ოდა (ჟანრი)
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ოდა (ბერძ. ode - სიმღერა) — ლირიკული პოეზიისა და მუსიკის ჟანრი; საზეიმო პათეტიკური, მაღალი სტილის რიტორიკული ლექსი. წარმოიშვა ძველ საბერძნეთში. დამოუკიდებელ ლიტერატურულ ჟანრად იქცა ძველ რომაულ ლიტერატურაში. ოდის, როგორც ევროპული ლიტერატურის ჟანრის, ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული როლი ითამაშა ჰორაციუსის ოდებმა და ბერძენი პოეტის პინდარეს ეპინიკებმა.
შუა საუკუნეების ლიტერატურა ოდის, როგორც ჟანრს, არ იცნობს. ოდის აღორძინება დაიწყო რენესანსის ეპოქაში. თვით ტერმინი „ოდაც“ ჟანრის აღსანიშნავად ამ დროს დამკვიდრდა (პ. რონსარის „პდები“, 1550). ოდამ გაბატონებული მდგომარეობა მოიპოვა ფრანგული კლასიციზმის ლიტერატურაში. მისმა მამამთავარმა ფ. მალერბმა ოდის ახალი კლასიცისტური პოეტიკა შექმნა, რომელიც თეორიული ტრაქტატებით დააკანონა ნ. ბუალომ. საფრანგეთიდან ოდა ევროპის სხვა ქვეყნებში გავრცელდა. რუსული ლიტერატურაში - ლომონოსოვისა და დერჟავინის ოდები.
XVII საუკუნიდან დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ოდა რომელიმე მნიშვნელოვანი პიროვნების ან მოვლენის პატივსაცემად დაწერილ ვოკალურ-საკრავიერ მუსიკალურ ნაწარმოებსაც ეწოდებოდა. ინგლისში ასეთი ნაწარმოებები უახლოვდებოდა კანტატას (პერსელი, ჰენდელი), გერმანიაში კანტატის მსგავსი ოდის პარალელურად (ბახის „სამგლოვიარო ოდა“, ბეთჰოვენის IX სიმფონიის ფინალი) იქმნებოდა ოდის სიმღერა გენერალ-ბანით. მოგვიანებით შეიქმნა საკრავიერი ოდა (კერუბინი, ლისტი, ბიზე, სტრავინსკი, პროკოფიევი).
XIX საუკუნის II ნახევარსა და XX საუკუნის პოეზიაში ოდა ეპიზოდურადღა გვხვდება.
ქართულ მწერლობაში ოდა ანუ ხოტბა ძველთაგანვეა ცნობილი (იოანე საბანისძის „აბო თბილელის წამება“, თავი „ქებაჲ წმიდისა მოწამისა ჰაბოისი“, არსენ ბერის „მეფესა დავითს“). ქართულმა ოდამ თავისი განვითარების ზენიტს მიაღწია აბსოლუტური მონარქიზმის განმტკიცების პირობებში. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია XII საუკუნის ქართული სახოტბო პოეზია, რომლის კლასიკური ნიმუშებია იოანე შავთელის „აბდულმესია“ და ჩახრუხაძის „თამარიანი“. შემდგომში აღორძინება ოდამ XVII-XVIII საუკუნეებში ქართულ პოეზიაში განიცადა. ამ დროს დაიწერა თეიმურაზ I-ის „გრემის სასახლეზედ“, თეიმურაზ II-ის „ქება სრისა“, ბესიკის „ქება სოლომონ მეფისა“, „ასპინძისათვის“. გაჩნდა ე. წ. სამგლოვიარო ოდას ჟანრი (ბესიკის „სამძიმარი“). ოდური სტილის ნიშნებმა იჩინა თავი XIX საუკუნის ქართულ რომანტიზმში (გ. ორბელიანის „სადღერგრძელო“). სახოტბო ლირიკის ნიმუშებია გ. ქუჩიშვილის „დიად სამშობლოს“, გ. ტაბიძის „ოქტომბრის სიმფონია“, ა. მირცხულავას „ჰიმნი სამშობლოს“ და სხვა.