ტელეფონი
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ტელეფონი (ბერძნ. τῆλε - „შორს“ და φωνή - „ხმა“) — ტელეკომუნიკაციის მოწყობილობა რომელიც გამოიყენება ბგერის მიღება-გადაცემისთვის (ლაპარაკისთვის), როგორც წესი ორი ადამიანის სასაუბროდ, იშვიათად სამი ან მეტის. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საურთიერთობო მოწყობილობაა. უმეტესობა ტელეფონებისა მუშაობს ელექტო-სიგნალების გადაცემით, რთულ სატელეფონო ქსელში.
ტელეფონის აპარატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტელეფონის აპარატი, სატელეფონო კავშირგაბმულობის სისტემის მოწყობილობა, რომლის დანიშნულებაა ხმოვანი ინფორმაციის გადაცემა და მიღება. ტელეფონის აპარატი შედგება ორი ძირითადი ნაწილისაგან: საკომუტაციო-გამოსაძახებელი (გამოძახების მისაღები, სხვა აპარატებთან შეასერთებელი და გამოსათიში) და სალაპარაკო, რომელიც უზრუნველყოფს მეტყველების მიღებასა და გადაცემას.
ტელეფონის აპარატის საკომუტაციო-გამოსაძახებელი მოწყობილობის აგების პრინციპი განისაზღვრება მომსახურე ტელეფონის სადგურის (ხელის ტელეფონის სადგური ან ავტომატური ტელეფონის სადგურის — ატს) ტიპის მიხედვით. ატს-ის ტელეფონის აპარატის სტრუქტურული სქემა შეიცავს გამოსაძახებელ და სალაპარაკო მოწყობილობას, ბერკეტულ გადამრთველსა და ნომერამკრეფს.
ტელეფონის აპარატის ყურმილში მოთავსებულია მიკროფონი და ელექტრომაგნიტური ტელეფონი. ტელეფონის აპარატის ტრანსფორმატორი განაცალკევებს მიკროფონის კვების წრედს ტელეფონის ცვლადი დენის წრედისაგან და ბალანსური კონტურის საშუალებით მნიშვნელოვნად ამცირებს საკუთარი ლაპარაკის სმენადობას. გამოსაძახებელი მოწყობილობაა ცვლადი დენის პოლარიზებული ზარი, რომელიც შეერთებულია ხაზთან, როდესაც ყურმილი დევს ბერკეტულ გადამრთველზე. ნომერამკრეფი იმპულსური კონტაქტებით თიშავს და აერთებს ტელეფონის აპარატში გამავალ დენის წრედს და ხაზში წარმოქმნის აკრეფილი ციფრის შესაბამისი რაოდენობის დენის იმპულსებს.
ტელეფონის აპარატის განსაკუთრებული სახეობებია ტაქსოფონი, ხმამაღლამოლაპარაკე ტელეფონის აპარატი, რადიოსატელეფონო კავშირისათვის გამოყენებული მიკროსატელეფონო გარნიტური, ვიდეოტელეფონი და სხვა. ტელეფონის ერთ-ერთ გამომგონებლად ითვლება ალექსანდერ გრეიამ ბელი.
ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი. |