მარათონის ბრძოლა — ბრძოლა სპარსელებსა და ბერძნებს შორის, რომელიც ძვ. წ. 490 წელს მარათონის ველზე გაიმართა. ის იყო დამაგვირგვინებელი შეტაკება სპარსელების პირველი შეჭრისა საბერძნეთში, რომელიც წარმოადგენდა სპარსელების საპასუხო რეაქციას იონიელების აჯანყებაზე. ბერძნების არმია შედგებოდა ათენისა და პლატეას კოალიციური ძალებისაგან, რომელთაც მეთაურობდა მილტიადესი და პოლემარქოსიკალიმაქოსი. სპარსეთის მეფის დარიოს I-ის არმიას კი მეთაურობდა მიდიელი მხედართმთავარი დატისი. რიცხვობრივ უმცირესობაში მყოფმა ბერძნებმა მიმართეს ტაქტიკურ მანევრს. მოწინააღმდეგეთა ცენტრალური ძალების შეტაკების შემდეგ, ბერძნებმა უკუსვლა იწყეს და ამით სპარსელები მახეში მოაქციეს. დანარჩენმა ათენელებმა კი ფლანგებიდან შემოუარეს მტერს, ალყაში მოაქციეს ისინი და საბოლოოდ დაამარცხეს. ბრძოლაში მიღებულმა დანაკარგებმა სპარსეთის არმიას ბრძოლისუნარიანობა დააკარგვინა. დარიოსი სპარსეთში გაბრუნდა და ახალი არმიის შეკრება დაიწყო, თუმცა გარდაიცვალა. ამის მიუხედავად სპარსელებმა მეორედ მაინც ილაშქრეს საბერძნეთში დარიოსის შვილის ქსერქსეს მეთაურობით.
ლეგენდის თანახმად, შეტაკების შემდეგ ბრძოლის ველიდან ათენელი მაცნე ფიდიპიდესი გაიქცა ათენში და სიკვდილის ფასად ამცნო ხალხს ბერძნების გამარჯვება. მან დაფარა 42 კილომეტრი, რაც შემდეგ გახდა ოლიმპიური მარათონის ფუძემდებელი.