ნაირობი
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ნაირობი ინგლ. Nairobi | |||||
| |||||
ქვეყანა | კენია | ||||
დაქვემდებარება | დედაქალაქი | ||||
პროვინცია | ნაირობის პროვინცია | ||||
კოორდინატები | 1°17′00″ ს. გ. 36°49′00″ ა. გ. / 1.28333° ს. გ. 36.81667° ა. გ. | ||||
დაარსდა | 1899 | ||||
ფართობი | 695 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 1661 მ | ||||
მოსახლეობა | 3 138 369 კაცი (2009) | ||||
სიმჭიდროვე | 4515,64 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+3 | ||||
სატელეფონო კოდი | +254 20 | ||||
ოფიციალური საიტი | citycouncilofnairobi.go.ke | ||||
ნაირობი (ინგლ. Nairobi, გამოითქმის /naɪˈroʊbi/, სუაჰ. Nairobi) — ეკვატორთან მდებარე კენიის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. ქალაქი და მისი შემოგარენი ასევე ქმნის ნაირობის პროვინციას. სახელი „ნაირობი“ მომდინარეობს მასაის ენაზე ფრაზიდან „ენკარე ნაიირობი“, რაც ითარგმნება, როგორც „გრილი წყლების ადგილი“. თუმცა ადგილობრივი ხალხი მას „მწვანე ქალაქს მზეში“ უწოდებს და ის რამდენიმე მწვანეში ჩაფლული ვილების გარეუბნებით არის გარშემორტყმული.
ნაირობი ამჟამად აღმოსავლეთ აფრიკის ყველაზე დიდი ქალაქია მოსახლეობით (დაახ. 3 მილიონი). 2009 წლის აღწერის მიხედვით ნაირობის ადმინისტრაციულ რაიონში 3 138 369 მცხოვრებს დაახლ. 695 კვ. კმ ფართობი ეჭირა. ნაირობი ამჟამად აფრიკის სიდიდით მე-13 ქალაქია.
ქალაქი 1899 წელს დაარსდა, როგორც უბრალო რკინიგზის დეპო მომბასადან უგანდის გზაზე, თუმცა ქალაქი მალევე გაიზარდა და 1907 წლისთვის ბრიტანული აღმოსავლეთ აფრიკის დედაქალაქი გახდა. 1963 წელს იგი თავისუფალი კენიის რესპუბლიკის დედაქალაქად გამოცხადდა. კენიის კოლონიური პერიოდის განმავლობაში ქალაქი კოლონიის ყავის, ჩაისა და სისალის ინდუსტრიის ცენტრი გახდა. ქალაქი მდებარეობს ამავე სახელწოდების მდინარეზე, ქვეყნის სამხრეთში, ზღვის დონიდან 1795 მეტრზე.
ნაირობი აფრიკის ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქია პოლიტიკურად და ფინანსურად. აქ მდებარეობს მრავალი საერთაშორისო კომპანიისა და ორგანიზაციის აფრიკის შტაბ-ბინა, მათ შორის გაეროს გარემოს პროგრამა და გაეროს აფრიკის ოფისი. ნაირობი ბიზნესისა და კულტურის ერთ-ერთი ცენტრია რეგიონში. ნაირობის საფონდო ბირჟა ერთ-ერთი უდიდესია აფრიკაში და რანგით მეოთხეა ვაჭრობის მოცულობით.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1899 წლამდე ეს არემარე ძირითადად დაუსახლებელი ჭაობი იყო. ამ წლიდან აქ უგანდის რკინიგზის გამანაწილებელი დეპო აშენდა, რომელიც მალევე ამ რკინიგზის შტაბ-ბინა გახდა. ქალაქის სახელი მომდინარეობს ამ მიდამოებში მდებარე წყაროს სახელწოდებიდან, რომელსაც მასაის ენაზე "ენკარე ნაირობი" (გრილი წყლების ადგილი) ერქვა. 1900-იან წლებში ტროპიკული ჭირის ეპიდემიის გავრცელებისა და თავდაპირველი დასახლების გადაწვის შემდეგ, ეს ადგილი ხელახლა გაშენდა. ნაირობის რკინიგზის სადგურისთვის ეს ადგილი შეირჩა მისი მომბასასა და კამპალას შორის ცენტრალური მდებარეობის გამო. კიდევ ერთი განმპირობებელი გარემოება გახდა მდინარეების ქსელი, რომელიც სადგურს წყლით ამარაგებდა, და ზღვის დონიდან სიმაღლე, რაც მოსახლებისთვის შედარებით გრილ კლიმატს განაპირობებდა.[1] მიუხედავად ამისა, მალარია სერიოზული პრობლემა იყო, რის გამოც სულ მცირე ერთხელ მაინც ქალაქის სხვა ადგილას გადატანა სცადეს.[2]
1905 წელს ბრიტანეთის პროტექტორატის დედაქალაქი მომბასადან ნაირობიში გადმოიტანეს.[3] ქალაქმა სწრაფი ზრდა დაიწყო საზოგადოებრივი ადმინისტრაციის ცენტრისა და ტურიზმის წყალობით, გარშემო გარეული ცხოველების სიმრავლის გამო. მას შემდეგ, რაც ბრიტანელმა დამპყრობლებმა რეგიონის შესწავლა დაიწყეს, ნაირობი მათი მოგზაურობის საწყისი პორტი გახდა. შესაბამისად, კოლონიურმა მთავრობამ ქალაქში რამდენიმე გრანდიოზული სასტუმრო ააშენა, რომელთა ძირითადი სტუმრები ბრიტანელი ველურ ცხოველებზე მონადირეები იყვნენ.
ნაირობი ზრდას განაგრძობდა ბრიტანეთის ოკუპაციის ქვეშ. ამ პერიოდში მის გარეუბნებში მრავალი ბრიტანელი დასახლდა. 1919 წელს ნაირობი მუნიციპალიტეტად გამოცხადდა.[4]
ქალაქის მუდმივი ექსპანსია სამხრეთით ავიწროებდა მასაის ტომის ხალხს. ამას ემატებოდა ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით მცხოვრები კიკუიუს ტომების უკმაყოფილება მათი მიწების მიტაცების გამო. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ეს უკმაყოფილება მაუ მაუს აჯანყებაში გადაიზარდა. კენიის მომავალი პრეზიდენტი, ჯომო კენიატა, მისი ანჯანყებაში სავარაუდო მონაწილეობის გამო, დაპატიმრებულ იქნა. ბრიტანეთზე მუდმივი ზეწოლა ადგილობრივი მოსახლეობისგან 1963 წელს კენიის დამოუკიდებლობის გამოცხადებით დასრულდა, ხოლო ნაირობი ახალი რესპუბლიკის დედაქალაქი გახდა.
დამოუკიდებლობის შემდეგ ნაირობი სწრაფად იწყებს ზრდას. ქალაქის არსებული ინფრასტრუქტურა ვერ უძლებდა ზრდის ტემპებს, რის გამოც XX საუკუნის ბოლოსთვის ელექტროენერგიისა და წყლის დეფიციტი საგრძნობი პრობლემები გახდა. ქალაქის დაგეგმარებაში ბოლო დროს განხორციელებული პროექტების წყალობით, ამ პრობლემების კონტროლი შესაძლებელი გახდა.
1998 წელს ალ-ყაიდას მიერ ქალაქში აშშ-ის საელჩოზე ტერორისტული აქტი განხორციელდა, რის შედეგადაც ორასზე მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპა. ამჟამად ამ ადგილას მემორიალური პარკია.[5]
2013 წლის 21 სექტემბერს ნაირობის სავაჭრო ცენტრში განხორციელდა ტერორისტული აქტი. 16 ტერორისტი თავს დაესხა «Nakumatt Westgate»-ს სავაჭრო ცენტრს და აიყვანეს მძევლები. 23 სექტემბერს კენიის უსაფრთხოების ძალებმა სავაჭრო ცენტრზე იერიში მიიტანეს. 2013 წლის 25 სექტემბერს კენიის პრეზიდენტმა უჰურუ კენიატამ განაცხადა ტერორისტების განადგურების ოპერაციის დასრულების შესახებ. ტერაქტის შედეგად დაიღუპა 67 ადამიანი, 150-ზე მეტი დაიჭრა.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქის კოორდინატებია 1°17′ ს. გ. 36°49′ ა. გ. / 1.283° ს. გ. 36.817° ა. გ. და უკავია 695 კმ² ფართობი.
ნაირობი მდებარეობს ქალაქ კამპალასა და ქალაქ მომბასას შორის. რადგანაც ქალაქი მდებარეობს აღმოსავლეთ აფრიკის რღვევის ხაზის აღმოსავლეთი ნაწილიდან შორიახლოს, პერიოდულად ხდება მცირე მიწისძვრები და მიწისქვეშა ბიძგები. ქალაქის დასავლეთით მდებარე ნგონგის ბორცვები ყველაზე მაღალი წერტილია ნაირობიში. ქალაქიდან ჩრდილოეთში აღმართულია კენიის მთა, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით — კილიმანჯარო. ორივე მთა მზიან ამინდში შესანიშნავად მოჩანს ნაირობიდან[6].
მდინარე ნაირობი და მისი შენაკადები კვეთავენ ნაირობის რეგიონს. ქალაქის ჩრდილოეთში მდებარეობს კარურას ტყე, რომლის შესანარჩუნებლად იბრძოდა ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში ვანგარი მაატაი, როდესაც გამოიტანეს ამ ადგილის სახლებით და სხვა ინფრასტრუქტურით განაშენიანების გეგმები[7].
ნაირობის დასავლეთი შემოგარენი გადაჭიმულია კენიატას ეროვნული ჰოსპიტალიდან სამხრეთში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინამდე ჩრდილოეთში და უკავია დაახლოებით 20 კმ-მდე მანძილი.
ქალაქის ცენტრად ითვლება ცენტრალურ საქმიან რაიონში მდებარე სიტი სკვერის მოედანი. მოედანი გარშემორტყმულია კენიის პარლამენტის, წმინდა ოჯახის მონასტრის, ქალაქის საბჭოს, ქალაქის სასამართლოს და კენიატას საერთაშორისო კონფერენც-ცენტრის შენობებით.
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზღვის დონიდან 1600 მეტრზე მეტი სიმაღლის გამო, ნაირობიში ზომიერი კლიმატია: ტემპერატურა იშვიათად ადის 25 °C-ზე მაღლა და საკმაოდ თანაბარია მთელი წლის განმავლობაში. ყველაზე უფრო ცივი თვეა — ივლისი, ყველაზე უფრო თბილი — მარტი. არსებობს 2 ნოტიო სეზონი, მკვეთრად გამოხატული აპრილ-მაისის და ნოემბერ-დეკემბრის, და ერთი მშრალი — ივლის-აგვისტოსი[8]. ივნისში და ივლისში ღამით ტემპერატურა შეიძლება დაეცეს 10 °C-ზე დაბლა. ყველაზე უფრო დაბალმა დარეგისტრირებულმა ტემპერატურამ შეადგინა + 5 °C[9]. წლის ყველაზე უფრო მზიანი და თბილი დრო არის პერიოდი იანვრიდან მარტის ჩათვლით. ამ პერიოდისთვის საშუალო ტემპერატურა მაქსიმალურია და შეადგენს 24 °C-ს[10]. წლის ყველაზე უფრო მოღრუბლული დრო დგება პირველივე წვიმიანი სეზონის დამთავრებისთანავე და სექტემბრამდე შენარჩუნებულია ჰაერის მაღალი სინოტივე. რადგანაც ნაირობი მდებარეობს ეკვატორის სიახლოვეს, მზის ამოსვლისა და ჩასვლის დროებს შორის განსხვავება მთელი წლის განმავლობაში საკმაოდ მცირეა.
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადმინისტრაციული თვალსაზრისით დედაქალაქი დაყოფილია 17 საქალაქო რაიონად:
№ | საქალაქო რაიონი | ფართობი, კმ² |
მოსახლეობა,[11] ად. (2009 წელი) |
---|---|---|---|
1 | ვესტლენდი | 72,4 | 176 689 |
2 | ჩრდილოეთი დაგორეტი | 29,0 | 181 365 |
3 | სამხრეთი დაგორეტი | 25,3 | 178 691 |
4 | ლანგატა | 196,8 | 176 314 |
5 | კიბერა | 12,1 | 178 284 |
6 | როისამბუ | 48,8 | 202 284 |
7 | კასარანი | 152,6 | 200 984 |
8 | რუარაკა | 7,2 | 192 620 |
9 | სამხრეთი ემბაკასი | 12,0 | 201 042 |
10 | ჩრდილოეთი ემბაკასი | 5,5 | 181 388 |
11 | ცენტრალური ემბაკასი | 14,3 | 185 948 |
12 | აღმოსავლეთი ემბაკასი | 64,7 | 163 858 |
13 | დასავლეთი ემბაკასი | 9,4 | 187 020 |
14 | მაკადარა | 13,0 | 160 434 |
15 | კამუკუნჯი | 8,8 | 211 991 |
16 | სტარეჰე | 20,0 | 166 041 |
17 | მატარე | 3,0 | 193 416 |
სულ | 695 | 3 138 369 |
ქალაქის დასავლეთით მდებარეობენ მდიდარი რაიონები, სადაც კოლონიალურ დროს სახლობდა ევროპელი დასახლებულების უმრავლესობა[12]. ღარიბი რაიონების და სიღარიბის ზღვარზე მყოფი რაიონების უმრავლესობა მდებარეობს ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში. სომალელი იმიგრანტების დიდი რაოდენობა ცხოვრობს Eastleigh-ის გარეუბანში, რომელსაც «პატარა მოგადიშოსაც» კი ეძახიან[13].
ნაირობის ყველაზე უფრო ცნობილი რაიონებია კიბერა და კარენი. იმ დროს, როდესაც კიბერა მისი 170 000-იანი მოსახლეობით, ცნობილია, როგორც ქოხმახების რაოდენობით აღმოსავლეთ აფრიკაში ყველაზე დიდი რაიონი, კარენი, პირიქით, განთქმულია, როგორც ყველაზე რესპექტაბელური და მდიდარი გარეუბანი.
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნაირობიში მდებარეობს ნაირობის საფონდო ბირჟა (NSE). NSE-ს უკავია 4-ე ადგილი აფრიკაში სავაჭრო მოცულობის მხრივ და 5-ე ადგილი მთლიან შიდა პროდუქტთან ბაზრის კაპიტალიზაციის ურთიერთობის მხრივ[14].
ნაირობიში ასევე მდებარეობენ ზოგიერთი საერთაშორისო კომპანიების და ორგანიზაციების რეგიონალური წარმომადგენლობები. 2007 წლის განმავლობაში General Electric-მა, Young & Rubicam-მა, Google-მა, კოკა-კოლამ, Zain-მა და Cisco Systems-მა გადაიტანეს თავიანთი აფრიკული შტაბ-ბინები ნაირობიში[15][16]. ამას გარდა, ბევრი სხვა მსხვილი აფრიკული კომპანიების შტაბ-ბინებია განლაგებული ნაირობიში.
ქალაქში იწარმოება ისეთი საქონელი, როგორიცაა ტანსაცმელი, ტექსტილი, სამშენებლო მასალები, საკვები პროდუქტები და სასმელები, სიგარეტები. ქალაქში მდებარეობენ ზოგიერთი საერთაშორისო კომპანიების ქარხნები, როგორებიცაა Goodyear, General Motors, Toyota Motors, კოკა-კოლა.
ტრანსპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აეროპორტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნაირობიში საავიაციო გადაყვანების დიდი ნაწილი ხდება აღმოსავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში ყველაზე დიდი და დატვირთული ჯომო კენიატას სახელობის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით[17]. 2008 წელს მისი მეშვეობით გადაყვანილი იქნა 4,9 მილიონზე მეტი მგზავრი[18]. ის აღმოსავლეთი და ცენტრალური აფრიკის პატარა ქალაქებში მიმავალი მგზავრების ძირითადი გადასაჯდომი კვანძია. ჯომო კენიატას აეროპორტი მდებარეობს ნაირობის საქმიანი ცენტრიდან 20 კმ-ში. ის ღებულობს პირდაპირ რეისებს ევროპიდან და აზიიდან. დღეისათვის მგზავრთა მომატებული ნაკადის მომსახურებისთვის განიხილება აეროპორტის გაფართოების პროექტი[19]. 2013 წლის 7 აგვისტოს დედაქალაქის აეროპორტი თითქმის მთლიანათ დაიწვა. ხანძარი გაჩნდა აეროპორტის სასაზღვრო ზონაში ადგილობრივი დროის დილის ხუთის ნახევარზე, ხოლო მისი ჩაქრობა დაიწყეს მხოლოდ შვიდ საათზე, როდესაც ხანძარი გავრცელდა მთელი აეროპორტის ტერიტორიაზე. თანაც აღმოჩნდა, რომ მეხანძრეებს სირთულეები ჰქონდათ ჩასაქრობად საჭირო წყლით მომარაგებასთან.
ნაირობიდან სამხრეთით მდებარეობს უილსონის აეროპორტი. ის ძირითადად ემსახურება კენიის შიდა რეისების პატარა თვითმფრინავებს, თუმცა აქვს რეისები სხვა აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნებში.
ისტლეიტის აეროპორტი რეაქტორული თვითმფრინავების გამოჩენამდე თავდაპირველად იყო დასაჯდომი ზოლი. 1930-იან და 1940-იან წლებში ის ემსახურებოდა დიდი ბრიტანეთის სამგზავრო და საფოსტო რეისებს საუთჰემპტონიდან კეიპტაუნში. მისი საშუალებით დაფრინავდნენ ჰიდროთვითმფრინავები დიდი ბრიტანეთიდან კისუმუში. დღეისათვის აქ მდებარეობს სამხედრო ბაზა.
მატატუ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნაირობიში ყველაზე უფრო გავრცელებული ტრანსპორტის სახეობაა მატატუ[20]. ეს სიტყვა პირდაპირ ნიშნავს «30 ცენტი მგზავრობისთვის» (თუმცა დღეს ის გაცილებით ძვირი ღირს). მატატუ წარმოადგენს კერძო მიკროავტობუსებს 14-დან 24-მდე დასაჯდომი ადგილით. ასეთ მიკროავტობუსებს გადაჰყავთ მგზავრები, როგორც საქალაქო, ასევე საერთაშორისო მარშრუტებზე. მატატუს ყველაზე შესამჩნევი გამორჩეულობაა მისი ექსტრავაგანტური შეფერილობა. მფლობელები საკუთარ მიკროავტობუსებზე ხშირად ახატავენ საყვარელი საფეხბურთო გუნდების ფეხბურთელების ან მსახიობების პორტრეტებს, ხოლო ბოლო დროს გამოჩნდა მატატუ ბარაკ ობამას გამოსახულებით. მატატუების უმრავლესობაში მგზავრების მისაზიდად არსებობს აუდიოსისტემები და ტელევიზორები, რადგანაც კონკურენცია მძღოლებს შორის საკმაოდ მაღალია.
როგორც მკაცრი კონკურენციის და არასაკმარისი რეგულირების შედეგი, მატატუს მძღოლები ცდილობდნენ გაეზარდათ შემოსავალი სიჩქარის გაზრდის ხარჯზე, რის გამოც მათი მონაწილეობით დედაქალაქში ხდებოდა ავარიების დიდი რაოდენობა. უსაფრთხოების მისაღწევად, 2004 წელს ხელისუფლებამ მიიღო კანონი, რის თანახმადაც ყველა მატატუ უნდა ყოფილიყო უსაფრთხოების ღვედით აღჭურვილი, ასევე მაქსიმალური სიჩქარე შეიზღუდა 80 კმ/სთ-მდე. ამას გარდა, ყველა მატატუზე აუცილებლად უნდა დატანილიყო ჰორიზონტალური ყვითელი ზოლი[21]. თავიდან ამ სიახლემ გამოიწვია დიდი პროტესტი ოპერატორებს შორის, მაგრამ ხელისუფლების და საზოგადოების ზეწოლით ისინი იძულებული გახდნენ დამორჩილებოდნენ ახალ მოთხოვნებს.
2013 წელს, ქალაქის ისტორიაში პირველად, GPS-ის მობილური ტელეფონებით შეიარაღებულმა მკვლევარების ჯგუფმა, შექმნა და გამოაქვეყნა მატატუების მარშრუტების რუკა.[22]
ავტობუსები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნაირობიში ავტობუსები იხვეჭენ სულ უფრო მეტ პოპულარობას. დღეისათვის ქალაქში მუშაობს სამი საავტობუსო კომპანია: ტრადიციული Kenya Bus Service (KBS) და ახალი კერძო ოპერატორები: Citi Hoppa და Double M. Citi Hoppa-ს ავტობუსები შეიძლება განვასხვაოთ მწვანე ფერით, Double M-ის ავტობუსები შეღებილია იისფერი ფერით, ხოლო KBS-ის ავტობუსებს აქვთ ცისფერი ფერი.
სხვა პატარა კომპანიები ორგანიზებას უკეთებენ რეგულარულ საქალაქთაშორისო საავტობუსო გადაყვანებს.
ტაქსი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტაქსით მომსახურება შესაძლებელია ქალაქის პრაქტიკულად ნებისმიერ ნაწილში. ტაქსით მგზავრობა უფრო ძვირია, ვიდრე ავტობუსით ან მატატუთი, მაგრამ უსაფრთხო და კომფორტულია. უფრო ხშირად ტაქსები კლიენტებს ელოდებიან სასტუმროებთან, ტაქსის გაჩერებებთან, ასევე ქალაქის ცენტრში და დიდ სავაჭრო ცენტრებთან.
რკინიგზა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნაირობი დაარსდა, როგორც უბრალო რკინიგზის დეპო მომბასადან უგანდის გზაზე და კენიის რკინიგზის შტაბ-ბინა დღემდე მდებარეობს ქალაქში, ცენტრიდან შორიახლოს. ძირითადად, ის გამოიყენება სატვირთო გადაზიდვებისთვის, მაგრამ მასზე ასევე დადიან ღამის სამგზავრო მატარებლები. მუშების დიდი რაოდენობა გარეუბნებიდან ქალაქის ცენტრში სამუშაომდე აღწევს მატარებლით, მაგრამ ქალაქში არ არის განვითარებული მსუბუქი სარკინიგზო და ტრამვაის ხაზები, ასევე მეტროპოლიტენი.
ტურიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიუხედავად იმისა, რომ ტურისტული დარგი ნაირობიში კარგად არ არის განვითარებული, მასში არსებობს ქალაქის სტუმრებისთვის პოპულარული ღირსშესანიშნაობები. პირველ რიგში, ესაა ნაირობის ეროვნული პარკი. მისი უნიკალურობა მდგომარეობს ასეთი ზომის მეგაპოლისთან უშუალო სიახლოვეში. ნაირობის ეროვნულ პარკში ბინადრობს ფრინველების და ცხოველების 400-ზე მეტი სახეობა, ლომების და ჟირაფების ჩათვლით. საფარი პარკში ფეხით სიარული დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებს შორის[23].
ნაირობიში მდებარეობს რამდენიმე მუზეუმი. მათგან ყველაზე დიდია — კენიის ეროვნული მუზეუმი, რომელშიც ინახება ჰომო ერექტუსი ბიჭის ნაშთები. სხვა პოპულარული მუზეუმებია — ნაირობის რკინიგზის მუზეუმი და კარენ ბლიქსენის მუზეუმი.
ნაირობის ზოგჯერ ეძახიან საფარის მსოფლიო დედაქალაქს. ქალაქის ბევრი სასტუმრო სპეციალურად ორიენტირებულია ზუსტად ამ გართობის მოყვარულებზე. ქალაქში საკმაოდ ბევრია ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები: ნაირობი სერენა, ლაიკო რეიგენსი (ადრე გრანდ-რეიგენსი), უინდორი (კარენი), ჰოლიდეი ინი, ისტ-აფრიკან საფარი კლაბი (ლილიან ტაუერსი), სტენლი ჰოტელი, საფარი პარკ ენდ კაზინო, ინტერკონტინენტალი, პანარი ჰოტელი, Hilton Hotels & Resorts და ნორფოლკ ჰოტელი.
ამას გარდა, ნაირობიში მდებარეობს აფრიკაში ყველაზე დიდი სასრიალო — სოლარ აის რინკი. სასრიალო გაიხსნა 2005 წელს, აქვს დაახლოებით 1400 მ² ფართობი და იტევს 200-მდე სტუმარს[24]. ქალაქის ყველაზე დიდი საცალო სავაჭრო ქსელებია: Nakumatt, Uchumi და Tuskys.
ცხოვრების პირობები და დანაშაული
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნახევარი მილიონიდან მილიონამდე ადამიანი ცხოვრობდა კიბერის რაიონში, აფრიკის ყველაზე დიდ და ღარიბ ქოხმახებში[25], რომელიც ჩაისახა 1920 წელს, როგორც დასახლება ნუბიელი ჯარისკაცებისათვის[26].
ქალაქში დანაშაული სულ უფრო იზრდება და დღეს ნაირობი — ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ქალაქია. 2001 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომისიამ ქალაქს მიანიჭა „სტატუსი С“ და მიაკუთვნა იგი მსოფლიოს ყველაზე უფრო დანაშაულებრივ ქალაქებს. აღინიშნა შეიარაღებული ძარცვის, ყაჩაღობის და მანქანის გატაცების მაღალი დონე[27].
დანაშაული იმიტომ გაიზარდა, რომ სოფლის მრავალრიცხოვანი მოსახლეობა სოციალური მოუწყობლობის გამო გაემართა დედაქალაქისკენ, სადაც ვერ შოულობდნენ სამუშაოს, ფულს და საკვებს, შესაბამისად მათ სხვა გზა აღარ რჩებოდათ ქოხმახებში ცხოვრების გარდა.
ქალაქის სახლები და კვარტლები ქირაობენ დამცველებს, რომლებიც დღე და ღამე მუშაობენ. ტურისტებს არ ურჩევენ გამოაჩინონ ღირებული საგნები და იარონ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ღამის საათებში.
1998 წლის 7 აგვისტოს ქალაქში მოხდა ტერორისტული აქტი — ქალაქის ცენტრში ამერიკის საელჩოს აფეთქება, რასაც მოჰყვა 213 ადამიანის დაღუპვა და დაახლოებით 4000-მა ადამიანმა მიიღო სხვადასხვა ხარისხის სიმძიმის ჭრილობა, რის შემდეგაც ტურისტების ნაკადი ნაირობიში მკვეთრად შემცირდა.
2013 წლის 21 სექტემბერს შეიარაღებული პირების ჯგუფი შევარდა „Nakumatt Westgate-ის“ სავაჭრო ცენტრში და ცეცხლი გაუხსნა იქ მყოფ ადამიანებს. დაიღუპა 60-ზე მეტი ადამიანი. დაიღუპნენ და დაიჭრნენ ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთის, განის, ინდოეთის, კანადის, ჩინეთის, ნიდერლანდების, ახალი ზელანდიის, პერუს, აშშ-ის, საფრანგეთისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოქალაქეები. „აშ-შაბაბის“ დაჯგუფება, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო ტერაქტზე პასუხისმგებლობა, განაცხადა, რომ სამაგიეროს უხდის კენიას მისი ჯარის მიერ სომალის ტერიტორიაზე მისი დაჯგუფების წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობისთვის.
განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უმაღლესი განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქში არსებობს რამდენიმე უნივერსიტეტი, ნაირობის უნივერსიტეტის, კენიატას უნივერსიტეტის და სხვების ჩათვლით.
კულტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნაირობის მუზეუმები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კენიის ეროვნული მუზეუმი
- ნაირობის რკინიგზის მუზეუმი (ინგლ. Nairobi Railway Museum) გაიხსნა ნაირობის რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე 1971 წელს[28].
ნაირობის თეატრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კენიის ეროვნული თეატრი (ინგლ. Kenya National Theatre) კენიის დედაქალაქში გაიხსნა 1952 წელს; ექვემდებარება კენიის კულტურის ცენტრს, რომელიც ეროვნული შთამომავლობის და კულტურის ნახევრადავტონომიური სააგენტოა[29].
პარკები და ბაღები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნაირობიში არსებობს ბევრი პარკი და მოედანი. ქალაქის დიდი ნაწილი ხეებითაა დარგული[30]. ნაირობის ყველაზე უფრო ცნობილი პარკია — უჰურუ. ის ესაზღვრება ცენტრალურ საქმიან რაიონს და აპერ ჰილს. უჰურუს (თავისუფლება) პარკი სახალხო გამოსვლების, ღვთისმსახურების და მიტინგების ჩატარების ადგილია. კენიის ყოფილ პრეზიდენტ დანიელ არაპ მოის პარკის ადგილზე უნდოდა აეშენებინა 62 სართულიანი შენობა თავისი პარტიისათვის[31], მაგრამ, 2004 წლის მშვიდობის განმტკიცების დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის, აქტივისტ ვანგარი მაატაის ძალისხმევით, პარკი დანგრევას გადაურჩა.
ცენტრალური პარკი ესაზღვრება უჰურუს პარკს და იქ მდებარეობს კენიის პირველი პრეზიდენტის ჯომო კენიატას მემორიალი. ქალაქში ასევე მდებარეობს ჯავანის ბაღები, სიტი პარკ დენდრარიუმი.
დამეგობრებული ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნაირობი დამეგობრებულია შემდეგ ქალაქებთან:
- აშშ, დენვერი — 1975 წლიდან[32].
- აშშ, როლი[33].
- ბრაზილია, რიო-დე-ჟანეირო
- ჩინეთი, კუნმინი[34]
- ჩინეთი, პინსიანი — 2013 წლიდან[35]
- ვენესუელა, კოლონია ტოვარი (ესპ. Colonia Tovar)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნაირობი – ენციკლოპედია ბრიტანიკა (ინგლისური)
- ნაირობი – ოფიციალური საიტი დაარქივებული 2012-07-22 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ გაერთიანებული ერების უნივერსიტეტი. Nairobi: National capital and regional hub. unu.edu. ციტირების თარიღი: 2007-06-17.
- ↑ Paul Reiter (5 დეკემბერი 2009). „The inconvenient truth about malaria“. Spectator.
- ↑ RCBowen Kenya. Attractions of Nairobi. kenya.rcbowen.com. ციტირების თარიღი: 2007-06-18.
- ↑ Merriam-Webster, Inc (1997). მერიამ-ვებსტერის გეოგრაფიული ლექსიკონი. მერიამ-ვებსტერი, გვ. 786. ISBN 0-87779-546-0.
- ↑ აშშ-ის საელჩო. საელჩოს დაბომბვის ოთხი წლის თავზე მოწყობილი მემორიალი. usembassy.gov. ციტირების თარიღი: 2007-06-17.[მკვდარი ბმული]
- ↑ Perceptive Travel. Nairobi by Degrees. perceptivetravel.com. ციტირების თარიღი: 2007-06-14.
- ↑ The East African. (1998-11-02) Karura: Are We Missing the Trees for the Forest? (html). nationmedia.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-27. ციტირების თარიღი: 2007-06-14.
- ↑ Gaisma. Nairobi, Kenya - Sunrise, sunset, dawn and dusk times, table (html). gaisma.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-12. ციტირების თარიღი: 2007-06-22.
- ↑ World Travels. Nairobi Climate and Weather (html). wordtravels.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-12. ციტირების თარიღი: 2007-06-14.
- ↑ United Nations. Travel and Visa Information (html). unhabitat.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-12. ციტირების თარიღი: 2007-06-20.
- ↑ Geohive. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-03. ციტირების თარიღი: 2015-12-02.
- ↑ Nairobi City Council. Living in Nairobi (html). nairobicity.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-25. ციტირების თარიღი: 2007-06-20.
- ↑ Monsters and Critics. Urban Somali refugees call Nairobi's "Little Mogadishu" home (html). news.monstersandcritics.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-12. ციტირების თარიღი: 2007-06-20.
- ↑ Live Trading commences at Nairobi Stock Exchange. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-03. ციტირების თარიღი: 2015-12-03.
- ↑ Business Daily. General Electric moves Africa's hub to Nairobi. bdafrica.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-28. ციტირების თარიღი: 2007-06-18.
- ↑ Press Media Wire. Cisco Inaugurates East African Headquarters in Nairobi. pressmediawire.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-12. ციტირების თარიღი: 2008-07-20.
- ↑ Kenya Airports Authority. Welcome to Jomo Kenyatta Intl. Airport. kenyaairports.com. ციტირების თარიღი: 2007-06-25.
- ↑ Kenya Airports Authority. (2009-09-22) JKIA Voted Best Marketed Airport In Africa Once Again. kenyaairports.co.ke. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-12. ციტირების თარიღი: 2010-01-14.
- ↑ JKIA Airport Expansion Plans
- ↑ United Nations Offices Nairobi Interns. როგორ ვიაროთ ნაირობიში (ინგლ.). interns.unon.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-06-17. ციტირების თარიღი: 2007-07-05.
- ↑ „Crackdown hits Kenyan commuters“. BBC. 2004-02-02. ციტირების თარიღი: 2006-07-03.
- ↑ Emily Badger, This Is What Informal Transit Looks Like When You Actually Map It დაარქივებული 2014-02-04 საიტზე Wayback Machine. , Feb 03, 2014
- ↑ Kenya Wildlife Service – Nairobi National Park. kws.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-10-11. ციტირების თარიღი: 30 December 2009.
- ↑ BBC NEWS|World|Africa|East Africa’s ice skating first
- ↑ „Living amidst the rubbish of Kenya's slum“ (ინგლისური). BBC News. 20 September 2005. ციტირების თარიღი: 2011-02-06.
- ↑ What is Kibera?. CSG Kibera. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-12. ციტირების თარიღი: 2011-02-06.
- ↑ „U. N. Starts Crime Study in Kenya's Capital“ (ინგლისური). Xinhua News Agency. 28 April 2001. ციტირების თარიღი: 2011-02-06.
- ↑ NAIROBI RAILWAY MUSEUM. Kenya Railways Corporation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-17. ციტირების თარიღი: 2014-03-12.
- ↑ britannica
- ↑ Travel Blackboard. Nairobi (html). etravelblackboard.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-12. ციტირების თარიღი: 2007-06-25.
- ↑ The Standard. Kenyans must have a sustained campaign against land grabbing (html). eastandard.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-13. ციტირების თარიღი: 2007-06-25.
- ↑ Sister Cities International. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-12. ციტირების თარიღი: 2015-12-03.
- ↑ Raleigh, North Carolina. Sister Cities International. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 მაისი 2013. ციტირების თარიღი: 29 January 2013.
- ↑ Denver Mayor Michael Hancock gets set for African trip. Blogs.denverpost.com (2013-04-18). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-02. ციტირების თარიღი: 2013-12-12.
- ↑ Coastweek Kenya. The most from the coast. Coastweek. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-13. ციტირების თარიღი: 2013-12-12.
|
|