ზმნიზედა
ზმნიზედა, ზმნისართი — სრული მნიშვნელობის მქონე უცვლელი მეტყველების ნაწილი, რომელიც ჩვეულებრივ ზმნას ახლავს და გვიჩვენებს, თუ სად, როდის, როგორ, რატომ ან რისთვის ხდება მოქმედება.
წინადადებაში ზმნიზედა ძირითადად ზმნას ახლავს, მაგალითად, სამი ზმნიზედა ახლავს ზმნას ამ წინადადებაში: გუშინ იქ ძალიან ცხელოდა. პირველი ზმნიზედა აღნიშნავს, თუ როდის ცხელოდა, მეორე - სად ცხელოდა, მესამე - როგორ ცხელოდა. იშვიათად ზმნიზედა შეიძლება ახლდეს ზედსართავ სახელსა და თვით ზმნიზედასაც: ოდნავ წითელი, ძალიან თეთრი, ძალიან შორს.
ზმნიზედები შინაარსის მიხედვით
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზმნიზედა ფორმაუცვლელი მეტყველების ნაწილია. თავად სახელწოდება „ზმნის ზედა“ მიგვანიშნებს, რომ ის ერთვის ზმნას და განსაზღვრავს ზმნით გადმოცემული მოქმედების დროს, ადგილს, მიზეზს, მიზანსა და სხვა. ამდენად, შინაარსის მიხედვით გამოყოფენ ზმნიზედის შემდეგ სახეებს:
- ადგილის – პასუხობს კითხვაზე: სად? საიდან? საითკენ? საით? სადამდე? გვიჩვენებს ზმნით გადმოცემული მოქმედების ადგილს, მაგ.: აქ, მაღლა, ზევით.
- დროის – პასუხობს კითხვაზე: როდის? როდიდან? როდემდე? რა დროიდან? გვიჩვენებს ზმნით გადმოცემული მოქმედების დროს, მაგ: გუშინ, დღეს, ხვალ.
- ვითარების – პასუხობს კითხვაზე: როგორ? რანაირად? გვიჩვენებს ზმნით გადმოცემული მოქმედების ვითარებას, მაგ.: კარგად, ლამაზად, უკეთესად.
- მიზეზის – პასუხობს კითხვაზე რატომ? მაგ.: ამიტომ, მაგიტომ.
- მიზნის – პასუხობს კითხვაზე რისთვის? მაგ.: ამისთვის, იმისთვის.
- კითხვითი – კითხვითი ზმნიზედებია, მაგ.: სად? როდის? რატომ?
- მიმართებითი – კითხვით ზმნიზედას + -ც ნაწილაკი, მაგ.: სადაც, როდესაც.
- განუსაზღვრელობითი – განუსაზღვრელობითი ზმნიზედებია, მაგ.: სადღაც, სადმე, ოდესღაც.
- ჯერობის – პასუხობს კითხვაზე რამდენჯერ? მაგ.: ერთხელ, ორჯერ, სამჯერ.
- უარყოფითი – უარყოფითი ზმნიზედებია, მაგ.: არსად, ვერსად, არასდროს.
ფორმის მიხედვით, ქართულში გამოყოფენ პირველად და ნაწარმოებ (წარმოქმნილი) ზმნიზედებს. ზმნიზედათა საწარმოებლად ენა იყენებს რამდენიმე საშუალებას: კომპოზიციას, ბრუნვის ნიშნების, თანდებულებისა და ნაწილაკების დართვას.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ზმნიზედა — ice.ge[მკვდარი ბმული]
- ზმნიზედები შინაარსის მიხედვით — grammar.emis.ge დაარქივებული 2023-05-22 საიტზე Wayback Machine.
|