ილუმინატები
ილუმინატები (ლათ. illuminati — „განათლებულნი“, გერმ. Illuminatenorden) — სახელწოდება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში აერთიანებდა სხვადასხვა ოკულტურ და ფილოსოფიურ მიმდინარეობათა წარმომადგენლებს[1]. ტერმინი „ილუმინატები“ გამოიყენებოდა გერმანული ფარული ორგანიზაციის მიმართ, რომელიც 1776 წელს დააარსა განმანათლებლური ხანის გერმანელმა პროფესორმა ადამ ვაისჰაუპტმა [2]. დღესდღეობით, აღნიშნული ტერმინი ხშირად გამოიყენება „შეთქმულების თეორიაში“, რომლის მიზანსაც წარმოადგენს არსებული მსოფლიო წყობის შეცვლა და ახალი მსოფლიო წესრიგის (ლათ. Novus Ordo Seclorum) დამყარება.
ადამ ვაისჰაუპტისა და ადოლფ ნიგეს „ბავარიელი ილუმინატების“ ორდენი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„ბავარიელი ილუმინატების“ ორდენი დაარსდა ადამ ვაისჰაუპტის მიერ ინგოლშტადტის უნივერსიტეტი 1776 წლისს 1 მაისს და თავდაპირველად მხოლოდ 5 წევრისაგან შედგებოდა. ვაისჰაუპტს სურდა, რომ ფარულ ორგანიზაციას ეტარებინა სახელწოდება „პერფექტებილისტები“ (ინგლ. Perfectibilists). პროფესორი იმედოვნებდა, რომ შეძლებდა მასონური ტრადიციების საფუძველზე ჩამოეყალიბებინა საკუთარი ფარული ორგანიზაცია, თუმცა მოგვიანებით აზრი შეიცვალა, რადგან მასონური „საიდუმლოებანი“ სერიოზულ შინაარს მოკლებულად მიიჩნია[3].
პროფესორი ადამ ვაისჰაუპტი დეიზმისა და განმანათლებლობის ლიბერალურ იდეათა ცნობილი მიმდევარი იყო, იგი მიზნად ისახავდა საკუთარი ორდენის გამოყენებას აღნიშნულ მოძღვრებათა გავრცელებისა და პოპულარიზაციისათვის. ვაისჰაუპტს მიაჩნდა, რომ ადამიანი თავისი ბუნებით არ წარმოადგენდა ბოროტებას — უარყოფითად მასზე მოქმედებდა გარესამყარო, კერძოდ კი სახელმწიფო და რელიგია. შესაბამისად, თუკი ადამიანი შეძლებს აღნიშნულ სოციალურ ინსტიტუტთა ზემოქმედებისაგან გათავისუფლებასა და საკუთარი ცხოვრების საღი გონებით წარმართვას, ზნეობრივი პრობლემები აღარ იარსებებენ. ილუმინატების მთავარ მიზნად გამოცხადებული იყო კაცობრიობის ცნობიერების ამაღლება და მისი სრულყოფა „ახალი იერუსალიმის მშენებლობის“ გზით[4].
„წიგნის ჭია“ — ასე მოიხსენიებდნენ ვაისჰაუპტს. მისი ძირითადი კონცეფცია იყო შეექმნა და ჩამოეყალიბებინა ელიტარული ჯგუფი, რომელიც შეძლებდა ბავარიის მართვას. არსებობის პირველ ხანებში „ბავარიელი ილუმინატები“ წევრებად იწვევდნენ ინგოლშტადტის უნივერსიტეტის პროფესორებს, მაგრამ ორდენის რიგები ნელა ივსებოდა — მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა გარკვეული ნაწილი ადვილად გაეხვია ვაისჰაუპტის ინტრიგულ კონცეფციაში და შემოქმედებითი კარიერის გაფართოების მიზნით გაწევრიანდნენ ორდენში, თუმცა მალევე დატოვეს მისი რიგები. ამ პრობლემის გადასაჭრელად 1777 წელს ვაისჰაუპტი გაწევრიანდა მიუნხენის მასონურ ლოჟაში[5], თუმცა ვაისჰაუპტის ორდენის პოპულარიზაციაში მთავარი წვლილი მიუძღვოდა ბარონ ადოლფ ნიგეს, რომელიც პროფესორის თანამოაზრე გახდა[3]. თავდაპირველად ნიგეც ამაოდ ცდილობდა ახალი თაობის გერმანელი განმანათლებლების ისეთი წევრების გადმობირებას, როგორებიც არიან — ფრიდრიხ შილერი, გოტჰოლდ ეფრაიმ ლესინგი, იმანუელ კანტი, ფრიდრიხ ჰეგელი, თუმცა 1782ს წლის აგვისტოში შედგა ვილჰელმსბადის მასონური კონვენტი, რომლის მთავარ საკითხს წარმოადგენდა ფარულ ორგანიზაციათა პოზიციების დაახლოება. მრავალი მასონი გაწევრიანდა ილუმინატების გაერთიანებაში იმ აქტიური პროპაგანდის შედეგად, რომელსაც ეწეოდნენ ადამ ვაისჰაუპტი და ადოლფ ნიგე[5].
1777 წელს ჰერცოგი კარლ IV თეოდორი გახდა ბავარიის მმართველი, მან აქტიური ბრძოლა დაიწყო განმანათლებლური აბსოლუტიზმისა და ფარული ორგანიზაციების გავრცელების წინააღმდეგ ბავარიის საგრაფოში. სწორედ ამ მიზნით 1785 წელს მან გაანადგურა ილუმინატთა ხელთ არსებული საიდუმლო ინფორმაცია და ლიტერატურა. ორდენის სტრუქტურულ საკითხებთან დაკავშირებით არსებული შეუთანხმებლობის გამო, ნიგე და ვაისჰაუპტი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, მათი მეტოქეობა ორდენის ხელში ჩაგდებისათვის საბოლოოდ დასრულდა განხეთქილებით 1784 წლის 1 ივლისს — ნიგემ და მისმა თანამოაზრეებმა ორდენი დატოვეს. „ბავარიელი ილუმინატების“ მოღვაწობას 1784-1787 წლებში შედეგად მოჰყვა 4 ბრძანება მათი საქმიანობის აღკვეთის შესახებ — 1784 წელს კარლ თეოდორმა კატეგორიულად აკრძალა ფარულ საზოგადოებათა და ორგანიზაციათა საქმიანობა. 1785 წელს სასამართლომ მასონებსა და ილუმინატებს ბრალი დასდო სახელმწიფო ღალატსა და მწვალებლობაში. 1786 წელს ხელისუფლებამ გაჩხრიკა ორდენის ერთ-ერთი გავლენიანი წევრის — ფრანც ხავიერ ფონ ცვაკის სახლი, აღმოჩენილ იქნა დიდი რაოდენობით წიგნები და დოკუმენტები, რომლებიც ეხებოდნენ ორდენის წევრებსა და მათ საქმიანობას[3]. ამის შემდგომ ფარული ორგანიზაცია კიდევ ერთხელ მოექცა ბავარიის მთავრობის ყურადღების ცენტრში — 1787 წელს „ბავარიელი ილუმინატების“ ორდენის წევრობა დანაშაულად გამოცხადდა და სიკვდილით ისჯებოდა. რომის პაპმა პიუს VI-მ დაგმო საიდუმლო ორდენის მოძრაობა, ილუმინატები კათოლიკური ეკლესიის მტრებად გამოაცხადა და გაასამართლა კიდეც ორდენის წევრები[5].საბოლოოდ, ორდენი დაიშალა, ადამ ვაისჰაუპტი ბავარიიდან გაიქცა და მთელი სიცოცხლე (გარდაიცვალა 1830 წლის 18 ნოემბერს) დევნილობაში გაატარა.
ორდენის სტრუქტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თავდაპირველად ილუმინატთა ორდენის სტრუქტურა მოიცავდა 3 საფეხურს — „მორჩილი“, „მინერვალი“, „განათლებული მინერვალი“[3]. ორდენის ყოველი ახალი წევრი უსიტყვოდ ემორჩილებოდა ხელმძღვანელთა ნებას, ამასთან, ისინი ვალდებულნი იყვნენ ორდენისათვის მიეწოდებინათ სრული ინფორმაცია პირადი ცხოვრების შესახებ[3]. „მორჩილება“ გრძელდებოდა 2 წლის განმავლობაში, ამის შემდეგ ორდენის წევრები მომდევნო საფეხურზე ინაცვლებდნენ.
მოგვიანებით, როდესაც ორდენის წევრთა რაოდენობა გაიზარდა, მისი სტრუქტურა შეიცვალა, მიემსგავსა იეზუიტთა ორდენისა და მასონთა ლოჟის სტრუქტურას[6]. ილუმინატები მკაცრად იცავდნენ „იერარქიულ პირამიდას“. საზოგადოების ბირთვს წარმოადგენდა არეოპაგი (ძვ. ბერძნ. Ἄρειος Πάγος), რომელიც შედგებოდა 12 ყველაზე მეტად დამსახურებული წევრისაგან.
„ბავარიელი ილუმინატების“ ორდენის განახლებული სტრუქტურა მოიცავდა შემდეგ საფეხურებს:
- Areopagites
- Illuminatus dirigens
- Illuminatus major
- Illuminatus minor
- Insinuat
- Minervals
ილუმინატები არ ინტერესდებოდნენ ნებისმიერი მსურველით, ისინი თავად ირჩევდნენ ორდენის წევრებს — ეს ხანგრძლივი პროცესი მოიცავდა დაკვირვებას სასურველ კანდიდატზე, მის მომზადებას ორდენში გაწევრიანებისათვის, სპეციალური რიტუალის ჩატარებას (ნაწილობრივ ნასესხებია მასონთაგან)[3], საზეიმო ფიცის დადებასა და ფარული ფსევდონიმის მინიჭებას. თავად ადამ ვაისჰაუპტის ფსევდონიმი იყო „სპარტაკი“[6].
ინიციაციის შემდეგ ორდენის ახალი წევრები მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა ღონისძიებებში, რომლებიც ეძღვნებოდა განმანათლებლობის ეპოქის ფილოსოფოსთა ნაშრომების შესწავლას. იმ შემთხვევაში თუ ახალწვეული უფრო დიდ ინტერესს გამოიჩენდა ორდენის საქმიანობისადმი, ის გადაინაცვლებდა ინიციაციის მომდევნო საფეხურზე.
ორდენს ჰყავდა წარმომადგენლები ევროპის მრავალ ქვეყანაში. მოღვაწეობის ზენიტში მყოფი „ბავარიელი ილუმინატები“ ითვლიდნენ 2 ათას წევრს[6]. ფონ ნიგეს გამოჩენის შემდგომ კი შესაძლებელი გახდა წევრთა შერჩევა უფრო მაღალი წრიდან, ორდენს შეუერთდნენ ცნობილი საზოგადო მოღვაწეები — იოჰან გოტფრიდ ჰერდერი და იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე[3][5][6].
ილუმინატები და კონსპიროლოგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„ბავარიელ ილუმინატებთან“ და ზოგადად, ფარულ ორგანიზაციებთან მრავალი შეთქმულების თეორიაა დაკავშირებული. ხშირ შემთხვევაში, ფარულ ორგანიზაციათა საქმიანობის მთავარ მოტივად სახელდება მსოფლიოზე გაბატონების, ადამიანურ, სამეცნიერო და ფინანსურ რესურსთა ტოტალური კონტროლის სურვილი.
1797 წელს აუგუსტინ დე ბარუელმა გამოაქვეყნა წიგნი „შენიშვნები იაკობინელების ისტორიის შესახებ“ (ფრანგ. Mémoires pour servir à l’Histoire du Jacobinisme)[7], სადაც ის აღწერს ილუმინატთა ხელმძღვანელობით განხორციელებულ გლობალურ შეთქმულებას, რის შედეგსაც წარმოადგენდა საფრანგეთის დიდი რევოლუცია. ილუმინატების შემდეგ სამიზნედ ავტორი მიიჩნევდა სახელმწიფოებრიობისა და ქრისტიანობის განადგურებას. შეთქმულებაში მონაწილე ფარულ ორგანიზაციათა შორის დასახელებულნი არიან როზენკრეიცერები (იგივე, „ვარდისა და ჯვრის საძმო“), ტამპლიერები და იაკობინელები. დე ბარუელმა ადამ ვაისჰაუპტი დაახასიათა როგორც „ბუნების ამაზრზენი ახირება“ და ფარულ ორგანიზაციათა საქმიანობისათვის სრული პასუხისმებლობაც მას დააკისრა.
თითქმის იმავე პერიოდში, დე ბარუელისაგან დამოუკიდებლად, შოტლანდიელი მასონი და ედინბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფილოსოფიის პროფესორი ჯონ რობისონი მუშაობდა საკუთარ წიგნზე „მსოფლიოს რელიგიათა და ევროპის ხელისუფალთა დასამხობად მიმართული შეთქმულების თეორიის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებანი“ (ინგლ. Proofs of a Conspiracy Against all the Religions and Governments of Europe)[8] . მას შემდეგ, რაც რობისონი გაეცნო დე ბარუელის ნაშრომს, შეუდგა მის ციტირებას საკუთარ წიგნში. შოტლანდიელ პროფესორს მტკიცედ სჯეროდა, რომ ფარული შეთქმულების მიზანს წარმოადგენდა მსოფლიოს ყველა რელიგიის შეცვლა ჰუმანიზმით და „ახალი მსოფლიო წესრიგის“ დამყარება.
ცნობილი ამერიკელი ისტორიკოსი ჯეიმზ ბილინგტონი საკუთარ წიგნში „ცეცხლი ადამიანთა გონებაში“ (ინგლ. „Fire in the Minds of Men“) გამოთქვამს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ „ბავარიელი ილუმინატების“ საქმიანობამ არაპირდაპირი ზეგავლენა მოახდინა XIX საუკუნის ევროპაში რევოლუციური განწყობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე[4].
არსებობს მოსაზრება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დამაარსებლები ასევე წარმოადგენდნენ ილუმინატებს, თუმცა ამის დამადასტურებელი რაიმე ისტორიული საბუთი არ მოიპოვება. აშშ-ის სახელმწიფო ბეჭდის უკანა მხარეს გამოსახულია დაუსრულებელი პირამიდა ყოველისმხედველი თვალით, რომელიც ილუმინატთა სიმბოლოს წარმოადგენს. პირამიდის ირგვლის არის წარწერები — ლათ. Annuit Coeptis („ის ჩვენ გვმფარველობს“ ასევე „დროა დაიწყოს“) და Novus Ordo Seclorum („ახალი მსოფლიო წესრიგი“). წარწერა გვხვდება თავად პირამიდის საფუძველშიც — MDCCLXXVI, რაც რომაული ნუმეროლოგიის გამოყენების შემთხვევაში ნიშნავს 1776 წელს, თარიღი, როდესაც მიღებულ იქნა ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაცია. ანალოგიური გამოსახულება გვხვდება ამერიკულ ერთდოლარიანზე. კონსპიროლოგების ვერსიით, სინამდვილეში პირამიდაზე მითითებული „1776“ აღნიშნავს არა აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების თარიღს, არამედ „ბავარიელი ილუმინატების“ საზოგადოების დაარსებას (1776 წლის 1 მაისი). ამასთან, ცნობილია, რომ აშშ-ის რიგით მესამე პრეზიდენტი, ტომას ჯეფერსონი სიმპათიას გამოხატავდა ადამ ვაისჰაუპტის ილუმინატთა ორდენისადმი, რამაც მასობრივ „კონსპირაციულ ისტერიას“ დაუდო საფუძველი[6].
ილუმინატები მასობრივ კულტურაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მხატვრული ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ილუმინატები მოსხენიებულნი არიან ალექსანდრე დიუმას (უფროსი) რომანში ჟოზეფ ბალზამო.
- ალექსანდრე ჩაიანოვის ფანტასტიკური ჟანრის ნაწარმოებში „გრაფ ბუტურლინის არაჩვეულებრივი თავგადასავალი“ (1924) ილუმინატები აღწერილნი არიან როგორც რუსეთის იმპერიაში არსებული მოქმედი ფარული ორდენი.
- ილუმინატებისადმი ინტერესი განსაკუთრებით გაიზრდა XX საუკუნის 70-იან წლებში. ამ პერიოდში რობერტ შისა და რობერტ უილსონის თანაავტორობით დაიწერა ცნობილი ტრილოგია „Illuminatus!“, ასევე მცირე დამატებები ამ ტრილოგიისადმი (მაგალითად „ილუმინატების ნიღაბი“)
- XXI საუკუნის დასაწყისში ილუმინატებისადმი ინტერესების ახალი ტალღა წარმოშვა დენ ბრაუნის ბესტსელერმა ანგელოზები და დემონები. წიგნში არსებული სიუჟეტის მიხედვით, ფარულ ორგანიზაციათა თანამედროვე შთამომავლები უპირისპირდებიან რომის კათოლიკურ ეკლესიას, რათა შური იძიონ დაღუპულ თანამოაზრეთა გამო.
კინოინდუსტრია და კომპიუტერული თამაშები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გამოგონილი ფარული ორგანიზაცია სახელწოდებით „ილუმინატები“ ასრულებს გადამწყვეტ როლს კომპიუტერულ თამაშში „Deus Ex“. მოქმედება მიმდინარეობს XXI საუკუნის შუა ხანებში.
- ფილმში ლარა კროფტი: სამარხების მძარცველი, მოქმედებს ილუმინატების ფარული ორგანიზაცია.
- 2009 წელს გამოვიდა ფილმი „ანგელოზები და დემონები“ — დენ ბრაუნის ნაწარმოების ეკრანიზაცია. მასში ასევე ფიგურირებენ ვინმე „ილუმინატები“, ამ ტერმინის კონსიპრაციული გაგებით.
- ფილმ „23“-ის მთავარ პერსონაჟს, კარლ კოჰს სჯერა ილუმინატების მონაწილეობით არსებული საყოველთაო ფარული შეთქმულებისა.
- კომპიუტერულ თამაშში „Area 51“ ფიგურირებს ილუმინატების ორდენი, რომელიც კაცობრიობას უმალავს სიმართლეს უცხოპლანეტელთა შესახებ.
- კომპიუტერულ თამაშში „Resident Evil 4“ მოთამაშის მოწინააღმდეგეებს წარმოადგენენ „Los Illuminados“ სექტის წევრები, რომლებიც გეგმავენ „ახალი მსოფლიო წესრიგის“ დამყარებას.
- კომპიუტერულ თამაშში Call of Duty: Black Ops, ერთ-ერთი გმირი, ედვარდ რიჰტჰოფენი ხდება ილუმინატების საზოგადოების წევრი.
- ონლაინ თამაშში „The Secret World“ მოთამაშეს შეუძლება აირჩიოს ერთ-ერთი შემდეგ განყოფილებათაგან — „დრაკონები“, „ტამპლიერები“ და „ილუმინატები“.
მუსიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გერმანულმა როკ-ჯგუფმა „Gamma Ray“ 2001 წელს გამოუშვა ალბომი სახელწოდებით „No World Order“, რომელიც მიმართულია ილუმინატების წინააღმდეგ[9].
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თავისუფალი მასონები
- შეთქმულების თეორია
- ახალი მსოფლიო წესრიგი
- როზენკრეიცერთა ორდენი
- ტამპლიერები
- იეზუიტთა ორდენი
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Engel, Leopold (1906). Geschichte des Illuminaten-ordens (German). Berlin: Hugo Bermühler verlag. OCLC 560422365.
- Gordon, Alexander (1911). „Illuminati“. In Hugh Chisholm (ed.). ბრიტანიკა. 14 (11 ed.). NY: Encyclopædia Britannica, Inc. ციტირების თარიღი: 2011-01-27. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი:
|month=
(დახმარება) - Le Forestier, René (1914). Les Illuminés de Bavière et la franc-maçonnerie allemande (French). Paris: Librairie Hachette et Cie. OCLC 493941226.
- (2005) Die Korrespondenz des Illuminatenordens. Bd. 1, 1776–81 (German). Tübingen: Max Niemeyer. ISBN 3-484-10881-9.
- Melanson, Terry (2009). Perfectibilists: The 18th Century Bavarian Order of the Illuminati. Walterville, Oregon: Trine Day. OCLC 182733051.
- Mounier, Jean-Joseph (1801). On the Influence Attributed to Philosophers, Free-Masons, and to the Illuminati on the Revolution of France, Trans. J. Walker, London: W. and C. Spilsbury. ციტირების თარიღი: 27 January 2011.
- Robison, John (1798). Proofs of a Conspiracy Against All the Religions and Governments of Europe, Carried on in the Secret Meetings of Free Masons, Illuminati, and Reading Societies, 3, London: T. Cadell, Jr. and W. Davies. ციტირების თარიღი: 27 January 2011.
- Utt, Walter C. (1979). „Illuminating the Illuminati“ (PDF). Liberty. Washington, D. C.: Review and Herald Publishing Association. 74 (3, May–June): 16–19, 26–28. ციტირების თარიღი: June 24, 2011.[მკვდარი ბმული]
- Burns, James; Utt, Walter C. (1980). „Further Illumination: Burns Challenges Utt and Utt Responds“ (PDF). Liberty. Washington, D. C.: Review and Herald Publishing Association. 75 (2, March–April): 21–23. ციტირების თარიღი: June 25, 2011.[მკვდარი ბმული]
- Coleman, John (1997). Committee of 300.pdf. ლონდონი: Global Insights Publications, 4th edition, გვ. 15–18.
- Б.Геливер (1997). Гностики или о «лжеименном знании». Киев: «© Уцимм-Пресс». ISBN 966-7026-02-7.
- Vernon L. Stauffer (1918). New England and the Bavarian Illuminati. New York: «The Columbia University Press».
- David Chilton (1984). «Fire In The Minds Of Men». New York: «Basic Books». ციტირების თარიღი: 2012-08-22. დაარქივებული 2013-05-15 საიტზე Wayback Machine.
- Hermann Gruber (1910). «Illuminati». New York: Robert «Appleton Company».
- Conrad Goeringer (2008). «The Enlightenment, Freemasonry, and The Illuminati».
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აუგუსტინ დე ბარუელი „შენიშვნები იაკობინელების ისტორიის შესახებ“ (ინგლისური)
- ჯონ რიბისონი „მსოფლიოს რელიგიათა და ევროპის ხელისუფალთა დასამხობად მიმართული შეთქმულების თეორიის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებანი“ (ინგლისური)
- ამერიკელი ილუმინატების ოკულტური კონსპირაცია დაარქივებული 2010-03-23 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- ილუმინატთა კონსპიროლოგია დაარქივებული 2009-04-09 საიტზე Wayback Machine. (გერმანული)
- ილუმინატთა ორდენი დაარქივებული 2019-06-22 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Б.Геливер (1997)
- ↑ :Gordon, Alexander (1911). „Illuminati“. In Hugh Chisholm (ed.). Encyclopædia Britannica. 14 (11 ed.). NY: Encyclopædia Britannica, Inc. ციტირების თარიღი: 2011-01-27. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი:
|month=
(დახმარება) - ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 Vernor L. Stauffer (1918)
- ↑ 4.0 4.1 David Chilton (1984)
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 Hermann Gruber (1910)
- ↑ 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 Conrad Goeringer (2008)
- ↑ აუგუსტინ დე ბარუელი „შენიშვნები იაკობინელების ისტორიის შესახებ“
- ↑ ჯონ რიბისონი „მსოფლიოს რელიგიათა და ევროპის ხელისუფალთა დასამხობად მიმართული შეთქმულების თეორიის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებანი“
- ↑ Brian O’Neill. No World Order review. — AllMusic.com