Location via proxy:   [ UP ]  
[Report a bug]   [Manage cookies]                
შინაარსზე გადასვლა

ფხენიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ფხენიანი
평양 직할시, 平壤直轄市
ქვეყანა ჩრდილოეთ კორეის დროშა ჩრდილოეთი კორეა
დაქვემდებარება დედაქალაქი
შიდა დაყოფა Chung-guyok, Mangyongdae District, Songyo-guyok, Pyongchon-guyok, Tongdaewon-guyok, Ryongsong-guyok, Unjong-guyok, Taesong-guyok, Moranbong-guyok, Sosong-guyok, Potonggang-guyok, Taedonggang-guyok, Sadong-guyok, Hyongjesan-guyok, Sunan-guyok, Samsok-guyok, Sungho County, Ryokpo-guyok, Rangrang-guyok, Kangnam County, Chunghwa County, Sangwon County და Kangdong County
კოორდინატები 39°01′48″ ჩ. გ. 125°43′48″ ა. გ. / 39.03000° ჩ. გ. 125.73000° ა. გ. / 39.03000; 125.73000
ადრეული სახელები სოგიონი
ფართობი 2 653 კმ²
ცენტრის სიმაღლე 27
მოსახლეობა 3 255 388 კაცი (2008)
სასაათო სარტყელი UTC+8:30
ფხენიანი — ჩრდილოეთი კორეა
ფხენიანი

ფხენიანი (კორ. 평양 직할시, 平壤直轄市, კორეული წაკითხვით - ფიონგიანგი) — ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქი და უმსხვილესი ქალაქი. მდებარეობს მდინარე ტედონგანზე. 2008 წლის აღწერის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 3 255 388 ადამიანს შეადგენს.[1] 1946 წელს ფხენიანი სამხრეთ ფხენიანის პროვინციას გამოეყო. იმართება პირდაპირი მართვის პრინციპით, პროვინციული ქალაქის მსგავსად და არა სპეციალური ქალაქის სტატუსით, როგორც ეს სეულის შემთხვევაშია.

ქართულ ენაში სახელწოდება ფხენიანი შემოვიდა რუსული ენის გავლით - ფონეტიკურად, რუსული და კორეული ენა უაღრესად განსხვავდება ერთმანეთისგან. რუსულში არ არის განსხვავება „პ“-სა და „ფ“-ს შორის. ქალაქის სახელში გამოყენებულია კორეული ასო „ფ“: რუსულად „პ“-სა და „ფ“-ს შორის განსხვავების საჩვენებლად „პ“-ს შემდეგ გამოიყენებოდა ასო „ხ“, რომელიც კორეულში საერთოდ არ გვხვდება. ქართულ ენაში შემოსული სახელწოდება - ფხენიანი - ორმაგ შეცდომას უშვებს, რადგანაც, ერთის მხრივ, იყენებს ასო „ფ“-ს (როდესაც რუსულში არის „პ“) და უმატებს ასო „ხ“-ს (რომელიც კორეულში საერთოდ არ არის). რუსულიდან სწორი გადმოტანის შემთხვევაში ქალაქის სახელწოდება უნდა ყოფილიყო „პხენიანი“, ხოლო კორეულიდან სწორი გადმოტანის შემთხვევაში - „ფიონგიანგი“.[2]

ფხენიანი კორეის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. 427-668 წწ. იყო კოგურიოს სახელმწიფოს დედაქალაქი. კორიოს სახელმწიფოს არსებობის პერიოდში (918-1392 წწ.) ითვლებოდა დასავლეთის დედაქალაქად და ეწოდებოდა სოგიონი. მრავალი ასეული წლის განმავლობაში იყო მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი, უცხოელი დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლის დასაყრდენი პუნქტი. 1899 წელს გაიხსნა უცხოელებთან ვაჭრობისათვის. 1948 წლიდან კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქია.

1945 წლის 25 აგვისტოს, ქალაქში საბჭოთა 25-ე არმია შევიდა და ფხენიანი გახდა ჩრდილოეთ კორეის დროებითი სახალხო კომიტეტის დედაქალაქი. აქ სახალხო კომიტეტი უკვე დაარსებული იყო ვეტერანი ქრისტიან-ნაციონალისტის ჩო მან-სიკის მიერ.[3] ჩრდილოეთ კორეის დაარსებისას 1948 წელს, ფხენიანი გახდა მისი დე-ფაქტო დედაქალაქი. ამ დროისთვის ფხენიანის მთავრობა ფიქრობდა კორეის ოფიციალური დედაქალაქის სეულის აღებას. ფხენიანი საშინლად დაზარალდა კორეის ომში, რომლის მიმდინარეობისასაც ის მცირე ხნით ოკუპირებულიც იყო სამხრეთ კორეის ძალების მიერ 1950 წელს, 19 ოქტომბრიდან 6 დეკემბრამდე. 1952 წელს, ფხენიანი გახდა ყველაზე დიდი საჰაერო რეიდის სამიზნე რაც კი კორეის ომში ყოფილა. მასში გაეროს 1 400 სამხედრო თვითმფრინავი მონაწილეობდა.

უკვე ომის მიმდინარეობისას იგეგმებოდა ქალაქის რეკონსტრუქცია. ომის დასრულების შემდეგ კი საბჭოთა კავშირის დახმარებით ეს ყველაფერი სწრაფადვე მოხდა, და უამრავი შენობა სტალინისტური არქიტექტურის დიზაინზე აიგო. 1972 წლის კონსტიტუციით, ფხენიანი ოფიციალურად გამოცხადდა ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქად.

ფხენიანი ჩრდილოეთ კორეის დასავლეთ-ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. ქალაქი გადაჭიმულია სწორ დაბლობზე, კორეის ყურედან აღმოსავლეთით, დაახლოებით 50 კილომეტრის მოშორებით. მდინარე ტაედონგი მიედინება სამხრეთ-დასავლეთით და ქალაქის გავლით კორეის ყურეში ჩაედინება. ფხენიანის დაბლობი რომელზეც ქალაქია გაშენებული, ერთ-ერთია იმ ორი დიდი დაბლობიდან რომელიც კორეის ნახევარკუნძულის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს. მიდი ფართობი დაახლოებით 500 კვადრატული კილომეტრია.[4]

ფხენიანში კიოპენის კლასიფიკაციით ნოტიო კონტინენტური კლიმატია. აქ თბილ-ცხელ, ნოტიო ზაფხულს ცივი და მშრალი ზამთარი მოსდევს.[5][6] ზამთრობით ციმბირიდან მშრალი ქარი უბერავს. ამ დროს აქ ძალიან ცივა. ნოემბრიდან მარტის შუა პერიოდამდე დაბალი ტემპერატურა როგორც წესი 0°C-ის ქვევითაა. ზამთარი ჩვეულებრივ ზაფხულთან შედარებით ძალიან მშრალია. აქ საშუალოდ 37 დღე თოვს.

გადასვლა ცივი, მშრალი ზამთრიდან, თბილ და ნოტიო ზაფხულამდე საკმაოდ სწრაფად ხდება , აპრილსა და მაისის პირველ ნახევარში. ივნისი - სექტემბრის შუალედი ხასიათდება ყველაზე ცხელი თვეებითა და საშუალო ტემპერატურით 21-დან 25°C-მდე.

მთავარი სამთავრობო და საზოგადოებრივი ბიუროები ფხენიანში მდებარეობს, რომელიც კონსტიტუციურადაა დადგენილი როგორც ქვეყნის დედაქალაქი. აქ არის კორეის მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და ფხენიანის სახალხო კომიტეტის შტაბ-ბინები.

ასევე ფხენიანშია განლაგებული ყველა ძირითადი თავდაცვითი ინსტიტუტი. მათ შორის უდიდესს, ხალხთა უსაფრთხოების სამინისტროს 130 000 თანამშრომელი ჰყავს, რომლებიც 12 სხვადასხვა ბიუროში მუშაობენ. მათი საქმიანობის არეალი მოიცავს: პოლიციას და მის სერვისებს, პარტიის თანამშრომლების უსაფრთხოებას, საიდუმლო დოკუმენტებს, ცენზურას, დიდმასშტაბიან მშენებლობებს, საზოგადოების თავდაცვასა და ჯანმრთელობას და ა.შ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სტრუქტურა, რომელიც ქალაქშია განლაგებული, არის სახელმწიფო დაზვერვის სამსახური, რომელიც 30 000 თანამშრომელთან ერთად დაზვერვას, პოლიტიკურ პატიმრობებს, სამხედრო თავდაცვას, ქვეყანაში შესვლა/გასვლას და ა.შ აკონტროლებს.

როგორც მთლიანად ყვეყანაში, აქაც პოლიტიკასა და ქალაქის მმართველობას კორეის მუშათა პარტია განაგებს. აღნიშნული პარტიის ფხენიანის პარტიული კომიტეტის მეთაური კი, ქალაქის დე ფაქტო მაიორის უფლებამოსილებასაც ითავსებს.

კორეის ომის შედეგად განადგურების შემდეგ, ფხენიანი მთლიანად აღდგენილი იქნა კიმ ილ სუნგ-ის ხედვით, რომელიც ითვალისწინებდა ისეთი დედაქალაქის შექმნას, რომელიც მორალსა და განწყობას აამაღლებდა ომის შემდგომ პერიოდში. შედეგად მივიღეთ ქალაქი, ფართო, ხეების მწკრივებიანი ბულვარებით, საზოგადოებრივი შენობები ტერასული გამწვანებებით, მოზაიკებითა და დეკორატიული ჭერებით. მისი რუსული არქიტექტურული სტილი, ციმბირულ ქალაქს მოგვაგონებს თოვლიან ზამთარში, თუმცა ტრადიციული კორეული დიზაინით შექმნილი შენობები ამ შეხედულებას გარკვეულწილად ასუსტებს. ზაფხულობით ფხენიანი გამოირჩევა მისი მდინარეებით, ტირიფის ხეებით, ყვავილებითა და პარკებით.

ფხენიანის ხედი ზემოდან

ჩრდილო კორეელმა დიზაინერებმა გამოიყენეს შვედური გამოცდილება, რაც დამოუკიდებელ ურბანულ ქალაქის უბნებს გულისხმობს მთელი ქვეყნის მასშტაბით და არც ფხენიანია გამონაკლისი. მისი მოსახლეები უმეტესწილად დაყოფილნი არიან ადმინისტრაციულ ერთეულებად რომელშიც 5 000 - 6 000 ადამიანი ერთიანდება. ამ ერთეულებს აქვთ ერთნაირი პირობები რაც მოიცავს საკვების მაღაზიას, სილამაზის სალონს, სამკერვალოს, ფოსტას, საავადმყოფოს, ბიბლიოთეკას და ა.შ. კიმ ილ სუნგ-ის ერთ-ერთი პრიორიტეტი ფხენიანის დაგეგმარებისა იყო მისი მოსახლეობის ლიმიტირება. ხელისუფლება ქალაქში შესვლას და იქ გადაადგილებას მკაცრად აკონტროლებს, რაც გვაძლევს სრულიად არატიპიურ აღმოსავლეთ აზიურ ქალაქს - წყნარს, გადაუტვირთავსა და ტევადს.

შენობები ფხენიანში დაყოფილია სამ ძირითად არქიტექტურულ კატეგორიად. ესენია მონუმენტები, ტრადიციულ კორეულ მოტივზე შექმნილი ნაგებობები და მრავალსართულიანი შენობები. ფხენიანში მრავალ ღირსშესანიშნაობას შეხვდებით. მათ შორისაა ტრიუმფალური თაღი, რომელიც მისი ფრანგული მოსახელესგანაა შთაგონებული, თუმცა სიდიდით სჯაბნის კიდეც მას. ყველაზე გამოჩენილი შენობა ფხენიანის ზეცაზე კი სასტუმრო "რიუგენია". ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სასტუმროა მსოფლიოში.

ფხენიანში უკვე დომინირებს მაღალსართულიანი შენობები, რომელთა მასობრივი მშენებლობა 2012 წლიდან დაიწყო. ასევე მიმდინარეობს სხვადასხვა საცხოვრებელი კომპლექსების გაუმჯობესება, თუმცა ისინი ისევ ძალიან ცუდ მგომარეობაშია, უმეტესობას არ აქვს ლიფტი, ცენტრალური გათბობა და ა.შ. 2018 წელს ქალაქი დასახელდა "ძნელად საცნობად იმასთან შედარებით თუ როგორი იყო ის 5 წლით ადრე".

საზოგადოებრივი ცხოვრება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2018 წლისთვის, ფხენიანში იყო უამრავი მაღალი ხარისხის რესტორანი, კორეული და საერთაშორისო სამზარეულოთი და იმპორტირებული ალკოჰოლური სასმელებით. უცხოური საკვები, როგორებიცაა ჰამბურგერები, კარტოფილი ფრი, პიცა და ყავა ადვილად იშოვება. ასევე ფხენიანში არის აქტიური ღამის ცხოვრება, შესაფერისი რესტორნებითა და კარაოკე ბარებით.

ქალაქს აქვს აკვა და გასართობი პარკები, საციგურაო ყინულის მოედნები, სასროლო პოლიგონი და დელფინარიუმი.

ფხენიანს აქვს რამდენიმე სპორტული კლუბი. ყველაზე პოპულარული სპორტი ქალაქში ფეხბურთია.

ფხენიანი ჩრდილოეთ კორეის ინდუსტრიული ცენტრია. ბუნებრივი რესურსების სიუხვის გამო, როგორებიცაა ქვანახშირი, რკინა და კირქვა, ფხენიანი პირველი ინდუსტრიული ქალაქი იყო კორეის ომის შემდეგ, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში წარმოიშვა. ამას ასევე ხელი შეუწყო კარგად განვითარებულმა საზღვაო და სახმელეთო სატრანსპორტო სისტემებმა. მას შემდეგ მცირე და მსხვილი მრეწველობა შესამჩევად განვითარდა. მსხვილი საწარმოების პროდუქტებად გვევლინება ცემენტი, ინდუსტრიული კერამიკა, სამხედრო აღჭურვილობა და იარაღები, თუმცა მანქანათმშენებლობა ისევ რჩება ძირითად ინდუსტრიად. ასევე აღსანიშნავია საფეიქრო მრეწველობა, ფეხსაცმლების წარმოება და სხვ. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მარცვლეულის პროდუქციაზე ქალაქის შემოგარენში არსებულ ფერმებში. აქ მოჰყავთ ბრინჯი, სიმინდი, სოიო და ა.შ. ფხენიანი ასევე გეგმავს თვითუზრუნველყოფის მიღწევას ხორცის პროდუქტებთან მიმართებაში. მჭიდრო ობიექტებში ინახავენ ღორებს, ქათმებსა და სხვა შინაურ საქონელს.

ქალაქში ისევ ხდება ხშირი ელექტროენერგიის შეწყვეტის შემთხვევები. [7] ამ პრობლემის გადასაჭრელად ორი ელექტროსადგური - ჰუიჩონის პირველი და მეორე ელექტროსადგურები აშენდა ჩაგანგის პროვინციაში, რაც ქალაქს პირდაპირი გადაცემის ხაზებით ამარაგებს. ელექტროენერგიის გაფართოების პროექტის მეორე ფაზა 2013 წლის იანვარში გაეშვა, რის ფარგლებშიც რამდენიმე პატარა კაშხალი აიგო მდინარე ჩონგჩონის გასწვრივ. პირველ ორ ელექტროსადგურს მაქსიმუმ 300 მეგავატის გამომუშავების შესაძლებლობა აქვთ, ხოლო იმ 10 კაშხალს, რომელიც მეორე ფაზის განმავლობაში უნდა აშენდეს, სავარაუდოდ 120 მეგავატის გამომუშავება შეეძლება.[7]

დამატებით, ქალაქს აქვს რამდენიმე უკვე არსებული ან დაგეგმილი თერმული ელექტროსადგური. ფხენიანის თერმოელექტროსადგური 500 მეგავატიანი შესაძლებლობით, აღმოსავლეთ ფხენიანის თერმოელექტროსადგური რომელიც 50 მეგავატს გამოიმუშავებს და კანგდონგის თერმოელექტროსადგური, რომელიც ამჟამად აგების პროცესშია.[8]

განათლება და მეცნიერება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კიმ ილ სუნგ-ის უნივერსიტეტი ფხენიანში

კიმ ილ სუნგ -ის უნივერსიტეტი რომელიც უძველესია ჩრდილოეთ კორეაში 1946 წელს დაარსდა. ის აერთიანებს 7 კოლეჯს, 14 ფაკულტეტს და 16 სხვა დაწესებულებას როგორებიცაა დამამთავრებელი სკოლები და უნივერსიტეტის ერთეულები. ისინი შეიცავენ პირველად სამედიცინო განათლებას და სამედიცინო პერსონალის სავარჯიშო ერთეულს - სამედიცინო კოლეჯს. ფიზიკის ფაკულტეტი რომელიც სწავლებათა ფართო სპექტრს ფარავს, მოიცავს თეორიტიკულ ფიზიკას, ოპტიკურ მეცნიერებას, გეოფიზიკასა და ასტროფიზიკას. აქ არის ასევე ატომური ენერგიის ინსტიტუტი და ადამიანის ევოლუციის კვლევის ოფისი. კიმ ილ სუნგ-ის უნივერსიტეტს ასევე აქვს საკუთარი საგამომცემლო სახლი, სპორტული კლუბი, რევოლუციური და ბუნების მუზეუმები, ბიბლიოთეკები, სპორტული დარბაზი, გადახურული საცურაო აუზი და პედაგოგთა საცხოვრებელი სახლები. უნივერსიტეტის ორი მთავარი შენობის აგება 1965 (პირველი შენობა) და 1972 (მეორე შენობა) წლებში დასრულდა. ამჟამად იგეგმება მესამეს აგება.

სხვა ქალაქში არსებულ უმაღლესი განათლების დაწესებულებებს მიეკუთვნება: კიმ ჩაეკის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, ფხენიანის მუსიკისა და ცეკვის უნივერსიტეტი, ფხენიანის უცხო ენების უნივერსიტეტი (რომელიც კიმ ილ სუნგ-ის უნივერსიტეტს გამოეყო 1964 წელს) და ა.შ. ფხენიანის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ქვეყნის პირველი კერძო უნივერსიტეტია სადაც ლექტორთა უმრავლესობა ამერიკელია და ლექციები ინგლისურად ტარდება. [9][10]

ფხენიანში არსებულ ძირითად სამედიცინო ცენტრებს მიეკუთვნება: წითელი ჯვრის ჰოსპიტალი, პირველი სახალხო ჰოსპიტალი (რომელიც პირველი აშენდა ჩრდილოეთ კორეაში იაპონიის იმპერიის დანებებისა და კორეის განთავისუფლების შემდეგ 1945 წელს), მეორე სახალხო ჰოსპიტალი, საპრეზიდენტო კლინიკა, ფხენიანის სამედიცინო სკოლის ჰოსპიტალი და ა.შ. ასევე ახალი კლინიკა სახელწოდებით ფხენიანის საყოველთაო ჰოსპიტალი აგების პროცესშია.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • მელაშვილი გიორგი, ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის სისტემა // კორეა - წარმატების ისტორია / გაკვეთილები საქართველოსთვის, თბილისი, 2021, ISBN 978-9941-8-3754-8.
  • Springer, Chris. Pyongyang: The Hidden History of the North Korean Capital. Saranda Books, 2003. ISBN 963-00-8104-0.
  • Dormels, Rainer. North Korea's Cities: Industrial facilities, internal structures and typification. Jimoondang, 2014. ISBN 978-89-6297-167-5.
  1. United Nations Statistics Division; Preliminary results of the 2008 Census of Population of the Democratic People’s Republic of Korea conducted on 1–15 October 2008 (pdf-file) დაარქივებული 25 March 2009[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები Retrieved on 2009-03-01.
  2. მელაშვილი, 2021, გვ. 27
  3. Buzo, Adrian (2002). The Making of Modern Korea. London: Routledge. pp. 54–57. ISBN 0-415-23749-1
  4. Country Study 2009, p. 63. Library of Congress Country Studies. 2009.
  5. Muller, M. J. (6 December 2012) https://books.google.ge/books?id=az3qCAAAQBAJ&pg=PA125&lpg=PA125&dq=Pyongyang+koppen+dwa&redir_esc=y#v=onepage&q=Pyongyang%20koppen%20dwa&f=false Springer Science & Business Media. ISBN 978-94-009-8040-2.
  6. http://www.weatherbase.com/weather/weather-summary.php3?s=85074&cityname=Pyongyang,+North+Korea "Pyongyang, North Korea Köppen Climate Classification (Weatherbase) Retrieved 24 March 2020.
  7. 7.0 7.1 https://web.archive.org/web/20150427143900/http://ifes.kyungnam.ac.kr/eng/FRM/FRM_0101V.aspx?code=FRM141219_0001 "Ten Power Plants on Chongchon River under Construction to Increase Power Supply to Pyongyang". Institute for Far Eastern Studies. 19 December 2014. Archived from the original on 27 April 2015. Retrieved 20 April 2015.
  8. https://www.38north.org/2014/11/cmelvin112514/ 38North.org. 25 November 2014. Retrieved 20 April 2015.
  9. https://www.bbc.com/news/world-asia-25945931 BBC News. 3 February 2014. Retrieved 20 April 2015.
  10. https://www.washingtonpost.com/local/education/private-university-in-north-korea-offers-lessons-in-science-and-world-peace/2011/07/25/gIQAQ5lPSL_story.html he Washington Post. 8 October 2011. Retrieved 20 April 2015.