრი რეაქტორი, რომლიდანაც შეუძლებელი იქნებოდა პლუტონიუმის მიღება.

მაგრამ, ურთიერთობები ამ ორ ქვეყანას შორის უფრო დაიძაბა, ხელშეკრულების პირობები არ შესრულდა და 2002 წლის 12 დეკემბერს კსდრ-მ ოფიციალურად გამოაცხადა ბირთვული პროგრამის გაგრძელების და ატომური სააგენტოს ინსპექტორების გამოძევების შესახებ. 2003 წლის 10 იანვრიდან კსდრ-მ ოფიციალურად დატოვა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულება. ჩრდილოეთ კორეა სამხედრო და ბირთვული იარაღის, აგრეთვე ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის მნიშვნელოვან რაოდენობას ფლობს. 2003 წლის მდგომარეობით, ჩრდილოეთ კორეა აღარ წარმოადგენს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების წევრ ქვეყანას, ხოლო 2006 წლიდან, ეს ქვეყანა მოექცა მთელი რიგი სანქციების ქვეშ ბირთვული გამოცდების წარმოებისათვის (2006, 2009, 2013, 2016 და 2017 წლებში).

ირანის ბირთვული პროგრამის განვითარება დაიწყო 1950-1960 წლებში წამოწყებული ე. წ. „თეთრი რევოლუციის“ ანუ ირანის მოდერნიზაციის პერიოდში. 1957 წლის 5 მარტს, „მშვიდობიანი ატომის“ პროგრამის ფარგლებში, ირანმა და აშშ-მ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ატომური ენერგიის მშვიდობიანი გამოყენების სფეროში თანამშრომლობის შესახებ. 1958 წელს ირანი გახდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წევრი. 1963 წელს ირანი შეუერთდა ატმოსფეროში, კოსმოსურ სივრცეში და წყალქვეშ ატომური იარაღის გამოცდების აკრძალვის შესახებ შეთანხმოებას, რომელსაც ხელი მოაწერეს სსრკ-მ, აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა. 1968 წლის 1 ივლისს ირანმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას (1970 წელს განახორციელა რატიფიცირება) ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებდა ატომური ენერგიის მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენებას.

1979 წელს ირანში მოხდა ისლამური რევოლუცია, შაჰი დაამხეს და ახალმა მთავრობამ დროებით შეაჩერა ბირთვული პროგრამა. რამდენიმე წლის შემდეგ, მთავრობამ აღადგინა ბირთვული პროგრამა და ჩინეთის დახმარებით, ისპაჰანში შეიქმნა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, მძიმე წყლის კვლევითი რეაქტორით. 1992-2003 წლებში ირანი ატომური ელექტროსადგურების მშენებლობის სფეროში თანამშრომლობდა სსრკ-სთან. 2002-2003 წლებში აშშ-მა ირანი დაადანაშაულა ტერორისტების დაფინანსებაში და ბირთვული იარაღის შექმნის საიდუმლო მცდელობებში. 2006 წლის 23 დეკემბერს, გაეროს უშიშროების საბჭომ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორის ანგარიშებზე დაყრდნობით, ერთხმად მიიღო რეზოლუცია სანქციების დაწესების შესახებ ირანის წინააღმდეგ, რომელიც უარს ამბობდა ატომური პროგრამის, კერძოდ მშვიდობიანი მიზებისთვის ურანის გამდიდრების სამუშაოების შეჩერებაზე.

აღნიშნული რეზოლუციით, მსოფლიოს ყველა ქვეყანას ეკრძალებოდა თეირანისთვის იმ მასალების, დანადგარების და ტექნოლოგიების მიწოდება, რომლის გამოყენება შესაძლებელი იქნებოდა ირანის ბირთვული და სარაკეტო პროგრამების განვითარებისათვის. 2015 წლის 14 ივლისს, ირანის ბირთვული პროგრამის პრობლემების გადაჭრის მიზნით, ჩინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთის ფედერაციის, გაერთიანებული სამეფოს, შეერთებული შტატების, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის და ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ, მიღებულ იქნა ერთობლივი მოქმედების ყოვლისმომცველი გეგმა (JCPOA), რომლის მიხედვითაც გამდიდრებული ურანის დიდი ნაწილი ირანიდან უნდა გაიტანონ საზღვარგარეთ; ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ უნდა მიიღოს დაშვება ყველა ბირთვულ ობიექტზე მომდევნო 20 წლის განმავლობაში, რაც სააგენტოს საშუალებას მისცემს თვალყური ადევნოს, რომ ირანის ბირთვულ პროგრამას ჰქონდეს მხოლოდ მშვიდობიანი ხასიათი, არ მოხდეს არცერთი ბირთვული ობიექტის დემონტაჟი, ირანის წინააღმდეგ სანქციები მოიხსნება და გარკვეული პერიოდის განმავლოვბაში სრულიად გაუქმდება.

2015 წლის 20 ივლისს, გაერო-ს უშიშროების საბჭომ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოიწონა ერთობლივი მოქმედების ყოვლისმომცველი გეგმა. ირანი არ არის სარაკეტო ტექნოლოგიების კონტროლის რეჟიმის წევრი და მიუხედავად ამისა, აქტიურად მუშაობს შორი დისტანციის ბალისტიკური რაკეტების ფართო სპექტრის და კოსმოსური გაშვების შესაძლებლობების განვითარების, შეძენისა და განლაგებისთვის. ირანის ქიმიური და ბიოლოგიური საქმიანობის ფარგლების სტატუსი უცნობია, მაგრამ დასავლური დაზვერვის უახლესი შეფასებით, ირანი ინარჩუნებს საბრძოლო ქიმიური და ბიოლოგიურ იარაღის პროგრამას. ამჟამად, ირანს გააჩნია ბირთვული საწვავის წარმოების სრული ციკლის შესაძლებლობა, რომელიც მოიცავს ურანის სამთო მოპოვებას და მისი გარდაქმნის. ირანის ვრცელი გამდიდრების პროგრამა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მაღალგამდიდრებული ურანის წარმოებისთვის ბირთვული იარაღის დასამზადებლად, განსაკუთრებით სადავო თემას წარმოადგენს.

სამხრეთ აფრიკა ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც დამოუკიდებლად შექმნა ბირთვული იარაღი და შემდგომში განიარაღდა, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისგან განსხვავებით (უკრაინა, ბელორუსია და ყაზახეთი), რომლებმაც მემკვიდრეობით მიიღეს ბირთვული იარაღი ყოფილი სსრკ-დან და ასევე მიუერთდნენ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებას, ბირთვული იარაღის არმქონე ქვეყნების სტატუსით.

აპარტეიდის დროს სამხრეთ აფრიკის მთავრობას ეშინოდა როგორც შავკანიანთა აჯანყების, ისე კომუნიზმისგან მოსალოდნელი საფრთხის. ყოველივე ამან განაპირობა ბირთვული იარაღის საიდუმლო პროგრამის შემუშავება, მოსალოდნელ საფრთხესთან გასამკლავებლად. სამხრეთ აფრიკას ურანის დიდი მარაგი გააჩნია, რომელიც ქვეყნის ოქროს მაღაროებშია დანაღმული.

მთავრობამ ააშენა ბირთვული კვლევის ობიექტი პელინდაბაში, პრეტორიის მახლობლად, სადაც ურანი ბირთვული სადგურისა და ბომბის საწარმოებლად გაამდიდრა. 1991 წელს, საერთაშორისო ზეწოლის შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამხრეთ აფრიკის ელჩმა ჰარი შვარცმა ხელი მოაწერა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებას. 1993 წელს, მაშინდელმა პრეზიდენტმა ფრედერიკ ვილემ დე კლერკმა ღიად აღიარა, რომ ქვეყანას ბირთვული იარაღის შეზღუდული პოტენციალი ჰქონდა განვითარებული. სამხრეთ აფრიკამ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების შეერთებამდე და ატომური ენერგიის საერთაშორისო საგენტოს ინსპექციის დაშვებამდე არსებული იარაღი დაშალა. 1994 წელს ატომური ენერგიის საერთაშორისო საგენტომ დაასრულა თავისი სამუშაოები და განაცხადა, რომ ქვეყანამ სრულად მოახდინა ბირთვული იარაღის პროგრამის დემონტაჟი.

ურანის და პლუტონიუმის ბომბების შექმნის სამუშაოები ლიბიამ დაიწყო 1980-იან წლებში. ჯერ კიდევ 1970-იან წლებში ლიბიამ შეიძინა 1200 ტონა ურანის კონცენტრატი, ხოლო 2004 წლისთვის უკვე ფლობდა 2263 ტონა კონცენტრატს. 1984 წელს ლიბიამ შეიძინა ურანის გადამამუშავებელი საწარმო, სავარაუდოდ ბელგიაში, ხოლო 1985 წელს 39 კგ. ურანის ჰექსაფტორიდი (ჩინეთში ან სსრკ-ში). 1995 წელს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ბირთვული იარაღის შექმნის დაჩქარების შესახებ და უკვე 1997 წელს პაკისტანისგან შეიძინა პირველი 200 ერთეული ცენტრიფუგა ურანის გამდიდრებისთვის.

ორი ტონა ურანის ჰექსაფტორიდი, რაც საკმარისი რაოდენობაა ერთი ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობის დასამზადებლად, ლიბიამ მიიღო პაკისტანის მეშვეობით ჩრდილოეთ კორეიდან 2001 წელს, ამავე დროს მიიღო ბირთვული ბომბის წარმოების ჩინური ტექნოლოგიური სქემები პაკისტანიდან. 2002 წელს, კვლავ შეიძინეს 10 000 ცალი ცენტრიფუგა პაკისტანში.

2003 წლის ოქტომბერში ხმელთაშუა ზღვაში დააკავეს გემი, რომელსაც გადაჰქონდა ცენტრიფუგის ნაწილები მალაიზიიდან ლიბიაში. 2003 წლის ბოლოსთვის, ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული სამუშაოები მიმდინარეობდა ლიბიის ათ ობიექტზე. თუმცა, სამეცნიერო-ტექნიკური და ტექნოლოგიური ბაზების არასაკმარისი განვითარების გამო, ლიბიამ ვერ შეძლო დამოუკიდებლად გამოეყენებინა მასალები და დანადგარები და მიეღწია მნიშვნელოვანი პროგრესისთვის საბომბე ბირთვული მასალების შექმნის სფეროში. 2003 წლის 19 დეკემბერს, აშშ-სთან და დიდ ბრიტანეთთან საიდუმლო მოლაპარაკებების შემდეგ, ლიბიამ უარი განაცხადა მასობრივი განადგურების იარაღის შექმნის პროგრამის (რომლებშიც აგრეთვე მონაწილეობდნენ სამხრეთ აფრიკის, შვეიცარიის, სინგაპურის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, თურქეთის კომპანიები) რეალიზაციაზე და დათანხმდა მასალების, მოწყობილობების და დოკუმენტაციის განადგურებაზე. ამის შემდგომ, ლიბიის ობიექტებზე მრავალრიცხოვანი ინსპექციების შემდგომ, ატომურმა სააგენტომ დაადასტურა ქვეყანაში საბომბე ბირთვული მასალების არარსებობა.

სირია იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების წევრი სახელმწიფოა 1969 წლიდან და აქვს შეზღუდული სამოქალაქო ბირთვული პროგრამა. საბჭოთა კავშირის დახმარებით, ჯერ კიდევ 1980-იან წლებში აამოქმედა მასობრივი განადგურების იარაღის პროგრამა, რომლის თანახმადაც, შეიქმნა ათასობით ტონა იპრიტისა და ზარინის მარაგები — ნივთიერებებისა, რომელთაგან ერთს კანის დაწყლულების ეფექტი აქვს, მეორე კი ნერვული სისტემის პარალიზებას ახდენს. ვარაუდობენ, რომ სირიას უნდა ჰქონდეს, ასევე „ვი“ გაზად ცნობილი, მოწინააღმდეგის საბრძოლო ძალების გასანადგურებლად შემუშავებული ნივთიერება, რომელიც, ზარინის მსგავსად, ნერვული სისტემის პარალიზებას იწვევს.

2007 წლის 6 სექტემბერს ისრაელმა სირიის ატომური რეაქტორი გაანადგურა, თუმცა ფაქტი ისრაელის არმიამ ოპერაციიდან 10 წლის შემდეგ აღიარა. მიტანილი იერიშების დროს განეიტრალდა საფრთხე, რომელიც ისრაელის არსებობას უქმნიდა საფრთხეს. არსებობს მოსაზრებაც, რომ ისრაელის მთავრობამ აშშ-ის ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციას გაუმხილა სამოქმედო გეგმის შესახებ, თუმცა ამ უკანასკნელმა მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ატომური რეაქტორის მშენებლობის პროცესი, იმ დროისთვის, დასკვნით ფაზაში შედიოდა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, განადგურებული ობიექტი, დიდი ალბათობით, ატომური ენერგიის რეაქტორი იყო და მის შექმნაში, სირიას ჩრდილოეთ კორეა ეხმარებოდა. თავად სირიამ მომხდარი უარყო.

ხელშეკრულების დატოვება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

X მუხლი საშუალებას აძლევს ხელმომწერ სახელმწიფოს დატოვოს ხელშეკრულება, თუ გაუთვალისწინებელმა მოვლენებმა, რომლებიც დაკავშირებულია ამ ხელშეკრულების თემასთან, საფრთხე შეუქმნეს „ქვეყნის უზენაესი ინტერესების დაცვას“. დატოვების კანდიდატი სახელმწიფო ვალდებულია სამი თვის (ოთხმოცდაათი დღის განმავლობაში) განმავლობაში დაასახელოს ბირთვული იარაღის არგავრცობის ხელშეკრულების დატოვების მიზეზები.

ნატოს სახელმწიფოები შეთანხმდენენ, რომ როდესაც „საერთო ომის“ საფრთხე არსებობს, ხელშეკრულება აღარ იქნება ვალიდური, რაც ფაქტობრივად მონაწილე სახელმწიფოებს საშუალებას აძლევს გაფრთხილების გარეშე დატოვონ კონვენცია. ნატოს ბირთვული იარაღის პოლიტიკის ეს მხარდამჭერი არგუმენტი, წარმოადგენს ხელშეკრულების წინააღმდეგობრივ ლოგიკას. ნატოს არგუმენტი ემყარება ფრაზას: „შესაბამისად უნდა მივმართოთ ყველანაირ ძალისხმევას, რათა თავიდან ავიცილოთ მსგავსი ომის საშიშროება“; ხელშეკრულების პრეამბულა, რომელიც შეერთებული შტატების დიპლომატების დავალებით იქნა ჩასმული, ირწმუნება, რომ დოკუმენტი მსგავს ვითარებაში ვერ შეასრულებდა „საერთო ომის“ თავიდან არიდების ვალდებულებას და, შესაბამისად, აღარ წარმოადგენს იმპერატივს. ბევრი სახელმწიფო არ იზიარებს ამ არგუმენტს.

თავის დროზე, ჩრდილოეთ კორეამ გამოიწვია შეშფოთება ხელშეკრულების ამ დებულების გამოყენებით. ხელშეკრულების დატოვების მსურველი სახელმწიფოსგან X მუხლის პირველი ქვეპუნქტი მოითხოვს მხოლოდ სამთვიან ვადაში დატოვების შეტყობინების სრულად წარადგენას და არ ითვალისწინებს ვალდებულებას სხვა სახელმწიფოებმა ეჭვქვეშ დააყენონ ან განსაჯონ კანდიდატის ინტერპტრეტაცია ქვეყნის უზენაესი ინტერესების დაცვის თაობაზე. 1993 წლის 12 მარტს ჩრდილოეთ კორეამ უარი განაცხადა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებაზე. პასუხად, აშშ-ს სურდა იონბიონის რეაქტორზე სარაკეტო იერიშის მიტანა, თუმცა რადგან ასეთ შეტევას შეეძლო ფართომასშტაბიანი ომის და ადამიანების უდიდესი მსხვერპლის გამოწვევა, იერიში აღარ მიიტანეს და აშშ-მ ჩრდილოეთ კორეასთან გააფორმა „ჩარჩო ხელშეკრულება“, რომლითაც კსდრ-მ აიღო ვალდებულება, უარი ეთქვა ურანის გამდიდრების საწარმოების მშენებლობაზე და პლუტონიუმის მიღებაზე, ხოლო აშშ-მ იკისრა იონბიონის 5 მგვტ-იანი რეაქტორის ნაცვლად აეშენებინა ორი, უფრო მძლავრი რეაქტორი, რომლიდანაც შეუძლებელი იქნებოდა პლუტონიუმის მიღება.

2002 წლის ოქტომბერში შეერთებულმა შტატებმა ჩრდილოეთ კორეა დაადანაშაულა შეთანხმებული ჩარჩოების დარღვევაში და მძიმე საწვავის ზეთის გადაზიდვები შეაჩერა. საპასუხოდ, ჩრდილოეთ კორეამ გააძევა ატომური სააგენტოს ინსპექტორები და 2003 წლის 10 იანვარს გამოაცხადა, რომ იგი ტოვებდა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებას. ეს მოვლენები ცნობილია ე. წ. „ჩრდილოეთ კორეის ბირთვული კრიზისის“ სახელწოდებით. თუმცა, ატომური ენერგიის საერთაშორისო საგენტო არ იზიარებს მოსაზრებას, რომ აღნიშნული წინააღმდეგობრივი ლოგიკის მქონე პუნქტის გამო შეიქმნა კრიზისული სიტუცია.

  • ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი / ავტორები და შემდგენლები: ელგუჯა მეძმარიაშვილი, თენგიზ შუბლაძე, ზურაბ აბაშიძე [და სხვ.]; გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის რედაქციით; თარგმანი: შ. ბაიაძე, გ. ლეფონავა, ა. მანჯგალაძე, ა. ღუდუშაური. თბილისი, 2017.
  • გაჩეჩილაძე რ., ჩემი მეოცე საუკუნე, I ტომი 1901-1953, მეორე შესწორებული გამოცემა, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თბ., 2011
  • გაჩეჩილაძე რ., ჩემი მეოცე საუკუნე, II ტომი 1901-1953, მეორე შესწორებული გამოცემა, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თბ., 2011

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 Treaty on the Non-Proliferation of Nuclear Weapons. U.S. Department of State / U.S. delegation to the 2010 nuclear nonproliferation treaty conference (2010).