Location via proxy:   [ UP ]  
[Report a bug]   [Manage cookies]                
შინაარსზე გადასვლა

ლოგიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლოგიკა (ძვ. ბერძნ. λογική [logikè] — „მეცნიერება სწორი აზროვნების შესახებ“, „განსჯის უნარი“ < λόγος [logos] — „სწავლება“, „მეცნიერება“ — მეცნიერება სწორი აზროვნების ფორმებისა და კანონების შესახებ. საგულისხმოა, რომ რასაც ჩვენ დღეს ლოგიკას ვუწოდებთ, არისტოტელე უწოდებდა ანალიტიკას. ზოგი ინტერპრეტატორის მიხედვით, ანალიტიკა არის საწყისებთან მისვლა. პირველად სიტყვა „ლოგიკა“, როგორც მეცნიერული დისციპლინის სახელი, გამოიყენა [ძენონ კიტიონელი[ძენონ კიტიონელმა]] (ძვ. წ. 333/332–262/261). არისტოტელე იყენებდა ზედსართავს „ლოგიკური“. მისი აზრით, ლოგიკურად ასაბუთებს ის, ვინც იყენებს იმ დებულებებს, რომლებიც გამოხატავენ საგანთა ბუნებას. ამავე დროს, ლოგიკის დღევანდელი მნიშვნელობა გაიგივებული იყო ტერმინ „დიალექტიკასთან“. თითქმის დღევანდელი მნიშვნელობით გამოიყენებოდა ტერმინი „ლოგიკა“ სტოიკოსებთან. მათი აზრით, ლოგიკა არის მეცნიერება წინადადებისა და მისი ნაწილების შესახებ, რომელიც ორ ნაწილად იყოფა: რიტორიკად და დიალექტიკად. სწორედ ამ უკანასკნელში მოიაზრებდნენ ისინი ლოგიკას დღევანდელი მნიშვნელობით.

ძვ. წ. I საუკუნეში, როცა არისტოტელეს მოწაფეებმა გამოსცეს მისი ნაშრომები, არისტოტელეს ლოგიკური ტრაქტატების მთელ კორპუსს ეწოდა „ორგანონი-ბიბლია“, რაც შემდეგ ტრანსფორმირდა სიტყვად „ორგანონი“. ეს არის როგორც არისტოტელეს, ისე სტოიკოსების აზრის ასახვა ლოგიკის და მისი ფუნქციის შესახებ. არისტოტელე ფიქრობდა, რომ ლოგიკა არის მხოლოდ ფილოს. ინსტრუმენტი და არა ფილოს. ნაწილი. მან ყურადღება მიაქცია ლოგიკის ნორმატიულ მხარეს. სტოელები კი ფიქრობდნენ, რომ ლოგიკა არის ინსტრუმენტი და ფილოსოფიის ნაწილიც. დღევანდელი მნიშვნელობით სიტყვა „ლოგიკა“ ალექსანდრე აფროდისიელმა (ახ. წ. III ს.) გამოიყენა; ამ დროიდან იხმარებოდა ორი ტერმინი – „ლოგიკა“ და „დიალექტიკა“. ეს უკანასკნელი გამოიყენებოდა XII საუკუნის ბოლომდე. XIII საუკუნიდან „ანალიტიკების“ შესწავლის შედეგად განსაკუთრებით აქტუალური ხდება ტერმინი „ლოგიკა“, რომელიც გავრცელებული იყო XVI საუკუნემდე. XVI საუკუნეში მოცემული დარგის აღმნიშვნელი ტერმინი კვლავ „დიალექტიკა“ ხდება, XVII საუკუნეში კი ისევ ტერმინი „ლოგიკა“ მკვიდრდება. ტერმინი „ფორმალური ლოგიკა“ გ. ლაიბნიცის გავლენით შემოიღო ი. კანტმა. აღსანიშნავია, რომ ლოგიკის ფორმალურობას მთელი თავისი არსით პირველად სწორედ გ. ლაიბნიცმა მიაქცია ყურადღება.

ლოგიკა, რომელსაც შუა საუკუნეებში (გვიანანტიკური ფილოსოსოფიის ტრადიციისამებრ) დიალექტიკად მოიხსენიებდნენ, ქართული ფილოსიისა და საღვთისმეტყველო აზროვნების ერთ-ერთი მთავარი დარგის სტატუსს იძენს. ქართული ფილოსოფია ქრისტიანობის წიაღში წარმოიშვა, რამაც განსაზღვრა კიდეც მისი შემდგომი განვითარების ეტაპები და ტენდენციები. თავდაპირველად ეს საგნობრივი ვითარება სტოელთა მოძღვრების და ქრისტიანული მრწამსის ნაყოფიერი კომბინაციით აისახა. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ სტოიკური აზროვნების მნიშვნელოვანი ასპექტები დიდწილად განსაზღვრავდა ქრისტიანული ფილოსოფიის განვითარების პროცესს. სტოიკოსთა მიერ განვითარებული ფილოსიური დისციპლინები ქრისტიანობაში ხელახლა აღორძინდა. ამრიგად, ქართული ფილოსოფიური აზროვნების დასაწყისში საგანგებო ყურადღება ექცეოდა რიტორიკას, ლოგიკას და ეთიკას.

უძველესი ცნობები საქართველოში ფილოსიური აზროვნების არსებობის შესახებ IV საუკუნეში კოლხეთის ფილოსოფიურ აკადემიას, კერძოდ კი, ფაზისის რიტორიკულ სკოლას უკავშირდება. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი ცნობა ეკუთვნის ცნობილ ბერძენ ფილოსოფოსსა და ლოგიკოსს, თემისტიოსს (IV ს.), რომელიც არისტოტელეს მიმდევარი და მისი ნაშრომების კომენტატორი იყო. შემორჩენილია მისი კომენტარები არისტოტელეს შემდეგი თხზულებების შესახებ: „პირველი ანალიტიკა“, „მეორე ანალიტიკა“, „ფიზიკა“, „ცის შესახებ“, „სამშვინველის შესახებ“, „მეტაფიზიკა“ და „მცირე საბუნებისმეტყველო ნაშრომების შესახებ“. თემისტიოსი არისტოტელეს თხზულებათა განმარტებას პარაფრაზების მეშვეობით ცდილობდა, რაც შემდეგ ფილოსოფიის კომენტარის ერთ-ერთ უმთავრეს მეთოდად იქცა.

ლოგიკა სწორი აზროვნების წესების შესახებ მოძღვრებას ავითარებს და სასწავლო-სამეცნიერო პროცესის ეფექტიანად წარმართვის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია. შუა საუკუნეების ქართველმა მოაზროვნეებმაც შეისწავლეს და გამოიყენეს არისტოტელეს ნაშრომთა კორპუსი და მისი კომენტატორების თხზულებები. მომზადდა მათი (ამონიოს ერმისი და სხვ.) თხზულებების ძველქართული თარგმანები. ამ საქმეში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქართველმა მთარგმნელმა იოანე ტარიჭისძემ (XI–XII სს.). ფილოსოფიის ექვსი ცნობილი განსაზღვრება, რომელიც ამონიოს ერმისის (დაახლოგიკა 440–517) ნაშრომებშია მოცემული, მოგვიანებით, მთელი ალექსანდრიული ნეოპლატონიზმის (იოანე ფილოპონოსი, ელიასი) კონტექსტში ხდება მნიშვნელოვანი. აღსანიშნავია V-VI აუკუნეების ნეოპლატონიზმის ალექსანდრიული სკოლის კომენტარები, რომლებიც, თავის მხრივ, ნეოპლატონიკოს პროკლეს (V ს.) ფილოსოფიის ზეგავლენას განიცდიდა.

ალექსანდრიული ნეოპლატონიზმის სკოლა საგანგებოდ განმარტავდა არისტოტელეს ლოგიკურ ნაშრომებს. განსაკუთრებული ინტერესის საგნად იქცა არისტოტელეს „კატეგორიები“ და პორფირიოსის კომენტარი ამავე ნაშრომზე – „ისაგოგე“.

ალექსანდრიული ნეოპლატონიზმის წარმომადგენლები (განსაკუთრებით კი ამონიოს ერმისი) შუა საუკუნეებისა და ახალი დროის ქართულ ფილოსოფიაში დიდ როლს ასრულებდნენ. ამ ტრადიციის კვალი პირდაპირ თუ ირიბად იგრძნობა იოანე პეტრიწის კომენტარში. პეტრიწი პირდაპირ ასახელებს ასკლეპიოსს. სავარაუდოა, რომ იგი იცნობდა ამონიოს ერმისის ზემოთ დასახელებულ კომენტარებსაც.

ახალი დროის ქართულ ფილოსოფიასა და თეოლოგიაზე ამონიოს ერმისის ძველქართული თარგმანები დიდ გავლენას ახდენდა. სულხან-საბა ორბელიანმა სწორედ ამ ტექსტებიდან აიღო არაერთი განსაზღვრება და ტერმინი თავის „სიტყვის კონაში“. გვიანი ანტიკური ხანის ლოგიკის მიმართ საგანგებო ინტერესს იჩენდა ანტონ ბაგრატიონი (1720-1788). ამონიოს ერმისის ლოგიკური ტექსტების ძველქართული თარგმანები მისი ფილოსოფიის ერთ-ერთ უმთავრეს წყაროს წარმოადგენდა.

საქართველოში ლოგიკის ისტორიის განვითარების კუთხით უაღრესად მნიშვნელოვანია იმ ფაქტის ხაზგასმა, რომ ამონიოს ერმისის თხზულებათა ძველქართული თარგმანები ადასტურებს ალექსანდრიული ნეოპლატონიზმის რეცეფციისა და ტრანსფორმაციის მდიდარ ისტორიას, რომელიც საქართველოში შუა საუკუნეებიდან დაიწყო, ახალ დროში გაგრძელდა და დღემდე საგანგებო ინტერესის საგანია.

შუა საუკუნეების ქართულ აზროვნებაში არისტოტელეს ლოგიკურ თხზულებათა რეცეფციის, ათვისების გზა ქრისტიანული პერსპექტივით წარიმართა. ამის თვალსაჩინო მაგალითია იოანე დამასკელისა (675–749) და თეოდორე აბუკურას (750–830) თხზულებათა ძველქართული თარგმანები, რომლებიც შემორჩენილია არსენ იყალთოელის მიერ შედგენილ კრებულში – „დოღმატიკონი“. ბიზანტიელი ფილოსოფოსის, იოანე დამასკელის ნაშრომები ქართული კულტურის სივრცეში ფართოდ იყო ცნობილი და დიდი პატივით სარგებლობდა. იგი ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქრისტიან ფილოსოფოსად ითვლებოდა. XI საუკუნეში ეფრემ მცირემ იოანე დამასკელის „წყარო ცოდნისას“ („ცოდნის წყარო“) პირველი და ბოლო ნაწილები თარგმნა. იოანე დამასკელი კარგად იცნობდა ბერძნულ ფილოსოფიას; მის ნაშრომებში აშკარად ჩანს ბერძენი მოაზროვნეების ნაკვალევი, თუმცა იგი ხშირად ბერძენთა აზროვნებას ტრანსფორმირებული სახით წარმოადგენდა. მას კარგად ესმოდა არისტოტელეს ლოგიკის მნიშვნელობაც და ფილოსოფიის ინსტრუმენტებს ერეტიკოსთა წინააღმდეგ საბრძოლველადაც იყენებდა. ეფრემ მცირემ ეს სპეციალური სტრატეგია იცოდა და ცდილობდა, რომ თვითონაც გამოეყენებინა საქართველოში ინტელექტუალური მუშაობის ეს ქმედითი წესი. საქართველოში ლოგიკის ისტორიის განვითარების კუთხით განსაკუთრებით აღსანიშნავია იოანე დამასკელის ამ ნაშრომის პირველი ნაწილის („დიალექტიკა“) ძველქართული თარგმანი, რომელიც არისტოტელეს ლოგიკური ნაშრომების (მოძღვრებების) ქრისტიანული რეცეფციისა და ტრანსფორმაციის საყურადღებო ნიმუშს წარმოადგენს. ისიც მართალია, რომ შუა საუკუნეების ქართულ აზროვნებაში არისტოტელეს მოძღვრების მიმართ დიდი ინტერესი შეიმჩნეოდა, მაგრამ მისი შეხედულებების ანალიზი და განხილვა, უმეტესწილად, ქრისტიანული ფილოსოფიის კონტექსტში და, საერთოდ, ქრისტიანობის პრიზმაში ხდებოდა. ამავე კონტექსტში განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს არსენ იყალთოელის ღვაწლი. ახალი დროის ქართული ფილოსოფიის თვალსაჩინო წარმომადგენლებიც კი საგანგებოდ აღნიშნავდნენ არსენის ლოგიკური ნაშრომების მნიშვნელობას. ანტონ ბაგრატიონი თვლიდა, რომ მისი ლოგიკური არგუმენტები ურღვევი იყო.

არისტოტელეს ფილოსოფიური გავლენა იგრძნობა იოანე პეტრიწის „განმარტებაჲში“, კერძოდ კი იმ მონაკვეთში, რომელიც ლოგიკური შემეცნების საკითხებს განიხილავს. გადმოცემით ვიცით, რომ ქართველმა მოაზროვნემ არისტოტელეს ორი მნიშვნელოვანი ლოგიკური თხზულება („განმარტებისათვის“ და „ტოპიკა“) უნდა ეთარგმნა. ეს თარგმანები შემორჩენილი არ არის, მაგრამ სწორედ „განმარტებაჲზე“ დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არისტოტელეს ენობრივ-ლოგიკური კვლევანი პეტრიწისთვის კარგად უნდა ყოფილიყო ცნობილი. სავარაუდოა ისიც, რომ იოანე პეტრიწს ამ ნაშრომთა თარგმნა ენის არისტოტელესეული გაგების შესასწავლად სჭირდებოდა. ყოველ შემთხვევაში, იგი თავისი „განმარტებაჲს“ პროლოგში მოიხმობს და განმარტავს რამდენიმე ადგილს არისტოტელეს ნაშრომიდან „განმარტებისთვის“ („პერი ჰერმენეია“). აქ პეტრიწი ეხება ენის სტრუქტურისა და მორფოლოგიის საკითხებს (სახელი, ზმნა, წინადადება). სწორედ ამგვარი მიდგომით იგრძნობა პეტრიწის ენობრივი აღქმის არაერთი ასპექტი: მისი მიზანია იპოვოს ზოგიერთი დებულების ჩამოყალიბების ადეკვატური ტერმინოლოგიური საფუძველი. სწორედ აქედან ჩანს არისტოტელეს ენის თეორიის სათანადო ცოდნა.

იოანე პეტრიწი თავის „განმარტებაჲში“ არისტოტელეს შემდეგ თხზულებებს ასახელებს: „პირველი ანალიტიკა“, „მეორე ანალიტიკა“, „წარმოშობისა და ხრწნის შესახებ“, „განმარტებისათვის“, „ფიზიკა“. პეტრიწის კომენტარიდან ისიც იკვეთება, რომ იგი არისტოტელეს ლოგიკურ ნაშრომთა სრულ კრებულს („ორგანონი“) იცნობდა და მრავალჯერ ახდენს „ორგანონის“ შემადგენელი ამა თუ იმ ნაშრომისა თუ ადგილის პარაფრაზს.

ახალი დროის ქართულ აზროვნებაში მრავალი ლოგიკური თხზულება გავრცელდა ორიგინალური თუ ნათარგმნი სახით. ორიგინ. თხზულებებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: ანტონ პირველის „კატეგორია სიმეტნეჲ“ (1767); დავით ბატონიშვილის „კატიღორია შემოკლებული“ (XVIII ს.); ს. დოდაშვილის „ლოგიკა“ (1827). თარგმნილი ლოგიკური თხზულებებიდან კი: დავით უძლეველის „წიგნი საზღვართა“, რომელიც 1758-1762 წლებში თარგმნეს ფ. ყაითმაზაშვილმა და დ. ჩერქეზიშვილმა (ნეკრესელი); 1737 წელს ზურაბ შანშოვანმა და ვახუშტი ბატონიშვილმა თარგმნეს არისტოტელეს „პერი ჰერმენეიას“ „შემოკლებული ახსნა“, რომელიც დავით უძლეველს ეკუთვნის. იგივე ტექსტი 1762 წელს მეორედ თარგმნეს ფ. ყაითმაზაშვილმა და დ. ჩერქეზიშვილმა; სომხური ლოგიკური ტრადიციიდან აღსანიშნავია სიმეონ ჯუღაეცის „დიალექტიკა“, რომელიც 1755 წელს უნდა იყოს ქართულად თარგმნილი ანტონ პირველისა და ფ. ყაითმაზაშვილის მიერ. გარდა ამ ტექსტებისა, სომხური ენიდან არაერთგზის ითარგმნა თავად არისტოტელეს მნიშვნელოვანი ლოგიკური თხზულებები („კატეგორიები“ და „პერი ჰერმენეია“).

ახალი დროის ქართულ ფილოსოფიურ აზროვნებაში (ქართული და სომხური ლოგიკური ტრადიციის კვალდაკვალ) სათანადო ყურადღება ექცეოდა ევროპელი მოაზროვნეების ნაშრომებს. 1762 წელს ანტონ პირველმა თარგმნა ფ. ბაუმაისტერის „ლოგიკა“, რომელიც პირველი ნაწილია ამავე ავტორის ნაშრომისა „დასაბამი ფილოსოფიისა ახლისა“. 1806 წელს იოანე ბატონიშვილმა თარგმნა ე. კონდილიაკის „ლოგიკა“; ფ. სნელეს „ლოგიკა“ XIX საუკუნის I ნახევარში რუსული თარგმანიდან ქართულად გადმოიღო ი. მამაცაშვილმა. აღსანიშნავია, რომ „ლოგიკა“ წარმოადგენს მეორე ნაწილს სნელეს ნაშრომისა „დასაბამითისა გამოცდილებისა ფილოსოფიისა“.

XX საუკუნის ქართულ ფილოსოფიაში ლოგიკური პრობლემებისა და მოძღვრებების შესწავლასა და ანალიზს დიდი ყურადღება ეთმობოდა. 1918 წელს დაარსებული თსუ-ის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი აერთიანებდა ჰუმანიტარულ, მათემატიკურ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს. ფილოს. დისციპლინების ინტენსიური შესწავლა ხდებოდა შ. ნუცუბიძის სემინარებზე, რ-თა ფარგლებში ლოგიკას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. თავად შ. ნუცუბიძე ავტორია ლოგიკის არაერთი სახელმძღვანელოსი (1919, 1920, 1923), რომლებიც მოიცავდა ლოგიკის ელემენტარულ პრინციპებსა და მთავარ მოძღვრებებს და განკუთვნილი იყო საშუალო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის. შ. ნუცუბიძე ფორმალურ ლოგიკას ფილოსოფიურ პროპედევტიკად განიხილავდა, ხოლო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა კანტის ტრანსცენდენტალურ ლოგიკასა და მოძღვრებას კატეგორიათა შესახებ. ამავე პერიოდში კ. კაპანელმაც შექმნა ლოგიკის ელემენტარული კურსი (1925). თუმცა ისიც ცნობილია, რომ იგი ფორმალური ლოგიკის მოწინააღმდეგე და ანტირაციონალისტური მიმართულების წარმომადგენელი იყო ქართულ ფილოსოფიაში.

შ. ნუცუბიძის ფილოს. სემინარებზე XX საუკუნის არაერთი ქართველი მოაზროვნე განისწავლა. საქართველოში ლოგიკის განვითარების ისტორიაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ცნობილ ფილოსოფოსსა და ლოგიკოსს კ. ბაქრაძეს. იგი, შ. ნუცუბიძის მსგავსად, ე. წ. ფილოსოფიური ლოგიკის, იგივე დიალექტიკური ლოგიკის დამცველი იყო, თუმცა XX საუკუნის 40-იან წლებში მისი პოზიცია შეიცვალა და ფორმალური ლოგიკის პრინციპების დამცველი გახდა. ამავე პერიოდში გამოაქვეყნა ლოგიკის სახელმძღვანელო (1946, „ლოგიკა“), შემდეგ – სახელმძღვანელოები საშ. სკოლის მოსწავლეთათვის (1947-1948; 1951-1952) და მონოგრაფია უმაღლესი სასწავლებლებისთვის (1954). მას მიაჩნდა, რომ ფორმალურმა ლოგიკამ, რომელიც სიმბოლური, მათემატიკური ლოგიკის სახით განვითარდა, არსებითად წინ წასწია არისტოტელეს ტრადიციული ლოგიკა.

XX საუკუნის II ნახევრის ქართულ ფილოსოფიაში ლოგიკური პრომლემების ფუნდამენტური შესწავლა და ანალიზი დაკავშირებულია ს. წერეთლის სახელთან. იგი დიალექტიკური ლოგიკის ერთ-ერთი საყურადღებო კონცეფციის ფუძემდებელი და სისტემაში მომყვანი მოაზროვნეა. დიალექტიკური ლოგიკის პრობლემების დაფუძნებასა და ანალიზს ეძღვნება 1948-1965 წლებში მის მიერ შექმნილი არაერთი გამოკვლევა. მათგან აღსანიშნავია მისი ფუნდამენტური ნაშრომი „დიალექტიკური ლოგიკა“ (1965), რომელიც სისტემურად აჯამებს და ავითარებს მის კონცეფციას ფილოს., მაშასადამე, დიალექტიკური ლოგიკის შესახებ. ამ მიმართულებას არაერთი სხვა საყურადღებო წარმომადგენელი ჰყავდა XX საუკუნის ქართულ ფილოსოფიაში. მათგან გამორჩეულია ლოგიკა გოკიელის ნაშრომები, რომლებიც სიმრავლეთა თეორიასა და ლოგიკური ანტინომიების გადაჭრას ეძღვნება.

XX საუკუნის შუა ხანებში საბჭოთა კავშირში წარიმართა დისკუსია ფორმალური და დიალექტიკური ლოგიკის ურთიერთმიმართების შესახებ. 1950-1951 წლებში ეს დისკუსია გაჩაღდა ცნობილ რუსულენოვან ჟურნალ «Вопросы философии»-ის ფურცლებზე და გაიხსნა კ. ბაქრაძის რუსულენოვანი სტატიით ლოგიკისა და დიალექტიკის ურთიერთმიმართების შესახებ და მასში აქტიური მონაწილეობა მიიღეს სხვა ქართველმა ფილოსოფოსებმაც (ს. წერეთელი, ლოგიკა გოკიელი, ს. დანელია და ა. შ.). კ. ბაქრაძე ფორმალური ლოგიკის პრინციპებსა და მოძღვრებებს იცავდა, ხოლო ქართველ ფილოსოფოსთა მნიშვნელოვანი ნაწილი მის პოზიციას არ იზიარებდა. ამის კვალობაზე 1951 წელს თსუ-ში გაიმართა დისკუსია ფორმალური და დიალექტიკური ლოგიკის ურთიერთმიმართების შესახებ, რ-შიც მონაწილეობდნენ შ. ნუცუბიძე, ს. დანელია, კ. ბაქრაძე, ს. წერეთელი, ლოგიკა გოკიელი და სხვ. ამ ტიპის მსჯელობები და დისკუსიები XX საუკუნის 50-იანი წლების ბოლომდე მიმდინარეობდა, შემდეგ კი სულ უფრო იშვიათი გახდა.

XX საუკუნის 60-70-იან წლებში ქართველმა ფილოსოფოსებმა და ლოგიკოსებმა დიალექტიკური ლოგიკის პრობლემები და პრინციპები ახლებურად განმარტეს პარაკონსისტენტური ლოგიკის ფარგლებში, რომელიც, თავის მხრივ, წინააღმდეგობის შეუძლებლობის პრინციპის ახლებურ ინტერპრეტაციას წარმოადგენს. პარაკონსისტენტური ლოგიკის წინამორბედად ჰეგელიც შეიძლება მოვიაზროთ, თუმცა მისი განვითარებული ვერსიის პოვნა ს. წერეთლის ფილოსოფიურ ნაშრომებში შეგვიძლია. ამ საკითხების დამუშავებით ფორმალური ლოგიკის პრობლემათა სპექტრი არსებითად გამდიდრდა, მნიშვნელოვანი გამოკვლევებით შეივსო და განვითარდა. ამ მიმართულებით განსაკუთრებით აღსანიშნავია ზ. მიქელაძის, ლოგიკა მჭედლიშვილის და მ. ბეჟანიშვილის მიერ კლასიკური და არაკლასიკური ლოგიკის სფეროში შექმნილი მნიშვნელოვანი კვლევები. ზ. მიქელაძემ სახელი გაითქვა არისტოტელეს ლოგიკის ახლებური ინტერპრეტაციებით. ამ კუთხით განსაკუთრებით საყურადღებოა სტაგირელის „ტოპიკისა“ და „პერი ჰერმენეიას“ IX თავის განმარტებები, რაც მან თანამედროვე სიმბოლური (მათემატიკური) ლოგიკის კონტექსტში განახორციელა. ლოგიკა მჭედლიშვილმა მ. ბეჟანიშვილთან ერთად კლასიკური და არაკლასიკური ლოგიკის სფეროში უმნიშვნელოვანესი გამოკვლევები ჩაატარა. მან 1992 წელს გამოსცა სახელმძღვანელო „ლოგიკა“ (თანაავტორი – ნ. ივანიძე), რომელიც დღესაც აქტიურად გამოიყენება. ლოგიკა მჭედლიშვილი საგანგებოდ იკვლევდა ფილოსოფიური და მათემატიკური ლოგიკის საზღვრით საკითხებს, დიალექტიკური და პარაკონსისტენტური ლოგიკის პრობლემებს, ასევე ლოგიკის ისტორიის საკვანძო საკითხებს. მ. ბეჟანიშვილი იკვლევდა მოდალური ლოგიკისა და პრედიკატთა ლოგიკის აქტუალურ პრობლემებს.

  • ბაქრაძე კ., ლოგიკა, თბ., 1954;
  • ბეჟანიშვილი მ., მჭედლიშვილი ლ., ლოგიკა საქართველოში, თბ., 1995;
  • ირემაძე თ., შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფია. სისტემური მონახაზი მისი სპეციფიკის გასაგებად, თბ., 2019;
  • ირემაძე თ., ახალი დროის ქართული ფილოსოფია. სისტემური მონახაზი მისი სპეციფიკის გასაგებად, თბ., 2020;
  • ირემაძე თ., იოანე პეტრიწის ფილოსოფია, თბ., 2021;
  • მჭედლიშვილი ლ., დიალექტიკური ლოგიკის შეფასებისათვის. დიალექტიკური წინააღმდეგობების ანალიზი, კრ., ფილოსოფია, დიალექტიკა, ლოგიკა. სავლე წერეთლის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული, თბ., 2008;
  • მჭედლიშვილი ლ., ივანიძე ნ., ლოგიკა, თბ., 1994;
  • ნუცუბიძე შ., ლოღიკა. პროპედევტიული კურსი, ტფ., 1923;
  • წერეთელი ს., დიალექტიკური ლოგიკა, თბ., 1965.
  • Nuel Belnap, (1977). "A useful four-valued logic". In Dunn & Eppstein, Modern uses of multiple-valued logic. Reidel: Boston.
  • Józef Maria Bocheński (1959). A précis of mathematical logic. Translated from the French and German editions by Otto Bird. D. Reidel, Dordrecht, South Holland.
  • Józef Maria Bocheński, (1970). A history of formal logic. 2nd Edition. Translated and edited from the German edition by Ivo Thomas. Chelsea Publishing, New York.
  • Brookshear, J. Glenn (1989). Theory of computation: formal languages, automata, and complexity. Redwood City, Calif.: Benjamin/Cummings Pub. Co.. ISBN 0-8053-0143-7. 
  • Cohen, R.S, and Wartofsky, M.W. (1974). Logical and Epistemological Studies in Contemporary Physics. Boston Studies in the Philosophy of Science. D. Reidel Publishing Company: Dordrecht, Netherlands. ISBN 90-277-0377-9.
  • Finkelstein, D. (1969). "Matter, Space, and Logic". in R.S. Cohen and M.W. Wartofsky (eds. 1974).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]