Location via proxy:   [ UP ]  
[Report a bug]   [Manage cookies]                
შინაარსზე გადასვლა

ადჰეზია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ადჰეზია (ლათ. adhaesio — „შევაწებებ“, „მივაწებებ“) — ორი სხვადასხვაგვარი, მყარი ან თხევადი სხეულის ზედაპირის შეწებება (მაგალითად, წყლის წვეთების მიწებება მინაზე). ისე როგორც ადსორბციის დროს, ამ შემთხვევაშიც სხეულთა ნაწილაკებს შორის შეჭიდულობა განპირობებულია მოლეკულათშორისი ძალებით და რაოდენობრივად სხეულთა დასაცილებლად საჭირო კუთრი მუშაობით ხასიათდება. ზოგჯერ ადჰეზია უფრო დიდია, ვიდრე კოჰეზია (სხეულის შიგნით ნაწილაკთა ურთიერთშეჭიდულობა). უსწორმასწორო ზედაპირიანი მყარი სხეულების ადჰეზია ჩვეულებრივ მცირეა, რადგან მთლიანი ზედაპირით ვერ ეხებიან ერთმანეთს. მყარი სხეულისა და სითხის, აგრეთვე ორი შეურეველი სითხის ადჰეზია ზღვრულ სიდიდეს აღწევს, ვინაიდან ასეთი სხეულების ზედაპირი მთლიანად ეხება ერთმანეთს. თუ მყარ სხეულს თხევადი პოლიმერით დავფარავთ, იგი ამ სხეულის ღრუებსა და ფორებში შეაღწევს. პოლიმერის გამყარების შემდეგ წარმოიქმნება შეჭიდულობა, რომელსაც ზოგჯერ მექანიკურ ადჰეზიას უწოდებენ. ასეთ შემთხვევაში პოლიმერული აფსკის ასაგლეჯად გამყარებული პოლიმერის კოჰეზია უნდა გადავლახოთ. ზღვრულ ადჰეზიას რომ მიაღწიონ, პლასტიკურ ან ელასტიურ მდგომარეობაში მყოფ მყარ სხეულებს წნევით აერთებენ (მაგალითად, რეზინის წებოთი შეწებების ან ლითონების ცივად შედუღებისას). მტკიცე ადჰეზია მიიღება აგრეთვე გამყოფ ზედაპირზე ახალი მყარი ფაზის წარმოქმნის (მაგალითად, გალვანური დაფარვისას) ან ქიმიური ნაერთების (ჟანგეულების, სულფიდების და სხვა აფსკების) წარმოქმნისას. ერთი და იმავე პოლიმერის ორი მოცულობის ურთიერთშეხებისას შეიძლება მოხდის ავტოჰეზია (თვითშეწებება). ამ შემთხვევაში შეჭიდულობის სიმტკიცე მოლეკულათა დიფუზიის გამო დროთა განმავლობაში კოჰეზიურ სიმტკიცეს უახლოვდება.

ადჰეზიის მოვლენას ადგილი აქვს შედუღების რჩილვის, მოკალვის, დაწებების, ფოტომასალის დამზადების, კოროზიისაგან დამცავი ლაქსაღებრების გამოყენების დროს. ადჰეზია ხელს უწყობს მოხახუნე დეტალების ცვეთას. ადჰეზიის თავიდან ასაცილებლად იყენებენ საცხებს.