გაგაუზური ენა (gagauz dili, gagauzça) — გაგაუზების ენა; განეკუთვნება თურქულ ენათა ოღუზურ (სამხრეთ-დასავლეთ) ჯგუფს ანატოლიურ თურქულ, აზერბაიჯანულ და თურქმენულთან ერთად. გავრცელებულია უმთავრესად მოლდოვასა და უკრაინაში, უმნიშვნელოდ ყაზახეთსა და უზბეკეთში. გაგაუზურ ენაზე ლაპარაკობს 170,000 ადამიანი. გაგაუზურმა ენამ განიცადა მეზობელი ენების — ბულგარული, უკრაინული, რუსული, მოლდავური და რუმინული ენების ძლიერი გავლენა. გაგაუზური ენის ფონეტიური სისტემა გამოირჩევა ხმოვანთა სიუხვით: დასტურდება 20 ხმოვანი ფონემა. ძლიერია როგორც ხმოვანთა, ისე თანხმოვანთა ჰარმონია. წინადადებაში სიტყვათა რიგი თავისუფალია. გაგაუზურ ენაში გამოიყოფა 2 ძირითადი დიალექტი: ჩადირლუნგურ-კომრატული (ცენტრალური) და ვულკანეშტური (სამხრული). დამწერლობა შემოიღეს 1957 წელს, ეფუძნება რუსულ გრაფიკას. სალიტერატურო ენის საფუძველია ცენტრალური დიალექტი. 2012 წელს იუნესკომ გაგაუზური ენა გამოაცხადა გაქრობად ენად.