მორფოლოგია (ენათმეცნიერება)
მორფოლოგია — გრამატიკის ნაწილი, რომელიც იკვლევს სიტყვების ფორმათა ცვალებადობას და ამ ფორმაცვალებადობასთან დაკავშირებულ სიტყვის შინაარსის ცვლას.
გრამატიკა ენათმეცნიერების დარგია, რომელიც შეისწავლის ენის აგებულებას. იგი ორი ნაწილისაგან შედგება: მორფოლოგია და სინტაქსი. მორფოლოგია სწავლობს სიტყვას, სიტყვის აგებულებას, სიტყვის ფორმაცვალებას. სინტაქსი შეისწავლის სიტყვათა ურთიერთმიმართებას. გრამატიკის დაყოფა მორფოლოგიად და სინტაქსად ზოგჯერ პირობით ხასიათს იძენს: მორფოლოგიური საკითხების გარკვევა სინტაქსური ურთიერთობების გათვალისწინების გარეშე არ მოხერხდება ისევე, როგორც სინტაქსური პრობლემების გარკვევა მორფოლოგიის საკითხების გათვალისწინების გარეშე. ამიტომაც ზოგჯერ ენათმეცნიერები საუბრობენ მორფოსინტაქსის საკითხებზე, მორფოსინტაქსურ კატეგორიებზე. სხვაგვარი განმარტებით, მორფოლოგია არის ენათმეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის ენობრივ ფორმას მისსავე დინამიკაში; სიტყვის ფორმას და ამ ფორმის ცვლილების კანონზომიერებებს; სიტყვის სტრუქტურას და ამ სტრუქტურის შემადგენელ ელემენტებს. ჩვეულებრივი გაგებით, მორფოლოგიის შესწავლის საგანია სიტყვის ყოველგვარი ცვლა: ამგვარი გაგებით სიტყვაწარმოებაც ისევეა მორფოლოგიის საგანი, როგორც ფორმაწარმოება.
მორფოლოგიის კვლევის მთავარი საგანი ფლექსიაა, რომელიც მოიცავს ბრუნების, უღლებისა და შედარებითი ხარისხის კატეგორიებს. მორფოლოგია ცდილობს ხსენებულ კატეგორიებში მოაქციოს სიტყვის ფორმები, დაჰყოს ისინი გარკვეულ ნიშნის მიხედვით პარადიგმებად და კლასებად.
მორფოლოგია მომდინარეობს ბერძნული სიტყვებისგან „morphe“ — ფორმა, „logos“ — მოძღვრება. „morphe“ სიტყვასიტყვით „ფორმას“ აღნიშნავს და ასე განიმარტება: „სიტყვის ნაწილი (სუფიქსი, პრეფიქსი, ძირი), რომელსაც აქვს ლექსიკური ან გრამატიკული მნიშვნელობა“ (უცხო სიტყვათა ლექსიკონი). სუფიქსი, პრეფიქსი, აფიქსი ლათინური სიტყვებისგან მომდინარეობს და მორფოლოგიაში ეს ტერმინები ხშირად გამოიყენება. მათი მნიშვნელობებია: აფიქსი (affixus — მიმაგრებული) — სიტყვის ნაწილი,რომელსაც აქვს გრამატიკული (და არა საგნობრივი) მნიშვნელობა. სუფიქსი (suffixus — ბოლოს მიმაგრებული) — სიტყვის ძირის შემდეგ მოთავსებული აფიქსი; ბოლოსართი. პრეფიქსი — (praefixus — წინიდან მიმაგრებული) სიტყვის მარტივი ფუძის (ძირის) წინ მოთავსებული აფიქსი; თავსართი. მაგ.: ა-შენ-ებ-ს სიტყვაში ა-, -ებ და -ს აფიქსებია. ამ ლათინურ ტერმინებთან ერთად გამოიყენება ქართული წარმომავლობის სიტყვები: სართი (ანუ რაც დაერთვის), თავსართი და ბოლოსართი.
ენაში არსებული სიტყვები იყოფა დამოუკიდებელი მნიშვნელობის და დამხმარე სიტყვებად. დამოუკიდებელ სიტყვას სხვაგვარად სრუმნიშვნელოვან სიტყვასაც უწოდებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ცალკე აღებულ სიტყვას თავისი მნიშვნელობა აქვს და მისი წარმოთქმისას ან წაკითხვისას გარკვეული წარმოდგენა გვექმნება მასზე. ენაში არსებული ყველა ფორმა, დამოუკიდებელი თუ დამხმარე, რამდენიმე ჯგუფად დაყვეს იმისათვის, რომ უფრო ადვილი ყოფილიყო მათი შესწავლა და შემდგომ გარკვეული წესების დადგენა მათი გამოყენებისათვის. ამ ჯგუფებს მეტყველების ნაწილები ჰქვია.
ქართულ ენაში ათი მეტყველების ნაწილია. ესენია:
- არსებითი სახელი: მაგიდა, სკამი, სახლი, სიხარული...
- ზედსართავი სახელი: ლამაზი, მწარე, თეთრი...
- რიცხვითი სახელი: ერთი, ათი, ასი, ბევრი, მეხუთედი...
- ნაცვალსახელი: მე, შენ, ისინი, ვინ, რა, თვითონ...
- ზმნა: ვწერ, მივდივარ, ვზივარ, მეძინა...
- ზმნიზედა: გუშინ, შარშან, გაისად, ზეგ...
- თანდებული: ვით, ზე, გან, შესახებ...
- კავშირი: და, რომ, როდესაც, რათა...
- ნაწილაკი: არა, ვერა, ხოლმე, მეთქი...
- შორისდებული: ყოჩაღ, ვაიმე, უჰ...
მათგან პირველი ოთხი სახელია. მათ გარკვეული ნიშნები ერთნაირი აქვთ,მაგალითად, ის, რომ იცვლებიან ბრუნვების მიხედვით. სახელები და ზმნა ცვალებადი სიტყვებია, ისინი სხვადასხვაგვარად იცვლებიან და სხვადასხვა მნიშვნელობას იღებენ. ზმნიზედა უცვლელია, მაგრამ დამოუკიდებელი მნიშვნელობის მქონეა. ბოლო ოთხი კი — თანდებული, კავშირი, ნაწილაკი, შორისდებული — უცვლელი მეტყველების ნაწილებია, ამავე დროს ისინი დამხმარე სიტყვებია, მათ დამოუკიდებელი მნიშვნელობა არა აქვთ, მაგრამ წინადადებაში გარკვეულ როლს ასრულებენ.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თანამედროვე ქართული ენის მორფოლოგია — ice.ge დაარქივებული 2021-04-28 საიტზე Wayback Machine.